"ბევრი ობიექტური მტკიცებულება დაგროვდა უკვე, რომ "ასტრაზენეკას" წინააღმდეგ ევროკავშირის დიდი ქვეყნების "დარტყმა" პოლიტიკური მოტივაციით არის განპირობებული"
16/03/2021 12:39:21 საზოგადოება
აშშ–ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული აცხადებს, რომ ძალიან ბევრი ობიექტური მტკიცებულება დაგროვდა უკვე, რომ "ასტრაზენეკას" წინააღმდეგ ევროკავშირის დიდი ქვეყნების შეთანხმებული "დარტყმა" პოლიტიკური მოტივაციით არის განპირობებული.
"ბევრმა მტკიცებულებამ უკვე გაჟონა პრესაში. როგორც ჩანს, ამ დღეებში კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია დაიდება გერმანია-საფრანგეთის ერთობლივი "ანტიბრიტანული" ოპერაციის წინააღმდეგ. ტყუილად არ დაიბეჭდა გასულ თვეში გერმანულ "ბილდში" სტატია სათაურით: "ძვირფასო ბრიტანელებო, ჩვენ თქვენი გვშურს!". ბევრი საინტერესო "აღმოჩენის" მოწმენი გავხდებით. საოცარი უსინდისობაა, კრიმინალის რანგში აყვანილი, ადამიანების შიშისა და ნერვიულობის ხარჯზე პოლიტიკური ანგარიშსწორება. ეს გამოუძიებელი არ და ვერ დარჩება. მანამ კი "ასტრაზენეკათი" უკვე აცრილებს არა აქვთ პანიკის ობიექტური საფუძველი. გაირკვევა ორიოდე კვირაში ბევრი რამ", – წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.
ამასთან, იგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები იმოქმედებენ საზოგადოების დასამშვიდებლად და ვაქცინაციის უსაფრთხოდ გასაგრძელებლად.
"იმედია, საქართველოს ოფიციოზი შესაბამის მოქმედებებს განახორციელებს საზოგადოების დასამშვიდებლად და ვაქცინაციის უსაფრთხოდ გასაგრძელებლად, რათა ქვეყანამ დროულად და უმტკივნეულოდ შეძლოს ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა", – დასძენს გურული.
ცნობისთვის: ფარმაცევტული კომპანია "ასტრაზენეკა" აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირსა და ბრიტანეთში 17 მილიონი ადამიანი აიცრა, დაკვირვებამ და უსაფრთხოების ყველა მონაცემის ფრთხილად განხილვამ აჩვენა, რომ ფილტვის ემბოლიის, ვენის ღრმა თრომბოზის ან თრომბოციტოპენიის განვითარების რისკი არც ერთ ასაკობრივ და სქესობრივ ჯგუფსა თუ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში არ დასტურდება.
15 მარტიდან საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყო. 13 მარტს საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca/Oxford) ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა მიიღო. საქართველოში პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო განმეორებითი აცრა მას შემდეგ ჩატარდება, რაც ქვეყანაში ვაქცინის დამატებითი პარტია შემოვა.
იხილეთ ასევე: იტალიის მედიკამენტების სააგენტო ქვეყნის მიერ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების შეჩერებას „პოლიტიკურ გადაწყვეტილებად“ აფასებს
ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება არ შეაჩერონ


