საპენსიო სააგენტოს მმართველობით სისტემას ცვლიან

07-05-2024 18:45:44 პოლიტიკა ,საზოგადოება

ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სისტემის ცვლილებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები ერთიანდება და მათ 15 წევრისგან დაკომპლექტებული საპენსიო ფონდის საბჭო ჩაანაცვლებს.

საპენსიო ფონდის 15 წევრიდან 2-ს საქართველოს მთავრობა დანიშნავს, დანარჩენ წევრებს კი კომისია აარჩევს, "რომელიც შერჩეულ კანდიდატებს დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს".

"კანონპროექტით კანონის მე-9 მუხლი განსაზღვრავს მმართველობითი საბჭოს სტრუქტურას, მოწყობას და მათ უფლება-მოვალეობებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონპროექტით გათვალისწინებული მმართველობითი სისტემის შესაბამისად, საპენსიო ფონდს ჰყავს ერთი უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვაზე. მმართველობითი საბჭო შედგება არანაკლებ 9, ხოლო არაუმეტეს 15 წევრისგან, რომელთაგან 9 წევრის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა 1 წევრს ნიშნავს თანამდებობრივად, ხოლო 9 წევრზე მეტის შემთხვევაში უფლებამოსილია თანამდებობრივად დანიშნოს 2 წევრი, დანარჩენი წევრები არიან პროფესიონალი, შერჩევის შედეგად დანიშნული წევრები. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრი ინიშნება 5 წლის ვადით და მათ შეარჩევს შესარჩევი კომისია, რომელიც შერჩეულ კანდიდატებს დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს". - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ცვლილებები შეეხება საინვესტიციო ლიმიტებსაც. კერძოდ, "საინვესტიციო ლიმიტებთან (მანდატის გაფართოებასთან) დაკავშირებით კანონპროექტი ითვალისწინებს სხვა აქტივების ჭრილში ლიმიტების გაზრდას 15%-მდე, 20%-მდე, 25%- მდე, აღნიშნული უზრუნველყოფს საპენსიო აქტივების ინვესტიციების მეტად დივერსიფიკაციის შესაძლებლობას, რაც დადებითად აისახება მონაწილეთა საპენსიო აქტივებზე, რადგან დივერსიფიკაცია სწორედ საპენსიო აქტივებზე ამონაგების გაზრდას შეუწყობს ხელს. თუმცა, ასეთი გავლენის წინასწარ შეფასება და ფინანსური შედეგების განსაზღვრა არ არის შესაძლებელი".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები