რით ჰგავს და რით განსხვავდება ფაშინიანის სომხეთი სააკაშვილის საქართველოსგან

2018-12-18 20:04:16
339

ყველა შემდგარი რევოლუცია ერთმანეთს ჰგავს. რევოლუციური აღმასვლა ერევანში თბილისის 15 წლის წინანდელ მოვლენებს მოგვაგონებს. თუმცა დროისა და მოვლენათა განვითარების ადგილის გარდა, რა განასხვავებს ამ ორ რევოლუციას მეზობელ ქვეყნებში? ვისთვის რა იყო უფრო რთული და რა მიზეზით? რისკავს თუ არა ნიკოლ ფაშინიანი, სააკაშვილის შეცდომები გაიმეოროს? - ამ და სხვა საკითხებზე “რადიო თავისუფლება” სომეხ და ქართველ ექსპერტებს ესაუბრა. “აქცენტი” ამ რადიოინტერვიუს ტექსტის ქართულ თარგმანს გთავაზობთ.

სომეხი ანალიტიკოსი ალექსანდრე ისკანდარიანირა თქმა უნდა, საერთო ნიშნები არსებობს: იქაც და აქაც პროცესებში ხალხის დიდი მასები იყო ჩაბმული; იქაც და აქაც მოხერხდა ყველაფრის უსისხლოდ დასრულება; იქაც და აქაც ძველი ხელისუფლება ჩამოშორებულ იქნა და ახალი მოვიდა. ორივე მოვლენა “ფერადების”, “ხავერდოვნების” რიგიდანაა, - როგორც გნებავთ, ისე უწოდეთ, თუმცა სახეზეა ხელისუფლების მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი ტრანზიტი, რომელსაც თვალს ვადევნებთ XX საუკუნის 70-80-იანი წლებიდან, მათ შორის – პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ექსპერტი გია ხუხაშვილი: ემოციონალური შემადგენელი მართლაც მსგავსია, ხალხი აღსავსეა მომავლის რწმენით, ანუ, სახეზეა ერთგვარი ეროვნული ენერგიის გამოღვძება და პრინციპში, ადამიანები მზად არიან, ქვეყნის კეთილდღეობისთვის იმუშავონ.

განსხვავება, ჩემი აზრით, იმაშია, რომ როდესაც სააკაშვილი მოდიოდა ხელისუფლებაში, მას უკვე ჰყავდა ფორმირებული საკმაოდ დიდი გუნდი კონკრეტული ხედვით. თუ გავიხსენებთ, პირველი ორი-სამი წლის განმავლობაში მართლაც ტარდებოდა რეფორმები და პრინციპში, ინსტიტუციური წესრიგიც დამყარდა. ეს სამი წელი შეიძლება, რეალურ გარღვევად ჩაითვალოს სახელმწიფოს რეფორმირების თვალსაზრისით. სააკაშვილის გუნდმა პრაქტიკულად მოსპო კორუფცია მთელს სახელისუფლებო ვერტიკალში, შექმნა ეროვნული, ეფექტური, არაკორუმპირებული პოლიცია... სხვა საკითხია, რომ შემდეგ უკვე სხვა პროცესები დაიწყო… მსგავსი რეფორმების განსახორციელებლად საჭიროა დიდი და ძლიერი გუნდი – როგორც პროფესიონალიზმის, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. მგონია, რომ ფაშინიანის ირგვლივ, მისი დადებითი იმიჯის მიუხედავად, მსგავსი გუნდი ჯერ-ჯერობით არ ჩანს (შესაძლოა, ვცდებოდე, ამიტომაც ჩემს მსჯელობაში კატეგორიული არ ვიქნები). ახლა მას მოუწევს, ამსხვრიოს სისტემა და ერთდროულად აშენოს რაღაც ახალი. ეს ძალზე რთული ამოცანაა.

გარდა ამისა, ჩემი აზრით, განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ემოციური თვალსაზრისით, ფაშინიანი უფრო ძლიერია, თუმცა პოლიტიკური პრაგმატიზმის თვალსაზრისით, მაინც 2003 წელს მიშა უფრო ძლიერი იყო.

- სააკაშვილისგან განსხვავებით, ფაშინიანს აგერ უკვე წელიწადნახევარია, არ წარმოუდგენია არც გუნდი, არც ხედვა. რა სუბიექტური და ობიექტური მიზეზები შეიძლება, ჰქონდეს ამას?

ალექსანდრე ისკანდერიანი: ხელისუფლების გადაცემა სულ რაღაც ორიოდ დღის წინ მოხდა. როგორც მახსოვს, 2003 წელს პარლამენტი საქართველოში უბრალოდ დაარბიეს, სომხეთის შემთხვევაში კი ფაშინიანი ლეგალისტური გზით მიდის, ამიტომაც პარლამენტის შეცვლამ 7 თვე წაიღო.

მეორეს მხრივ, დავეთანხმები ქართველ კოლეგას: უპირველესად, საქართველოში რევოლუციას ტრიუმვირატი ახორციელებდა. ბატონ სააკაშვილს თანამოაზრეები ჰყავდნენ, თანაც საკმაოდ ცნობილები და ძლიერები, – მხედველობაში მყავს ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე; ფაშიანის გარემოცვას ამ ფიგურებს, რა თქმა უნდა, ვერ შეაარებ. მეორეც, იმ დროისთვის სააკაშვილს უკვე გააჩნდა მმართველი გუნდის წევრი დეპუტატობის, ასევე მინისტრობის გამოცდილება, ანუ საექსპერტო რესურსები მართლაც სხვაგვარი იყო და მეტიც.

მთავარი, ჩემი აზრით, ისაა, რომ ქართული რევოლუციის ლიდერებს პოზიტიური პროგრამა გააჩნდათ. თუმცა პოზიტიური არ ნიშნავს კარგს, პოზიტიური ნიშნავს პროგრამას რამისთვის და არა რამის წინააღმდეგ. ჩემი შეფასებით, მათ პროგრამას გარკვეული პრიმიტიულობა ახასიათებდა, გარკვეული დონე იმისა, რისი გაკეთებაც შეუძლებელი იყო. თუმცა ფაქტია, რომ პროგრამა არსებობდა. ფაშინიანისა და მისი თანამოაზრეების პროგრამა კი წმინდად ნეგატიური იყო, რევოლუციის სლოგანი გახლდათ “უარი უთხარი სერჟს” (სერჟ სარგსიანს). ანუ, პროგრამა იმაზე იყო მიმართული, რომ ხელისუფლებიდან ჩამოეცილებინათ ადამიანები, ხოლო რა იქნებოდა შემდეგ – სერიოზულად არავის დაუგეგმავს. ეს, ჩემი აზრით, ძალზე სერიოზული განსხვავებაა.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან სხვაობად მეჩვენება ის, რომ ქართული რევოლუცია დიდწილად ცივილიზაციური არჩევანის, საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის, საბჭოთა კავშირიდან ევროპაში სვლის ირგვლივ იგებოდა. სომხეთში ეს საერთოდ არ ყოფილა. მოვლენათა გენეზისი მხოლოდ და მხოლოდ შიდა იყო, რიტორიკა – მხოლოდ შიდა პოლიტიკური, საგარეო პოლიტიკური შემადგენელი არ ყოფილა. ეს ყველაფერი სერიოზულ განსხვავებად მეჩვენება.

- სააკაშვილი ალბათ, მაინც თავისუფალი იყო აუციებლობისგან, ემსხვრია სახელმწიფო, რომელიც შეცვლას საჭიროებდა – მისი ხელისუფლებაში მოსვლის დროისათვის ქვეყანა ისედაც ნანგრევებად იყო ქცეული. ფაშინიანს კი უწევს დროისა და ძალების ხარჯვა იმაზე, რომ გაუმკლავდეს საკმაოდ მძლავრ წინააღმდეგობას და სახელმწიფოს, რომელიც მართალია, სუსტია, მაგრამ მის მოსვლმდე, ასე თუ ისე, მაინც არსებობდა. თუ ასეა, რამდენად თავისუფალია თავის მანევრში ფაშინიანი, რამდენად აქვს მას ჟესტის იმ სიფართის შესაძლებლობა, როგორიც ჰქონდა სააკაშვილს? თქვენ ცივილიზაციური არჩევანი ახსენეთ. როგორი ცივილიზაციური არჩევანი შეიძლება, ჰქონდეს ფაშინიანს ურთიერთობათა ამჟამინდელი მოდელის პირობებში, მაგალითად, იგივე რუსეთთან?

ალექსანდრე ისკანდარიანიჩემი აზრით, სააკაშვილი არანაირი დემოკრატიზატორი არ ყოფილა, ის იყო კრეატორი, ის ქმნიდა სახელმწიფოსარა ფორმალური თვალსაზრისით (ცხადია, საქართველო 2003 წლამდეც არსებობდა), არამედ იმ გაგებით, რომ პრაქტიკულად თავიდან აგებდა ინსტიტუციებს (შევარდნაძის დროს საქართველო მმართველობითი სისტემის თვალსაზრისით მაინცდამაინც შესაშურ მდგომარეობაში არ იყო).

ფაშინიანს ამ სამუშაოს ჩატარება არ უწევს: ძალიან ბევრი რამ, რომელიც საქართველოში 2003 წლის შემდეგ მოხდა, მომხდარია სომხეთშიცზოგიერთი რეფორმა, რომელიც სახელმწიფო აპარატს უკავშირდება და ა.შ. სომხეთის სახელმწიფოს კრეატორს “ყარაბაღის ომი” ჰქვია და ეს 90-იან წლებში მოხდა, ბევრად ადრე, კონსოლიდაციის დონე სხვა იყო და ა.შ. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, სახელმწიფო არ ინგრევა, ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით და ფაშინიანის ამოცანა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გაიაროს რევოლუციურობის სცილასა და აუცილებლობის ქარიბდას შორის – დაასრულოს ეს რევოლუციური გვერდი, გადაფურცლოს და განაგრძოს გზა შემდგომი დახვეწის მიმართულებით.

რაც შეეხება ცივილიზაციურ არჩევანს, ერთი ადამიანის ერთი ხელის მოსმით მსგავსი რამ არ ხდება. ცივილიზაციურ არჩევანს ვერც სააკაშვილი გააკეთებდა, ვერც ფაშინიანი – ეს სერიოზული კულტურული მატრიცაა, ცვლილება, პოლიტიკური კულტურის ახალი ტიპების გაჩენა და ა.შ. იმისათვის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ევროპულ სახელმწიფოდ იქცე, მხოლოდ გადაწყვეტილების მიღება საკმარისი არ არის. ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროცესი არ მიდის, თუმცა იმას, რომ თითების ერთი დატკაცუნებით ჰოლანდიად ვერ ვიქცევით, სომხეთში, მე მგონი, აცნობიერებენ. ამ მხრივ ვითარება მშვიდია.

გია ხუხაშვილი: მთლიანობაში, ყველაფერს ვეთანხმები, მათ შორის – იმასაც, რომ ფაშინიანს მართლაც უწევს სიარული სამართებლის პირზე. საქართველოს ჰქონდა ის კომფორტი, რომ, მაგალითად, მკაფიოდ გამოეცხადებინა განვითარების ვექტორი არა მხოლოდ ევროპული მიმართულების თვალსაზრისით, არამედ ღირებულებათა მთელი სისტემის შეცვლის კუთხით. სომხეთს, სხვადასხვა ხრიდან მრავალი რისკის გათვალისწინებით, ამ მხრივ მაინც ბალანსირება უწევს: მაგალითად, ის ამ ეტაპზე მაინც ვერ იტყვის უარს რუსეთზე. ეს კი რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როცა დიდ რეფორმას ატარებ, გესაჭიროება პარტნიორები, რეფორმების ტექნოლოგიები და განვითაებული ქვეყნების მკაფიო მხადაჭერა. საქართველომ ეს ყველაფერი მიიღო, სომხეთს კი ამ მხრივ გარკვეული პრობლემები ექმნება. ამდენად, ფაშიანის ამოცანა, რა თქმა უნდა, ბევრად რთულია.

- შთაგონების ამოწურვის ქართული გამოცდილების გათვალისწინებით, რას ურჩევდით ფაშინიანს, რომელიც, ისევე, როგორც 15 წლის წინ სააკაშვილი, პოლიტიკურ პიკზე იმყოფება?

გია ხუხაშვილიფაშინიანს, ისევე, როგორც თავის დროზე სააკაშვილს, უნდა ეჩქარა, რადგან როცა იქმნება მომავლის რწმენის დიდი მარაგი, ხალხი დიდხანს ვერ ელოდება, საჭიროა სწრაფი მოქმედება. თუ დანაპირებს სწრაფად ვერ აღასრულებ, შეიძლება, საპირისპირო ეფექტი მიიღო, ანუ აგრესიული იმედგაცრუება.

ამასთან, ფაშინიანს ერთდროულად სწრაფი და კარგად გააზრებული მოქმედება ჰმართებს: სწრაფად რომც გაატაროს რეფორმები, ამას დიპლომატიური მეთოდებით ვერ მოახერხებ, ხმლით ხელში უნდა ატარო, ასე, რომ საჭიროა ხისტი მოქმედება, ხოლო როდესაც ხისტად მოქმედებ, ეს ყველაფერი მმართველობის სქემაზე აისახება და შეიძლება, ავტორიტარიზმში გადაიზარდოს. ამდენად, გინდაც წარმატებული რეფორმები გაატარო, შეიძლება, ავტორიტარულ მმართველად იქცე, რაც სააკაშვილს დაემართა: დრაკონებთან ბრძოლაში საბოლოოდ თავად იქცა დრაკონად. დიახ, მან მიიღო შედეგები, რაღაცას მიაღწია, თუმცა დიდი პოლიტიკური სისხლის ფასად. პრინციპში, სისხლი იგი ნარკოტიკივითაა და მერე ის ვეღარ გაჩერდა. ყველაფერი სისტემურ ავტორიტარიზმში გადაიზარდა, რაც საქართველომ აღარ აპატია. შესაბამისად, ფაშინიანს ვურჩევდი, რეფორმების გატარებისას გადრაკონებას და საკუთარი თავის ტყვეობაში მოხვედრას მოერიდოს.

- ალექსანდრე, რაში აქვს ფაშინიანს სააკაშვილის შეცდომების გამეორების რისკი და რაშია იგი მისგან თავისუფალი?

ალექსანდრე ისკანდარიანი: ეს არათუ რისკია, არამედ მოხდება. არსობრივად, პოპულარობის პიკმა დაახლოებით სექტემბერში ჩაიარა, ახლა ის მცირდება, რაც ბუნებრივია და ეს შემცირება გაგრძელდება. აუცილებლად დადგება იმედგაცრუებაც, რადგან იმ მოლოდინის გამართლება, რომელიც მოსახლეობას გააჩნია, მოკლე დროში შეუძლებელია: თითქმის ყველა პრობლემა, რომელიც სომხეთს აქვს, სისტემურიაკორუფციაც, ეკონომიკის მონოპოლიზაციაც, ბიზნესისა და პოლიტიკის შრწყმულობაც და ა.შ.

ის, რისი გაკეთებაც სომხეთს ახლა მოუწევს, ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც საქართველოს უნდა გაეკეთებინა 2003 წელს. ფაშინიანს საკმაოდ ბევრის შენარჩუნება შეუძლია და, როგორც ჩანს, ეს ესმის. ბევრი რამ შეიცვლება და ეს ყველაფერი აშკარად ბევრად უფრო ფრთხილად გაკეთდება, ვიდრე საქართველოში. ამდენად, გარვეული ცვლილებების შანსი არსებობს.

არსებობს თუ არა რაიმე ავტორიტარული ტენდენციების რისკი – ჯერ არ ვიცი. თეორიულად, ის ყოველთვის არსებობს მსგავსი ცვლილებების გატარებისას. იმედი მაქვს, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში დაგროვებული პოტენციალი, პროტესტის კულტურა, არასაპარლამენტო ოპოზიციის კულტურა, საკმაოდ განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება, მედიაპლურალიზმი და ა.შ. უზრუნველყოფს იმას, რომ ეს რისკი თავიდან იქნას აცილებული. პოლიტიკოსების ნების ძალიან ნაკლებად მჯერა – დღეს ის არის, ხვალ შეიძლება, აღარ იყოს, აი, შემაკავებელი სისტემა კი შესაძლოა, ეფექტური გამოდგეს. სხვა საკითხია, რომ სადღეისოდ სომხეთში ასე არ არის, რადგან მართლაც, სოციალური მხარდაჭერა მართლაც საკმაოდ მაღალია, პარლამენტში მართლაც აღარ არის ოპოზიცია, პოლიტიკური პარტიები, რომელთაც წინააღმდეგობის გაწევა ძალუძთ და ა.შ.. ეს ყველაფერი შესაქმნელია. მაგრამ სწორედ აქ, ჩემი აზრით, ის პროცესი, რომლის შესახებაც ვსაუბრობდი, – ეიფორიის, პოპულარობის შემცირება, – მიგვიყვანს იმასთან, რომ თავად სისტემის შიგნით დაიწყება რღვევა, გაჩნდებიან ადამიანები განსხვავებული პოზიციებით და ამან შეიძლება, განვითარება უზრუნველყოს.