Accentnews.ge
თეთრი სახლი: კანონის საბოლოოდ დამტკიცება გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავხედოთ საქართველოსთან ურთიერთობებს

თეთრი სახლი: კანონის საბოლოოდ დამტკიცება გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავხედოთ საქართველოსთან ურთიერთობებს

14/05/2024 18:45:55 პოლიტიკა

თეთრი სახლის პრეს–მდივანი კარინ ჟან-პიერი საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით მიღების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "თუ ეს კანონმდებლობა დამტკიცდება, ეს აიძულებს შეერთებულ შტატებს, ფუნდამენტურად გადახედოს საქართველოსთან ურთიერთობებს".

„ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში კრემლის სტილის "უცხოური აგენტების" კანონმდებლობით, რომელიც სულ ახლახან დამტკიცდა პარლამენტის მიერ და მოველით, რომ პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს. იმ ფონზე, როცა არ არის ნათელი პარლამენტი დაძლევს თუ არა პოტენციურ ვეტოს, ჩვენ პირდაპირ ვაცხადებთ ჩვენს შეშფოთებაზე იმ კანონმდებლობის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და დააშორებს საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებს და ნუ დაგვავიწყდება, რომ აგრეთვე NATO-საც. ქართველი ხალხი ამ კანონმდებლობის მიმართ საკუთარ მოსაზრებას გამოხატავს ქუჩებში პროტესტით და გასულ შაბათ-კვირას გავრცელებული ცნობებით, ვნახეთ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროტესტი, ათობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტის მონაწილეობით, რომლებიც არ დაუშინდნენ დაშინების ტაქტიკას და თავიანთ მთავრობას უთხრეს, შეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონს, ვინაიდან მათ სურთ ევროატლანტიკური მომავალი. შევხედავთ, რას გააკეთებს პარლამენტი. მაგრამ, თუ ეს კანონმდებლობა [საბოლოოდ] დამტკიცდება, ეს გვაიძულებს ფუნდამენტურად გადავხედოთ საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.

იხილეთ ასევე:

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი დღეს მაინც მიიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S