„მათთვის ეს შესაძლებლობა იყო, ეძიათ შური!“ – ტედ ჯონასი მისი ცემისა და დაკავების დეტალებს იხსენებს

02-05-2024 16:42:55 საზოგადოება ,კომენტარი

საქართველოში მცხოვრები ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი, რომელიც წლებია, საქართველოში ცხოვრობს და არის საქართველო–აშშ–ის ორმაგი მოქალაქე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის დარბევისას დააკავეს.

„პოლიციის მანქანაში ვარ. მაგრად მცემეს“, - დაწერა მან „ფეისბუქზე 1 მაისს, 01:12 საათზე.

2 მაისს მან „ფორმულასთან“ გაიხსენა საკუთარი თავგადასავალი, რომელშიც ე.წ. „რობოკოპები“ ფიგურირებენ და მისი ნაამბობის მიხედვით, დატვირთულია ძალადობით.

„რაც ხდებოდა ღამით, ის იყო, რომ პოლიცია თავს ესხმოდა მშვიდობიან მოქალაქეებს თავიანთი ფარებით და მხუთავი აირით. რა თქმა უნდა, ეს იწვევს იმ ადამიანების პროვოცირებას, რომლებსაც უტევენ – ბრაზდებიან და ფაქტია, რომ ყველა ქართველი მიიღებს შესაბამის ზომას, როდესაც თავს ესხმიან, იქნება ეს სიტყვით თუ მუშტით. შესაბამისად, თითქმის ყველა თავიდან სიტყვიერად შეეწინააღმდეგა პოლიციას“,– იხსენებს ზოგად განწყობას იურისტი.

როგორც ტედ ჯონასი ყვება, დაახლოებით 00:30 საათზე გადაინაცვლა რუსთაველის გამზირზე, სადაც წყლის ჭავლის და ცრემლმდენი აირის გამოყენებით არბევდნენ დემონსტრანტებს.

„ხალხი უკან გაიქცა – ბუნებრივია, შორს უნდა გახვიდე, თავი რომ დაიცვა – როგორც კი გაქრებოდა აირი, მაშინვე უბრუნდნენ პოზიციებს და გამოჩნდნენ რობოკოპებიც. მინდა ხაზი გავუსვა პოლიციელებსა და რობოკოპებს შორის სხვაობას: რობოკოპებს ცხოველებს ვერ შევადარებ – ცხოველები კარგები არიან – ისინი არიან მხეცები და მხდლები! – წინ მდგომი ადამიანების წინააღმდეგ ფაქტობრივად, ფარებს იყენებდნენ. არ მახსოვს რა მომენტში გადამიყვანეს საპროტესტო ტალღის მარცხენა მხარეს. საბოლოო ჯამში, რუსთაველის გამზირის ტროტუარზე ვეგდე. იქ იყვნენ რობოკოპები, რომლებიც ჩემი აზრით, უბრალოდ ისვენებდნენ, არ იყვნენ აქტიურები. მათგან დაახლოებით 20 მეტრი მაშორებდა. რა თქმა უნდა, გაბრაზებული ვიყავი, რადგან თავს დაგვესხნენ, ვიყავით მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები და როგორც ყველ სხვა, ვიძახდი მაგალითად, „რუსებო!“, „მოღალატეები ხართ!“. შეცდომა, რომელიც დავუშვი, ის არის, რომ მარტო დავრჩი. მაინც არ მეგონა, რომ 20 მეტრის მოშორებით მდგომს თავს დამესხმებოდნენ. ჩემსკენ წამოვიდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცეებს ვიძახდი. ფაქტობრივად, 10–15 მათგანი გამოიქცა ჩემსკენ, დამიჭირეს, მათრიეს ტროტუარზე დაახლოებით 30 მეტრი. მთელი ამ დროის განმავლობაში მირტყამდნენ ფეხებს, ხელებს, მაყენებდნენ შეურაცხყოფას – რაც მოისმინეს აქციის მონაწილეებისგან, ყველაფერს მე მეუბნებოდნენ. ანუ ეს მათთვის შესაძლებლობის მსგავსი იყო, ეძიათ შური (ეს შურისძიება საიდან მოვიდა, არ ვიცი, რადგან რეალურად ჩვენ გვცემეს, ჩვენ დავზარალდით). მიწაზე მიმათრევდნენ...მუდმივად მირტყამდნენ... აბსოლუტურად პასიური ვიყავი, ვიცოდი რა, რომ 10–15 აღჭურვილ ადამიანს ვერ შევეწინააღმდეგებოდი. წამიკითხავს, რომ თუ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდები, უნდა იყო პასიური, რათა დამატებითი მიზეზი არ მისცე, რომ დაგარტყან. სწორედ ამ სტრატეგიას ვიყენებდი, როდესაც მირტყამდნენ. ბოლოს მიწაზე დამაგდეს, თავზე ხელები ავიფარე, რომ თავის ქალა დამეცვა, ისინი აგრძელებდნენ ჩემს ცემას“.

ის იხსენებს, რომ მასზე ძალადობა სამ ეპიზოდად განხორციელდა:

„საინტერესო იყო, რომ როდესაც მიმათრევდნენ, ერთი ადამიანი ამბობდა (მე მათ სახეებს ვერ ვხედავდი), „მორჩა, ეყოფა“, მაგრამ არ უჯერებდნენ და როდესაც ძირს დამაგდეს და მირტყამდნენ, კვლავ ის ხმა ამბობდა, „საკმარისია, გაჩერდითო“. გაიქცნენ რამდენიმე წუთით, თუმცა სამი–ოთხი მათგანი კვლავ დაბრუნდა და განაახლეს ცემა. ფაქტობრივად სამჯერ მცდემეს – როდესაც მიმათრევდნენ, როდესაც დამაგდეს და როდესაც დაბრუნდნენ.

რამდენიმე წუთის შემდეგ მე და რამდენიმე ახალგაზრდა (17–18 წლის ახალგაზრდები, რომლებიც არ უცემიათ, მაგრამ ხელბორკილები ედოთ) წაგვიყვანეს მანქანით. როდესაც პოლიციის მანქანაში გაგდებენ, ეს რა თქმა უნდა ძალადობის აქტია – ძალიან უხეშად აკეთებენ ამას. შეგვყარეს მანქანაში. ეს არის უფანჯრო მანქანა – არ არის სინათლე, ჰაერის დეფიციტიცაა... ყოველ 5 ან 10 წუთში ერთი კარი იღებოდა და შემოაგდებდნენ ხოლმე თითო ადამიანს – რომელიც სცემეს და დააკავეს. სულ 11 მოგვემატა გზადაგზა. 2 საათი გავატარე მანქანაში...2–4 რობოკოპი ხსნიდა კარს და კართან ახლოს ვინც იქნებოდა, მათ აგინებდნენ და ურტყამდნენ...

დაახლოებით ორი საათისთვის კარგი გაიღო და პოლიციის წარმომადგენელი გვეუბნება, „სად არის ამერიკელი?“. ვინაიდან მე ვგზავნიდი შეტყობნებებს ჩემს მეგობარ დიპლომატებთან, მათ იცოდნენ, რომ ამ მანქანაში ვიყავი. ჩვეულებრივმა პოლიციელმა კარი გააღო და თქვა, „ამერიკელი წამოვიდეს ჩვენთან ერთად“. ერთ–ერთმა ოფიცერმა დააზუსტა ჩემი მოქალაქეობა, შეამოწმა დოკუმენტები. ვიკითხე დანარჩენი მოქალაქეების ბედი, მაგრამ არ პასუხობდნენ ჩემს შეკითხვებს“.

ის იხსენებს, რომ გადაიყვანეს დიღმის განყოფილებაში, სადაც უკვე ნორმალურად ეპყრობოდნენ: „ერთ–ერთმა შემაქო კიდეც, „კარგი კაცი ხარ“ – ესეთი სიტყვები მითხრა, „სამწუხაროა, რომ ამ რთულ ვითარებაში მოგვიწია ერთმანეთის გაცნობაო“.

ის ამბობს, რომ ჩვენება პოლიციას მისცა, არ იყო თარჯიმნის საჭიროება, რადგან საუბრობს და კითხულობს ქართულად, ცუდად გრძნობდა თავს, იყო პირღებინების ეპიზოდიც და დაახლოებით ხუთი საათის შემდეგ გათავისუფლდა.

„არიან ადამიანები, რომლებიც ჩემზე მძიმედ სცემეს და ისინი ჯერ კიდევ ციხეში იმყოფებიან. მე, ფაქტობრივად ჩემი „პრივილეგიის“ გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად ამერიკის მოქალაქეობას გულისხმობს, გამომიშვეს. ეს არ იყო ის, რის გამოც დავიმსახურე უკეთესი მოპყრობა. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასობით ადამიანი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, სცემეს, ნაწილი დააკავეს. სამარცხვინოა, რომ ადამიანს შეიძლება განსხვავებულად მოეპყრო მოქალაქეების გამო!“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები