აშშ-ის დახმარება ჯანდაცვაში დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე

28-12-2023 12:33:38 ინტერვიუ

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც განსაკუთრებით გააქტიურდა რუსული სადეზინფორმაციო პროპაგანდა, რომლის ერთ-ერთი საკვანძო მიზანი დასავლეთის დემონიზებაა. ათასგვარი ანტიდასავლური ნარატივებით ცდილობენ საზოგადოებრივ განწყობებზე ზემოქმედებას ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების კონტექსტში. სადეზინფორმაციო პროპაგანდასთან გამკლავების საუკეთესო გზა კი ადამიანთა სწორად ინფორმირებაა. ამდენად, გვსურს, კვლავაც ვისაუბროთ იმ მხარდაჭერასა და მის შედეგებზე, რომელსაც საქართველო დასავლეთის ქვეყნებისგან, უპირველესად კი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ისგან ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვებისა და უმძიმესი კრიზისების წინაშე აღმოჩენის დროიდან იღებდა და იღებს დღესაც. ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ სამედიცინო მიმართულებაზე, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის აქტუალურია.

რა როლი აქვს აშშ–ს ქართული ჯანდაცვის მხარდაჭერაში? როგორ ხდება კონკრეტული მიმართულებების დიფერენცირება მხარდაჭერის გადაწყვეტილების მიღებისას? რატომ არის ლუგარის ლაბორატორია წლების განმავლობაში რუსული შეთქმულების თეორიების სამიზნე? რომელი პროექტი აღძრავს სიამაყის განცდას? – ამ და სხვა კითხვებით "აქცენტმა" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართა. პასუხები საელჩოს პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა მოამზადა.

- შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან აშშ საქართველოს პირველი დონორი ქვეყანა იყო როგორც ფინანსური, ასევე ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების კუთხით. როგორც ვიცით, ეს მხარდაჭერა სამ კომპონენტს მოიცავს...

- შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემების გადასაჭრელად ერთობლივი მუშაობა 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან დაიწყეს, რამაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა და საქართველოს მოსახლეობა დაიცვა. ამ მიმართულებით ძალისხმევა აშშ–სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან მალევე დაიწყო დაავადებათა გამოვლენისა და პრევენციის კუთხით. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა სისტემამ ერთობლივად გამოიკვლიეს დიფტერიის ეპიდაფეთქება [დიფთერია მწვავე ინფექციური დაავადებაა, ხასიათდება ნუშურების, ხახის, ცხვირის, ხორხის, ტრაქეის, ზოგჯერ თვალისა და გენიტალიების, იშვიათად კანისა და სხვა ორგანოების ლორწოვანი გარსების ფიბრინული ანთებითა და ზოგადი ინტოქსიკაციით. 90-იან წლებში საქართველოში დიფთერიის ეპიდემია დაიწყო, რომელიც გაგრძელდა 90-იანი წლების ბოლომდე, დაფიქსირდა 1500-ზე მეტი შემთხვევა, მათ შორის - 150-მდე ლეტალური – რედ.] ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბდა "საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი" (NCDC), რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის წამყვან დაწესებულებად იქცა.

ჩვენი პარტნიორობა მუდმივად აძლიერებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობებს მართოს დაავადების საფრთხეები. მაგალითად,. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) დააფინანსა საქართველოში 0-12 თვის ბავშვებში ჩატარებული იმუნიზაცია ხოლო თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA) და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტი (WRAIR) ქართველ პარტნიორებთან ერთად განაგრძობენ მუშაობას ხალხის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების შესაძლებლობების განვითარება აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერის ძირითადი კომპონენტია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში მდგრადი ინიციატივების განსახორციელებლად. 2009-დან 2018 წლამდე პერიოდში CDC–მ გადაამზადა საქართველოში მომუშავე 100-ზე მეტი ეპიდემიოლოგი ორწლიანი საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სასწავლო პროგრამის (FELTP) ფარგლებში. FELTP–ის კურსდამთავრებულები მონაწილეოებდნენ ეპიდაფეთქების გამოვლენაში, მათ შორის COVID-19–ის ეპიდემიის, როგორც საქართველოში ასევე მთელს რეგიონში. 2022 წელს CDC-მ წამოიწყო საველე ეპიდემიოლოგიის 10-თვიანი სასწავლო პროგრამა (FETP), გამოიყენა რა საქართველოს გამორჩეული რეპუტაცია, რათა მოემზადებინა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები 5 ქვეყნიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინი). 2017 წლიდან CDC-ს მხარდაჭერით NCDC-მ გახსნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების მართვის რეგიონული ცენტრები და სწავლება ჩაუტარდა ცენტრის პერსონალს, გადამზადდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის 500-მდე პროფესიონალი რომ შეძლონ ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენცია, დაავადებების დადგენა ლაბორატორიული დიაგნოსტიკის საშუალებით და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადაუდებელი შემთხვევების სწრაფი იდენტიფიკაცია; შექმნა ეფექტური გადაუდებელი ოპერაციების შესაძლებლობა, მათ შორის ხუთ რეგიონში მოამზადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების მართვის სწრაფი რეაგირების ჯგუფების 90 მონაწილე

- დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამები, სამედიცინო განათლება, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარება, ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა...- ეს მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩამონათვალია აშშ–ის მხრიდან მხარდაჭერილი საქართველოს ჯანდაცვის მიმართულებებისა.. ვისაუბროთ ამ მხარდაჭერასა და მის შედეგებზე.

საუკუნის მეოთხედზე მეტის განმავლობაში საქართველოში არსებული ჯანმრთელობის საჭიროებებზე საპასუხოდ აშშ-ის ხელისუფლება თანამშრომლობდა ქვეყნის მთავრობის ყველა დაინტერესებულ მხარესთან. . წლების განმავლობაში აშშ-ის სამთავრობო უწყებები მხარს უჭერდნენ ქვეყნის ძალისხმევას აღნიშნული მიმართულებით,მათ შორისაა:

გაუმჯობესებული შედეგები დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით: USAID მუშაობდა ქართველ პარტნიორებთან ერთად მშობიარობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვისთვის, რომელმაც მშობიარობის შემდგომი სისხლდენა, [მშობიარობასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მთავარი გამომწვევი მიზეზი] შეამცირა საწყისი 10% დან 1%-მდე. საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციასთან პარტნიორობით , USAID-მა შეიმუშავა დედათა და ბავშვთა ზრუნვის გაიდლაინები, რომელიც იყო სტანდარტიზებული და დაინერგა კლინიკურ პრაქტიკაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, USAID-ის ხელშეწყობით ჯანდაცვის ასობით ქართველი პროფესიონალი გადამზადდა ეფექტური პერინატალური ზრუნვის (EPC) საკითხებში. 2014 წლისთვის საქართველოში არსებული სამეანო პერსონალის ნახევარზე მეტი გადამზადდა და სამშობიარო განყოფილებებისა და დაწესებულებების ნახევარზე მეტი აღიჭურვა USAID-ს მიერ, რათა უზრუნველყოფილიყო EPC და ოჯახზე ორიენტირებული ზრუნვა, რაც საქართველოში წლიური მშობიარობის დაახლოებით 80%–ს ფარავდა. აშშ-ის მთავრობამ ასევე მხარი დაუჭირა საქართველოში ხუთ წლამდე ასაკის ყველა ბავშვისთვის რუტინულ იმუნიზაციას

თანამედროვე სამედიცინო განათლება: USAID თანამშრომლობს წამყვან სამედიცინო სასწავლო დაწესებულებებთან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ), დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი (აიეტი), შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ბათუმის სამედიცინო სკოლა, ქუთაისის სამედიცინო უნივერსიტეტი და თბილისის პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემია, სასწავლო გეგმისა და სასწავლო მეთოდოლოგიის განახლების მიმართულებით. ამ პარტნიორობის შედეგად საქართველოში პირველად განახორციელდა და დაინერგა ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE), რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტების კლინიკური უნარების შეფასების ყველაზე ეფექტური მეთოდია, 2014 წელს კი ჩაატარა პირველი OSCE გამოცდა თსსუ-ს 500-ზე მეტი სტუდენტისთვის. USAID-მა შექმნა საჯარო კერძო პარტნიორობა ემორის უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და შპს "Foresight Investment Group"-ს შორის, რომლის ფარგლებში 2020 წელს თბილისში „კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა” გახსნა და ამჟამად ძირითადი კლინიკური სასწავლო ბაზაა რეაბილიტაციისა და ფიზიოთერაპიის სტუდენტებისთვის.

ჯანდაცვის მართვის გაძლიერება: USAID-მა შეიმუშავა და დანერგა ჯანდაცვის მართვის ეროვნული საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ყველა ბიზნეს-პროცესს და წარმოადგენს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირების ძირითად ინსტრუმენტს. უფრო ეფექტურმა პროცესებმა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ჯანდაცვის შედეგები გააუმჯობესა.

ტუბერკულოზის (TB) მართვის გაუმჯობესებული შესაძლებლობები: USAID-ს მიერ მხარდაჭერილი პროგრამების ფარგლებში გაძლიერდა ტუბერკულოზის შემთხვევების დიაგოსტიკა და გააუმჯობესდა მკურნალობის ხარისხი, გარდა ამისა, ათასობით ექიმი და მედდა გადამზადდა. USAID-ის მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ტუბერკულოზის კონტროლის კანონის მიღებაც, რათა უზრუნველყოფილი იყოს ტუბერკულოზთან დაკავშირებული სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი. ამასთანავე, USAID-მა დანერგა ტუბერკულოზის მართვის ელექტრონული ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს ტუბერკულოზის მონაცემების რეალურ დროში თვალყურის დევნებას და ხელს უწყობს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას. USAID ასევე დაეხმარა ტუბერკულოზის მართვის უახლესი გაიდლაინების დანერგვას და მხარი დაუჭირა ტუბერკულოზის ახალი მედიკამენტებისა და თანამედროვე სამკურნალო სქემების განხორციელებას განსაკუთრებულად საშიში წამლისადმი რეზისტენტული ფორმების მკურნალობის მიზნით.

მსოფლიოში პირველი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის დაწყება: 2015 წელს დაავადებათა კონტროლის ეროვნულლმა ცენტრმა CDC-სთან და Gilead-თან თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო პროგრამა, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოში 2,3 მილიონზე მეტი სკრინინგ-ტესტის ჩატარებასა და 80 000-ზე მეტი ადამიანის მკურნალობაში ჩართვას. დღეისათვის 98%-ზე მეტი პაციენტი, რომელმაც მკურნალობა დაასრულა, განიკურნა სიცოცხლისთვის საშიში ამ სენისგან. 2022 წელს NCDC დასახელდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ვირუსული ჰეპატიტის ელიმინაციის თანამშრომლობის ცენტრად, რაც ნიშნავს, რომ NCDC ხელს შეუწყობს ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნულ გეგმებს, მათ შორის ტესტირების სტრატეგიებსა და დიაგნოსტიკურ ლაბორატორიულ შესაძლებლობებს რეგიონში. CDC აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და ამჟამად ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს მსგავსი პროგრამების განხორციელებას რეგიონში. სულ ახლახანს NCDC მასპინძლობდა სასწავლო ტურებს აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან და თურქმენეთიდან. 2022 წლის დასაწყისში CDC-მ დააფინანსა NCDC–ს ექსპერტები, რათა ემუშავათ უზბეკეთში C ჰეპატიტის ელიმინაციაზე.

საქართველოში პანდემიისთვის მზადყოფნის შესაძლებლობები გაძლიერდა: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დაეხმარა საქართველოს, პანდემიის საწყის ეტაპზევე ჩაეტარებინა დიდი რაოდენობის ტესტირება COVID-19-ზე და აღმოეჩინა COVID-19–ის ვარიანტები მცირე დამატებითი საერთაშორისო დახმარებით. COVID-19–ის პანდემიის დროს საქართველომ დააწესა მოთხოვნები საეჭვო შემთხვევების აღრიცხვისა და ტესტირების შესახებ. ვინაიდან ლაბორატორიული ქსელის უმეტესი ნაწილი კერძო იყო, მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა ტესტირების სიზუსტის უზრუნველყოფა. CDC-ს მხარდაჭერით საქართველომ დააფუძნა ასევე PCR ტესტირების ხარისხის უზრუნველყოფისა და კონტროლის სისტემა C ჰეპატიტის ვირუსისთვის. ეს იყო CDC-ს წვლილის ნაწილი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით კერძო ლაბორატორიებში განხორციელდა. NCDC-მ მოახდინა ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰეპატიტის კონტროლის ხარისხის ადაპტირება COVID-19–ის ტესტირებისათვის, რამაც შესაძლებელი გახადა უფრო მეტი რაოდენობით ზუსტი ტესტირების ჩატარება სხვა ქვეყნებთან შედარებით პანდემიის განმავლობაში. შედეგების ანგარიშგების პროცესიგამჭვირვალე იყო და სრულად ხელმისაწვდომი ჯანმო-სა და ქართული საზოგადოებისთვის.

ანტიბიოტიკორეზისტენტული პათოგენების გამოვლენისა და კონტროლის გაუმჯობესება: საქართველოსა და მთელს რეგიონში ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR) საფრთხის აღმოსაფხვრელად აუცილებელია ხარისხით უზრუნველყოფილი ლაბორატორიული დიაგნოსტიკის არსებობა. როგორც ცნობილია, AMR-ის გაჩენა-გავრცელება (პათოგენების უნარი, დროთა განმავლობაში შეიცვალოს და დაამარცხოს მედიკამენტები, რომლებიც შექმნილია მათ მოსაკლავად), ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. 2023 წლის მაისში აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მხარდაჭერით, რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრის (GBL-LCPHR) გენერალურმა ბაქტერიოლოგიურმა ლაბორატორიამ მოიპოვა საერთაშორისო აკრედიტაცია, რათა განახორციელოს ხარისხის გარე უზრუნველყოფის (EQA) პროვაიდერის როლი AMR-ის გამოსავლენად საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის (EECA) რეგიონში.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკების გაძლიერება: 2022 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დახმარება სთხოვა CDC-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკების გაძლიერების სტრატეგიის შემუშავებაში. სტრატეგიაზე მუშაობა სავარაუდოდ, 2024 წლის დასაწყისში დასრულდება, ხოლო მისი განხორციელება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იგეგმება.

- სპეციალისტები ლუგარის სახელობის ლაბორატორიას ამერიკულ–ქართული თანამშრომლობის ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად ასახელებენ. შესაძლოა, მოქალაქეები ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ აღიქვამდნენ მისი არსებობის მნიშვნელობას, თუმცა პანდემიამ იგი საკმაოდ ნათლად გამოკვეთა, როდესაც ლუგარის ლაბორატორია კოვიდთან ბრძოლაში ერთ–ერთ საკვანძო ცენტრს წარმოადგენდა. თქვენ როგორ ხედავთ მის მნიშვნელობას და როგორ ფიქრობთ, მაინც რატომ არის ის ამდენი წლის განმავლობაში რუსული შეთქმულების თეორიების სამიზნე?

- თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA) რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრის მშენებლობა 2011 წელს დაასრულა. 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც ცენტრი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC)-ს მფლობელობაში გადავიდა, ლუგარის ლაბორატორია აგრძელებს განვითარებასა და ადამიანთა სიცოცხლეების გადარჩენას. COVID-19-ის პანდემიის დროს დიაგნოსტიკური ტესტირებისა და მართვის კუთხით ლუგარის ცენტრის ეფექტურმა მუშაობამ, მათ შორის კონტაქტების მოკვლევამ, იზოლაციის რეკომენდაციებმა და დადასტურებული შემთხვევების მონიტორინგმა, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებებს სწრაფი რეაგირების საშუალება მისცა.

ლუგარის ცენტრმა ტექნიკური ექსპერტიზა საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას გაუზიარა, რათა დახმარებოდნენ მეზობელ ქვეყნებს (სომხეთს, აზერბაიჯანს) COVID-19-ის დაძლევაში.

ლუგარის ცენტრი აგრძელებს საქართველოს მასშტაბით დაავადებათა პრევენციასა და მართვაზე მომუშავე ლაბორატორიების მხარდაჭერას. ამასთან, ლუგარის ცენტრი მსოფლიო ლიდერია ანტიმიკრობული რეზისტენტობის იდენტიფიცირების საკითხში, რომელიც ჯანმო-ს მიერ გლობალურ საფრთხედ არის გამოცხადებული.

ლუგარის ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება გენომური სექვენირების პროცესი, როდესაც ხდება ორგანიზმიდან ან ვირუსიდან აღებული გენეტიკური მასალის წაკითხვა. ნიმუშებში არსებული თანმიმდევრობის შედარებით მეცნიერებს შეუძლიათ მიადევნონ ვირუსის გავრცელებას, ვირუსის ცვლილებებს და აგრეთვე იმას, თუ რა ზეგავლენას ახდენს ეს ცვლილებები საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზ, ყოველივე ამან გააძლიერა ინფექციის ეპიდაფეთქებაზე პასუხი საქართველოში.

COVID-19-ის გარდა, ლუგარის ცენტრმა საქართველოში C ჰეპატიტის პრევალენტობა 2 პროცენტამდე შეამცირა და ხელი შეუწყო B ჰეპატიტის კონტროლის კუთხით ევროპული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას, რაც დედიდან ბავშვზე B ჰეპატიტის გადაცემის ელიმინაციას გულისხმობს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალებისა და მეცნიერების შრომისმოყვარეობის წყალობით ლუგარის ცენტრი წარმოადგენს თანამედროვე დაწესებულებას, რომელიც ძირითადი ოპერატიული ღონისძიებების საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. მან გააუმჯობესა, მაგალითად, ნიმუშების შენახვის უსაფრთხოება ქართულ სამედიცინო კვლევებში გამოსაყენებლად. სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით ცენტრმა შექმნა ლაბორატორიული მარაგების შესყიდვის მდგრადი სისტემა. პერსონალის პროფესიონალიზმის განვითარების მიზნით კი ლუგარის ცენტრში დაარსებული ტრენინგები ჩაუატარდა ქართველ ლაბორანტებს, ექიმებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებს.

დეზინფორმაცია ზიანს აყენებს ლუგარის ცენტრის პროფესიონალების, საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მუშაკების თავდადებას, რომლებიც მშვიდობიანად ემსახურებიან ქართველებისა და გლობალური საზოგადოების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებს.

- უკვე ვისაუბრეთ დახმარების რამდენიმე მიმართულებაზე. მაინც როგორ ხდება კონკრეტული მიმართულებების დიფერენცირება მხარდაჭერის გადაწყვეტილების მიღებისას და შემდეგ როგორ ხორციელდება მონიტორინგი?

- DTRA-მ დახმარება გაუწია ქართულ საკუთრებაში არსებულ და ქართული მხარის მიერ ოპერირებულ 21 ლაბორატორიას, რომელიც საქართველოში ცხოველთა და ადამიანთა დაავადებების ზედამხედველობის ეროვნულ ქსელს წარმოადგენს. ამ ქსელს, რომელიც დაავადებათა გავრცელებას აკონტროლბს, საქართველოს მთავრობა 2018 წლიდან წარმატებით აფინანსებს. ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტებთან (როგორიცაა NCDC) თანამშრომლობით, აშშ-ის მთავრობა აგრძელებს პარტნიორობას საქართველოს ბიოუსაფრთხოებისა და ბიოზედამხედველობის გასაძლიერებლად. ​ბიოუსაფრთხოების კუთხით გაწეული ძალისხმევა ეხმარება საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს, რომ ლაბორატორიებში მუშაობდეს მომზადებული პერსონალი, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურით საერთაშორისო გაიდლაინების შესასრულებლად. ბიოზედამხედველობა აძლიერებს საქართველოს უნარს შეამციროს ბიოლოგიური საფრთხეები, განსაკუთრებით დაავადებების ეპიდაფეთქებები.

ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე აშშ და საქართველო თანამშრომლობენ მონიტორინგის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით - საქართველოსა და მთელს რეგიონში ისეთ ენდემურ დაავადებებზე როგორიცაა, მაგალითად, შავი ჭირი. ამ ძლიერი პარტნიორობის წყალობით საქართველოს მოსახლეობა დიდ სარგებელს იღებს ჯანდაცვის შედეგებით, თავად საქართველო კი აღიარებულია მსოფლიოში თავისი ტექნიკური ლიდერობითა და პროექტების მენეჯმენტით. ამჟამად 11 კვლევიდან სამში აშშ-ის მთავრობა პარტნიორობს საქართველოსთან. საქართველოს ინსტიტუტებმა (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC), სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ (SLA), სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (NFA) მიმართეს აშშ-ის მთავრობას დაფინანსებისთვის და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობისთვის.

თანამშრომლობის ბოლო თვალსაჩინო მაგალითები ასევე მოიცავს შემდეგს:

  • 2014 წელს საქართველო ერთ-ერთი პირველი შეუერთდა გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების დღის წესრიგს (GHSA) – გლობალურ ძალისხმევას, რათა მოხდეს ინფექციური დაავადებების საფრთხეების თავიდან აცილება, გამოვლენა და პასუხი. დღემდე GHSA-ს 70-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა და საქართველო ლიდერია ბიოზედამხედველობის ტექნიკურ სფეროში;

  • 2019 წელს საქართველომ ჩაატარა პირველი ერთობლივი გარე შეფასება (JEE), რომლის საჯარო შედეგებმა გამოავლინა ხარვეზები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში. ამან ბიძგი მისცა იდეას, შემუშავდეს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც ხარვეზების აღმოფხვრაზე იქნება მიმართული და ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფაში.

  • 2023 წლის აპრილში საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, ჯანდაცვის უსაფრთხოებისთვის ემსახურა აშშ-სთან ერთად, როგორც ინტენსიურ მხარდამჭერ პარტნიორ ქვეყანასთან. ზემოაღნიშნული წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს ინფექციურ დაავადებათა მართვის კუთხით თანამშრომლობისკენ, ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების ეროვნული ვალდებულებებისა და GHSA 2024–ის მიზნებისადმი ერთგულების შესაბამისად.

  • 2023 წლის სექტემბერში აშშ–ის CDC-მ და ჯანმო–მ მხარი დაუჭირეს ჯანმრთელობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს პირველ პოლიტიკის დიალოგს, როგორც კრიტიკულ ნაბიჯს საქართველოს სამინისტროებისა და სხვა პარტნიორების მოსაწვევად, წამოეწყოთ საქართველოს ჯანდაცვის უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება. მოუთმენლად ველით, საქართველომ უმასპინძლოს პირველ სემინარს და დაიწყოს ჯანდაცვის უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება.

DTRA აგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობას სამონიტორინგო აქტივობებით, როგორიცაა რეგიონული ჩართულობა კვლევებში, საერთაშორისო კონფერენციებსა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობებში. საქართველო რეგიონალური ლიდერია, რომელიც თავის ტექნიკურ გამოცდილებას უზიარებს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას და აშშ-ის მთავრობა ამაყობს, რომ დგას ქართველი პარტნიორების გვერდით.

- ამდენწლიანი პარტნიორობისა და ჩადებული რესურსის გათვალისწინებით, რომელი პროექტი (ან პროექტები) იწვევს თქვენში სიამაყის განცდას და რატომ?

არსებობს არაერთი შესანიშნავი მაგალითი, რომელიც ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის ჯანდაცვის კუთხით არსებული პარტნიორობის მნიშვნელობას. მაგალითად, COVID-19-ის პანდემიის – თანამედროვე ეპოქაში ჯანმრთელობის ამ უდიდესი საფრთხის დროს საქართველომ მასზე მძლავრი რეაგირება მოახდინა. ამან ხაზი გაუსვა იმ ქართული ინსტიტუტების წარმატებას, რომლებიც ჩვენთან პარტნიორობით მუდმივად ვითარდებიან.

2021 წლის ივლისში აშშ-ის მთავრობამ CDC-ის შუამდგომლობით "Pfizer" ვაქცინის 500 000 დოზა გადასცა საქართველოს, რის შედეგადაც ვაქცინაციათა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. საკუთრივ USAID გადაუდებელ დახმარებას უწევდა საქართველოს 2020 წლის პანდემიის პირველი თვეებიდან. მან 5 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება მოახდინა დიაგნოსტიკის, ცნობიერების ამაღლებისა და პრევენციის საკითხებში გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამას მოჰყვა 2021 წელს 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მეორე ტრანშიც საქართველოს მთავრობის PROVAX-ის კამპანიის მხარდასაჭერად, რომლის ფარგლებშიც ხდებოდა ვაქცინაციის პოპულარიზება და საინფორმაციო ბრძოლა მის საწინააღმდეგო მითებთან. USAID-ის დახმარებამ ასევე გააძლიერა COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომა, მათ შორის - მცხეთასა და რუსთავში მასობრივი ვაქცინაციის ორი ცენტრის ფუნქციონირების მხარდაჭერით, სოფელ მუხრანში პირველადი ჯანდაცვის კლინიკის ვაქცინაციის განყოფილების დაარსებით, ასევე მიუწვდომელ ადგილებში პაციენტებთან მისასვლელად მობილური ვაქცინაციის ორი კლინიკის ფუნქციონირების ხელშეწყობით.

მთელი პანდემიის განმავლობაში CDC მხარს უჭერდა COVID-19–ის მონიტორინგსა და კვლევას. საქართველოს FETP-ს კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ კონტაქტების მოკვლევისა და საყოფაცხოვრებო გადაცემის გამოკვლევებში.

COVID-19-მა უბიძგა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემას, კიდევ უფრო გაეუმჯობესებინა მიდგომა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიმართ. COVID-19-თან დაკავშირებულმა ძალისხმევამ გამოიწვია ახალი პროცესების გამოყენება მომავალი მწვავე რესპირატორული და გრიპის მსგავსი დაავადებების გამოსავლენად. ამის კიდევ ერთი ინოვაციური მაგალითი იყო CDC-ს მხარდაჭერა ლუგარის ცენტრის სამუშაო პროცესების გამარტივებაში, რათა უზრუნველყოფილიყო გენომის უფრო სწრაფი ანალიზი და მაღალი ხარისხის მონაცემები. ეს საშუალებას აძლევს ექსპერტებს, თვალყური ადევნონ ინფექციური დაავადებების საფრთხეების ცვლილებებს, რათა უკეთ მოახდინონ მიდგომებისა და ინსტრუმენტების იდენტიფიცირება, მათ შორის - ჩამდინარე წყლების ზედამხედველობის სისტემების გამოყენების კუთხით.

სადღეისოდ აშშ-ის მთავრობა და მისი ქართველი პარტნიორები იყენებენ პანდემიის დროს მიღებულ გაკვეთილებს ლუგარის ცენტრში გენომური საუკეთესო გამოცდილებების ცენტრის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს ტრენინგებს, მენტორობას და ტექნიკურ მხარდაჭერას მთელი რეგიონის მასშტაბით.

ანალოგიურად, USAID-სა და ჯანმო–ს COVID-19–ზე რეაგირების მიმდინარე პროგრამაც ორიენტირებულია მონაცემთა უსაფრთხოებაზე და რეალურ დროში ანალიზზე. Ამასთან ერთად, ვაქცინაციის ადგილებზე პროგრამა აუმჯობესებს სამედიცინო ნარჩენების მართვის პროცედურებს და ხელს უწყობს საქართველოში სამედიცინო ნარჩენების არასათანადო მოპყრობასა და მართვასთან დაკავშირებული ზიანის შემცირებას.

პროგრამის ფარგლებში 600,000 აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობა და მარაგი ქვეყნის მასშტაბით 1,100-ზე მეტ სოფლის ამბულატორიაში განაწილდა, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო უსაფრთხო სამედიცინო ნარჩენების პრაქტიკა. პროგრამა ასევე ახდენს საქართველოს ჯანმრთელობის საინფორმაციო სისტემის (HIS) ოპტიმიზაციას ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემებისა (GIS) და მონაცემთა ვიზუალიზაციის შესაძლებლობების გაფართოებითა და HIS სისტემის კიბერუსაფრთხოების გაძლიერებით.

იქნება ეს ლუგარის ცენტრის დაარსება და ის, რომ სადღეისოდ ჩვენი ქართველი პარტნიორები ხელმძღვანელობენ მის, როგორც საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ქვაკუთხედის მუდმივ განვითარება-გაფართოებას; თუ მსოფლიოში პირველი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა; ან მძლავრი რეაგირება COVID-19-ის პანდემიაზე, - ნამდვილად შეგვიძლია, ვიამაყოთ ამ ძალისხმევით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები