ო'ბრაიენი – ივანიშვილის მიერ მასთან შეხვედრაზე უარის თქმაზე: "გარკვეულწილად ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის მიმართ ვალდებულებაზე მაღლა"
14/05/2024 17:04:40 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო'ბრაიენის განცხადებით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარი ბიძინა ივანიშვილის მიერ მასთან შეხვედრაზე უარის თქმას "გარკვეულწილად პირადი ინტერესის ქვეყნის მიმართ ვალდებულებაზე მაღლა დაყენებად" აფასებს.
"სანამ აქ ჩამოვიდოდით, ჩვენ გამოვთქვით სურვილი შეხვედრისა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და პრემიერ–მინისტრის მხრიდან პასუხი იყო ასეთი, რომ ბატონ ივანიშვილი იმყოფება დე ფაქტო სანქციების ქვეშ. ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არ არის. ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე ცუდად, არასწორად არის ინფორმირებული ნამდვილად სამწუხარო და გასაოცარია. მიზეზი იმისა, რომ ადამიანმა უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე გარკვეულწილად ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის ვალდებულებაზე მაღლა, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში", – ამის შესახებ მან თბილისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
- 13 მაისს, საღამოს ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 20:00 საათზე გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა და გადაწყვეტილების მიზეზად "ივანიშვილის დე ფაქტო სანქცირება” დაასახელა:
"რაც შეეხება კონკრეტულად ო'ბრაიენის ვიზიტს, მე შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. ამას ჰქონდა თავისი ახსნა და განმარტება. მინდა, გითხრათ ასევე, რომ იყო გასული თვეების განმავლობაში შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრასთან დაკავშირებით. ამაზე მე მაქვს ინფორმაცია გამომდინარე იქიდან, რომ მე მიწევდა ხოლმე გარკვეული საკითხების შეთანხმება. მე მთხოვდნენ ხოლმე ამ საკითხების შეთანხმებას. ყველა შემთხვევაში, უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე - ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, იმას, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც მან დასავლეთს რეალურად მიანდო და სამწუხაროდ, ეს თანხები... ეს თანხა, საბოლოო ჯამში, დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. ეს არის მისი ძალიან მკაფიო პოზიცია. როგორც კი დასრულდება ეს შანტაჟი და დე-ფაქტო სანქციები, მაშინვე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება, შედგეს, მაგრამ დღეს ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია".
ამავე პრეს–კონფერენციის დასასრულს მან შემდეგი აღნიშნა:
"საერთოდ არ ვიცი, რასთან დაკავშირებით მოდის ბატონი ო'ბრაიენი, არანაირი კომუნიკაცია შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით არ ყოფილა. მე მაქვს მოლოდინი, რომ ბატონი ო ბრაიანი ჩამოვა ძირითადად სამი თემით - ეს არის ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს".
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი დღეს მაიც მიიღო.


