ლუკაშენკოს დსთ-ში საქართველოს დაბრუნების იმედი აქვს
09/10/2024 06:52:32 პოლიტიკა
ბელარუსის სანქცირებული ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელსაც ცივილიზებული სამყარო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის თანამონაწილედ აღიარებს, დსთ-ის "ოჯახის სრულად აღდგენას", მათ შორის ორგანიზაციაში საქართველოს დაბრუნებას ისურვებდა. ამის შესახებ მან მოსკოვში გამართული სამიტის მსვლელობისას განაცხადა.
"ძალიან კარგი იქნებოდა, ჩვენს ოჯახში დაბრუნებულიყო საქართველო, განეახლებინა თავისი სრულფასოვანი მონაწილეობა მოლდოვას, გონს მოსულიყო უკრაინის ხელისუფლება, რომლის ნორმალური ცხოვრების აღდგენაში ჩვენც მოგვიწევს მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ასეც მოხდება. ეს მხოლოდ დროის საკითხია" - განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე მტკიცებით, "ყველა, ვინც თანამეგობრობას არ მოსწყდა, დღეს მშვენიერ შედეგებს აჩვენებს, არ დაუკარგავს საკუთარი ქვეყნის მართვა და ამავდროულად საერთაშორისო ურთიერთობების სრულფასოვან სუბიექტად რჩება.
იხილეთ ასევე: ტოკაევი - ლუკაშენკოს ინიციატივაზე: "მის ხუმრობას ვაფასებ"
ცოტა ხნის წინ ლუკაშენკოს ნათქვამი აქვს, რომ "საქართველოში დანაყრდნენ დასავლური დაპირებებით და დსთ-ის ბაზარზე დაბრუნება სურთ".
იხილეთ ასევე: ლუკაშენკო მოხარულია რუსეთთან და ბელარუსთან საქართველოს "ნორმალური ურთიერთობებით"
ცნობისთვის: საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობა (დსთ) რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ დატოვა. ოფიციალურად კი ქვეყნის წევრობა 2009 წლის 18 აგვისტოს შეწყდა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის თებერვალში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია მინსკს ეწვია და ლუკაშენკოს შეხვდა. იმ შეხვედრაზე ბელარუსის ლიდერმა განაცხადა, რომ "აფხაზეთი, საქართველო, ბელარუსი რუსეთის ირგვლივ რაღაცნაირად უნდა შეიკრან და შეკოწიწდნენ". მანამდე კი თავად ლუკაშენკო ეწვია ოკუპირებულ აფხაზეთს თბილისის გვერდის ავლით და ირწმუნებოდა, რომ ამით "ქართველების წყენინება არ სურდა". ოფიციალურმა თბილისმა ეს ვიზიტები და შეხვედრები დაგმო. ამასთან, ლუკაშენკოს სოხუმი და ცხინვალი არც იმ დროისთვის ჰქონდა აღიარებული, არც სადღეისოდ აქვს.


