რატომ ალაპარაკდა თბილისი ვაშინგტონთან ურთიერთობებში „სისუსტეებზე“

23-02-2024 20:01:41

საქართველოში, მათ შორის, მმართველი გუნდის წევრების ჩართულობით გაჩაღებული ანტიამერიკული კამპანიის ფონზე, რომელმაც განსაკუთრებით ინტენსიური სახე ბოლო ორ წელიწადში მიიღო, თბილისი მოულოდნელად ამერიკასთან სტრატეგიულ ურთიერთობებში „სისუსტეების“ არსებობაზე ალაპარაკდა. ეს პრობლემების მაღალ დონეზე აღიარების პირველი შემთხვევაა, თუმცა საგულისხმოა, რომ საქართველოს მთავრობა მასზე პასუხისმგებლობას ვაშინგტონს აკისრებს და ინტერესის „შესუსტებაზე“ აქცენტირებს, რასაც ბევრი არ იზიარებს.

რა მოხდა?

ბრიუსელიდან დაბრუნებულ პრემიერ–მინისტრს პირველი საგარეო ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს პრემიერის რანგში პირველად ჯერ ჩინეთის და შემდეგ აშშ–ის ელჩთან შეხვედრის შესახებ, ხომ არ იყო ეს ერთგვარი პოლიტიკური გზავნილი პრიორიტეტული ურთიერთობების კუთხით?

კობახიძემ უპასუხა, რომ „პრიორიტეტები არის არა მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული, ურთიერთობა არის ორმხრივი საქმე, შესაბამისად, პრიორიტეტებიც განისაზღვრება ორმხრივად“.

ამ კონტექსტში მან შეადარა საქართველოსადმი ჩინეთისა და აშშ-ის დამოკიდებულება, ხაზი გაუსვა ჩინეთის მზარდ ინტერესს, ხოლო აშშ-ის შემცირებულს ისე, რომ არ უსაუბრია ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ამერიკის როლზე და მის მზარდაჭერის მასშტაბებზე.

„მაგალითად, გვაქვს ძალიან გააქტიურებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკურ პროექტებში ძალიან აქტიურად არიან ჩართული ჩინური კომპანიები, რაც არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სათანადოდ განხორციელდეს შესაბამისი პროექტები. გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელმოწერილი ჩინეთთან, რამაც ხელი შეუწყო ამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. გვაქვს პირდაპირი ფრენები ჩინეთთან, ასევე ნახეთ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩასული ჩინეთში, მას უმაღლეს დონეზე მოუწყვეს დახვედრა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება აშშ–ს „შესუსტებულ ინტერესზე“ გაამახვილა ყურადღება:

"რაც შეეხება აშშ-ს, აქ წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე გარკვეული გამოვლინება იმისა, რომ თითქოს შესუსტებული იყო სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით ინტერესი, რაც ნუ ჩვენთვის სამწუხარო განვითარება იყო. კონკრეტულ დეტალებშიც იყო ეს გამოხატული, მაგალითად, უმაღლესი დონის ვიზიტები არ შემდგარა ქვეყნებს შორის უკვე არაერთი წელია, დაახლოებით, 6-7 წელი იქნება. ეს გამოიხატება მათ შორის პროტოკოლურ საკითხებში, მაგალითად, მილოცვები რომ ავიღოთ, დაახლოებით მე-8 წელია, უმაღლეს დონეზე არც ერთ პრეზიდენტს თუ პრემიერს არ მიუღია მილოცვა აშშ-დან. არის შედარებით საშუალო დონე, რა დონეზეც იგზავნება ეს მილოცვები. სავაჭრო-ეკონომიკური კუთხითაც არ გვაქვს მაინც და მაინც კარგი ვითარება, არ გვაქვს პირდაპირი ფრენა, უვიზო მიმოსვლა. ეს ყველაფერი საჭიროებს გაუმჯობესებას. დღეს გვქონდა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან. მასთან გვქონდა გულწრფელი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გამოიხატა სურვილი, რომ უმჯობესია უფრო ინტენსიური იყოს სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს შორის“.

ვისია ბრალეულობა?

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია პრემიერის მიერ შემოთავაზებულ ვერსიას კატეგორიულად არ იზიარებს.

„მოცემულობაში, როდესაც აშშ არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, მათ შორის იმ სამთავრობო პროგრამით, რომელიც ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა პარლამენტში და ამის დაკნინება მსგავსი ფორმულირებით ხდება, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ თავისი ახალი პრემიერით ძირს უთხრის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც სუს–ის ანგარიშის მიხედვით, მოწინააღმდეგე ქვეყნის ინტერესია“,– ამბობს „აქცენტთან“ დეპუტატი.

ის იხსენებს შეერთებული შტატების ყოფილ ელჩზე თავდასხმების სერიას, სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხს, რომ ელჩი წარმოადგენს ქვეყანას, შესაბამისად, „ეს თავდასხმები ამ შემთხვევაში შეერთებულ შტატებზე იყო“. ასევე იხსენებს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები, დეპუტატის ინფორმაციით, დიდი ხანია, არ ჩატარებულა:

„ეს ასევე აჩვენებს [ურთიერთობაში] შემცირებულ დინამიკას, თუმცა ბრალეულობა „ქართული ოცნებისაა“ და არა სტრატეგიული პარტნიორის. და მაშინ, როდესაც მაგალითად, უკრაინამ ბოლომდე განაახლა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დეკლარაცია, ეს საქართველოს მთავრობას არ გაუკეთებია, არ უმუშავია“.

საქართველოს მიმართ აშშ–ის ინტერესი არ შემცირებულა, თუ შევხედავთ მხარდაჭერის მასშტაბს, რაც ქვეყანას აქვს, – ამბობს დეპუტატი და ამ კონტექსტში ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, თავდაცვის სფეროში აშშ–საქართველოს შორის პარტნიორობის მნიშვნელობაზე; საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართულებით ორპარტიული მხარდაჭერის აქტზე, „რომელიც არაღიარების კუთხით მნიშვნელოვანი ბერკეტია“.

„მაგრამ თუ არ მუშაობს მთავრობა, ბუნებრივია, ეს საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს უქმნის პრობლემებს“,– ხაზს უსვამს დეპუტატი.

„როდესაც „ქართული ოცნების“ ბრალეულობა ჩანს, მათ შორის – სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შეხვედრების ჩაუტარებლობაში, თავდასხმებში, გასაგებია მსგავსი ნარატივი რა პოლიტიკური „ნიავიც“ არის. მოცემულობაში, ბრიუსელიდან ახლად ჩამოსული პრემიერი რომ ჯერ ჩინეთის ელჩს ხვდება, ესეც ხომ პოლიტიკური გზავნილია?! ამ შემთხვევაში ჩინეთს არ ვერჩი, მაგრამ როდესაც მთავარი სტრატეგიული პარტნიორად აშშ გვყავს, ხოლო პრემიერის გზავნილი განსხვავებულია, ესეც პოლიტიკური ნების მაჩვენებელია“,– დარწმუნებულია დეპუტატი.

არც „ჯეოქეისის“ თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი გიორგი ანთაძე იზიარებს პრემიერის გზავნილს ინტერესის შესუსტებაზე და ფიქრობს, რომ პრობლემა სხვაგან უნდა ვეძებოთ:

„პათოსი გასაგებია, გარკვეულწილად ეს რეალობა დგას, მაგრამ არის ამის მიზეზი ინტერესის არარსებობა თუ კომუნიკაციის ნაკლოვანებები, ეს გასარკვევია. არ მაქვს საფუძველი, ვთქვა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, კომუნიკაციის ყველა ხერხი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ასეთ დონეზე არ იყოს [ურთიერთობები]. აშშ–ს ყოველთვის ექნება რეგიონის მიმართ თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები (მით უმეტეს, ახლა და ვნახოთ, როგორ დასრულდება უკრაინის ომი), მაგრამ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს მიმართ განელდა ინტერესი, არ შეიძლება. ვფიქრობ, კომუნიკაციაშია საძიებელი პრობლემა და ეს ორივე მხარეს ეხება. მეტი პროაქტიულობა მართებს ქართულ მხარესაც, მეტის მოთხოვნა ამერიკისგან – თავად უნდა შესთავაზო საკითხები, სფეროები, რაც კიდევ უფრო გაზრდის ინტერესს შენი ქვეყნის მიმართ“,– ამბობს „აქცენტთან“ მკვლევარი და იქვე წუხილით დასძენს, რომ „ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა, რომელსაც ჩვენ ვუსმენ ხოლმე პირველი პირებისგან, ამას ხელს ნამდვილად არ უწყობს“.

რაც შეეხება მოტივაციას, აქუბარდია გვირჩევს, დავაკვირდეთ, „როგორ ვითარდება ოკუპირებულ რეგიონებში პროცესები“, სადაც USAID-ის საქმიანობას კრძალავენ, „რუსეთისთვის მთავარი მოწინააღმდეგე დასავლეთი და შეერთებული შტატებია, ამ ვითარებაში გასაგებია, ვის აძლევს ხელს მთელი ეს ნარატივები, ეს პოლიტიკა – რუსეთის ინტერესების გაძლიერების ირიბი შესაძლებლობა ხდება, თუ არა პირდაპირი“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები