ომბუდსმენი: დაუშვებელია განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების გამო ადამიანებზე თავდასხმა

07-05-2024 19:55:30 პოლიტიკა ,საზოგადოება ,სამართალი

სახალხო დამცველი გამოეხმაურა 7 მაისს „ფორმულის“ გადამღებ ჯგუფსა და IDFI-ის დირექტორზე თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს შსს-სა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, თითოეული შემთხვევა დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ, ხოლო პასუხისმგებელი პირების მიმართ მკაცრი კანონიერი ღონისძიებები გაატარონ.

"სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია და მიუღებელი განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა.

მნიშვნელოვანია თითოეულ დასახელებულ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებებმა დაადგინონ ძალადობრივი ქმედებების მოტივი და მისი შესაძლო კავშირი თავდასხმების მსხვერპლების პროფესიულ საქმიანობასთან და კრიტიკული მოსაზრებების ქონასთან, რის დადასტურების შემთხვევაშიც ძალადობრივ ქმედებებს უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

სახალხო დამცველის აპარატი ზედამხედველობას გაუწევს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

7 მაისს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კლდიაშვილს და ტელეკომპანია „ფორმულის“ გადამღებ ჯგუფს უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

არსებული ცნობებით, გადამღებ ჯგუფსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს უცნობი პირი მაშინ დაესხა თავს, როდესაც კლდიაშვილი ტელეარხს კომენტარს აძლევდა შვედეთის საელჩოსთან.

„ფორმულას“ ინფორმაციით, თავდამსხმელი არის რევაზ ვაშაყმაძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები