ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება არ შეაჩერონ
16/03/2021 05:53:18 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მოსახლეობის აცრა არ შეაჩერონ, –იუწყება BBC.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინასა და სისხლში თრომბის წარმოქმნას შორის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის, საფრანგეთმა და გერმანიამ "ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენება დროებით მანამ შეაჩერეს, სანამ დადგინდება აქვს თუ არა კავშირი პრეპარატს რამდენიმე ადამიანის სისხლში თრომბის გაჩენასთან. ჯანმო–ს ექსპერტები დღეს, 16 მარტს იკრიბებიან ამ საკითხის განსახილველად. დღესვე შეიკრიბება ევროპის წამლის სააგენტო და "ასტრაზენეკას" და თრომბის კავშირზე იმსჯელებს. სააგენტო გადაწყვეტილებას ხუთშაბათს, 18 მარტს გამოაცხადებს.
იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ყველა ქვეყნებში, სადაც "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრის პროცესი შეჩერდა, შემთხვევები ბელგიაში დამზადებული პრეპარატის ერთ კონკრეტულ პარტიას უკავშირდება.
"ჯერ–ჯერობით ეს ყველა შემთხვევა უკავშირდება ბელგიაში დამზადებულ "ასტრაზენეკას" ერთ კონკრეტულ პარტიას – ეს არის ვაქცინის 1 000 000 დოზა, რომელიც ევროკავშირის 17 ქვეყანაში გადანაწილდა. ამჟამად არა მარტო სამედიცინო, არამედ სხვა ტიპის მოკვლევაც მიმდინარეობს, რომ ქარხნული დამზადების დროს რაიმე პრობლემა ხომ არ იყო", – განაცხადა კულუმბეგოვმა და დასძინა, რომ საქართველოში შემოტანილი "ასტრაზენეკას" ვაქცინის დოზები სამხრეთ კორეაშია წარმოებული.
ცნობისთვის: ფარმაცევტული კომპანია "ასტრაზენეკა" აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირსა და ბრიტანეთში 17 მილიონი ადამიანი აიცრა, დაკვირვებამ და უსაფრთხოების ყველა მონაცემის ფრთხილად განხილვამ აჩვენა, რომ ფილტვის ემბოლიის, ვენის ღრმა თრომბოზის ან თრომბოციტოპენიის განვითარების რისკი არც ერთ ასაკობრივ და სქესობრივ ჯგუფსა თუ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში არ დასტურდება.
15 მარტიდან საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყო. 13 მარტს საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca/Oxford) ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა მიიღო. საქართველოში პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო განმეორებითი აცრა მას შემდეგ ჩატარდება, რაც ქვეყანაში ვაქცინის დამატებითი პარტია შემოვა.


