
ჯიმ ო'ბრაიენმა საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ სანქციები დააანონსა
14/05/2024 17:10:24 საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ო'ბრაიენმა საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ პრესკონფერენციაზე სანქციები დააანონსა. ეს პირველი მსგავსი მკაფიო განცხადებაა აშშ–ის ოფიციალური პირის მხრიდან.
მისი თქმით, თუ "აგენტების კანონი", რომელიც პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო, დარჩება არსებული სახით და არ მოვა შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან, შესუსტდება დემოკრატია, გამოეთხრება მას ძირი, იქნება ძალადობა დემონსტრანტების მიმართ, "რა თქმა უნდა აშშ–ის მხრიდან იქნება გარკვეული შეზღუდვები"
"პირველ რიგში ეს შეეხება ფინანსურ მხარეს, მეორე კუთხით ეს იქნება მგზავრობაზე, კონკრეტული ადამიანების მიმართ, ვინც არიან პასუხისმგებლები ამ ქმედებებზე. ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ გვინდა, ეს მოხდეს – ჩვენ გვინდა, საქართველომ გააგრძელოს მშვიდობიანი გზა ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და იმედი გვაქვს, რომ ეს გზა დაიწყება დღეს და გაგრძელდება დღეს, თუ არადა ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხებს“,– თქვა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.