რუსული პროპაგანდის სამიზნე ამჯერად ბათუმის პორტი გახდა

2019-01-17 16:01:18
6581

14 იანვარს ინტერნეტ-გამოცემა “PolitRUS.com”–ზე “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დირექტორ შოთა აფხაიძის ავტორობით ბათუმის პორტზე გამოქვეყნდა პროპაგანდისტული შინაარსის სტატია სათაურით: “სიკვდილის ტერმინალი”.

შოთა აფხაიძე სტატიაში ავითარებს აზრს,  თითქოს, „საქართველო სრულად არის ოკუპირებული აშშ-ის მიერ, მისი ხელისუფლება თეთრი სახლის თანხმობის გარეშე არც ერთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ იღებს. ქართველი ხალხის ნებასა და პროტესტს დაუფარავად იგნორირებენ. ასე იყო თბილისში “სიკვდილის ლაბორატორიის” შემთხვევაში, ასეა ბათუმში “სიკვდილის ტერმინალის” შემთხვევაშიც“.

პრორუსული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორის მტკიცებით, „რისკები მართლაც საკმაოდ მაღალია“. ავტორი ამ აზრის პროპაგანდირებისას „სანდო წყაროებს“ იშველიებს და საფრთხეთა რიგში ასახელებს „ქიმიურ შეტევასა და ტერორიზმს“.

 

სტატიაში განვითარებული აზრი პროპაგანდისტულია და დეზინფორმაციაა

სინამდვილეში, ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა იწყება. ტერმინალს ამერიკული უმსხვილესი საერთაშორისო კორპორაცია Trammo– და კომპანია Wondernet Express– ი ააშენებენ.

კომპანია Tramoo მთელ მსოფლიოში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტების დაცვითაა ცნობილი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალის მოწყობა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების რისკებს არ ქმნის. მეტიც, დღემდე ბათუმის საზღვაო ნავსადგური, ნაყარი ტვირთების ოპერირებას აწარმოებს ტრადიციული ტექნოლოგიით ღია სივრცეში, რაც განაპირობებს მტვრის გავრცელების მაღალ რისკს. ახალი პროექტით კი, ნაყარი ტვირთების გადასატვირთი ტერმინალის მოწყობა და ექსპლუატაციის პროექტი ითვალისწინებს, სპეციალური ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომლის საშუალებით ნაყარი ტვირთების მიღება, დასაწყობება და გადატვირთვა მოხდება დახურული ციკლით, რაც გამორიცხავს მტვრის ემისიის რისკებს.

ამერიკული კომპანია მულტიმოდალური ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტირებას გეგმავს. აღნიშნული პროექტის შემუშავებაში მონაწილეობენ ევროპის წამყვანი საპროექტო ინსტიტუტები და გემის დასატვირთი მოწყობილობებისა და სასაწყობე ტექნიკის მსოფლიოში უმსხვილესი მომწოდებლები.

 

რას ამბობენ ევროკავშირის ექსპერტები ბათუმის მულტიმოდალურ ტერმინალზე:

ევროკავშირის პროექტის “გარემოს ჯანმრთელობის ინსტიტუციური გაძლიერება საქართველოში” მუდმივი მრჩეველი, ევროკავშირის ექსპერტი  ჯორჯო არდუინოს განცხადებით,  ბათუმში მულტიმოდალური პორტის მშენებლობა „ეს გახლავთ ტექნოლოგიურად  ინოვატორული და ულტრათანამედროვე მეთოდი, რომელიც ნაყარი ტვირთების მართვის სრული ციკლის ეფექტურად განხორციელებასა და ტრანზიტს  უზრუნველყოფს“.

„ჩვენი პროექტი, საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის ინსტიტუციური გაძლიერებისკენაა მიმართული და იგი დასასრულს უახლოვდება. აღსანიშნავია, რომ ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, თქვენმა ქვეყანამ აიღო ვალდებულება გარემოს დაცვის მიმართულებით კანონმდებლობა გაუთანაბროს ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო სტანდარტებს. რაც შეეხება პროექტს ბათუმში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით გაკეთებულ ტერმინალს, რომელიც მოემსახურება  ნაყარი ტვირთების მართვის მიმარუთლებას ძალიან მნიშვნელოვანია, იგი ხელს შეუწყობს  ნარჩენებისა და ნაყარი ტვირთების მართვის უწყვეტი და სრულყოფილი ციკლის იმპლემენტაციას  ადგილობრივ დონეზე  და ასევე გარემოსთან თავსებადი და არასაზიანო პროცესების დანერგვას, რაც თავის მხრივ  ითვალისწინებს პროექტში მომუშავე მომსახურე პერსონალისა და მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ყოფნას;  ტექნიკური თვალსაზრისით, ეს გახლავთ ტექნოლოგიურად  ინოვატორული და ულტრათანამედროვე მეთოდი, რომელიც ნაყარი ტვირთების მართვის სრული ციკლის ეფექტურად განხორციელებას და ტრანზიტს  უზრუნველყოფს“ – აცხადებს ევროკავშირის ექსპერტი.

თავის მხრივ, იტალიის ლაციოს რეგიონის აზბესტის კვლევითი ცენტრის  ვიცე პრეზიდენტი,ევროკავშირის ექსპერტი ფულვიო კავარიანი აცხადებს, რომ ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა „ხელს შეუწყობს გარემოსა და ეკოლოგიური პრობლემების ხარისხობრივ გაუმჯობესებას“.

„ჩვენ ვიმყოფებით საქართველოში, რათა წვლილი შევიტანოთ გარემოს დაცვის მიმართულებით, ასევე ევროკავშირის და კონკრეტულად  იტალიური გამოცდილება გავუზიაროთ ქართველ კოლეგებს. კმაყოფილი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა გავცნობოდი, იმ თანამედროვე ტერმინალის მშენებლობას, რომელზეც მუშაობა ახლა მიმდინარეობს, კერძოდ ბათუმში. ის დახურული წესით და თანამედროვე აღჭურვილობით  შენდება. იგი   ხელს შეუწყობს გარემოსა და ეკოლოგიური პრობლემების ხარისხობრივ გაუმჯობესებას, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ტერმინალი შეამცირებს რისკებს მტვრის ნაწილაკებისა და სხვა  ნივთიერებების ჰაერში გაბნევას, ნაყარი ტვირთის  ტრანსპორტირების დროს. ვფიქრობ, ეს   კარგი დასაწყისია საქართველოსთვის გარემო პირობების გაუმჯობესებისთვის“ –  განაცხადა ექსპერტმა.