საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა ნაწილისთვის ზოგადი უნარების გამოცდა გაუქმდა

2019-02-11 15:36:47
77

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირებისთვის გამოცდის ჩაბარების შესახებ ახალი რეგულაცია ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ეს გამონაკლისია და ამ გამონაკლისის მთავარი საფუძველი თანაბარი პირობებისა და  ყველასათვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა და უზრუნველყოფა გახდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდის ჩაბარების ვალდებულება გავრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც უცხო ქვეყანაში სწავლის უფლება ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2019 წლის 1 იანვრიდან მოიპოვეს.

მარტივად რომ ვთქვათ, ის ვინც საზღვარგარეთ უნივერსიტეტში 2019 წლის 1 იანვრის შემდე ჩააბარებს, მაგრამ საქართველოში მოუნდება სწავლის გაგრძელდება, მას ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება მოუწევს, ხოლო ის პირები, ვინც უცხოურ სასწავლებლებში 2019 წლის 1 იანვრამდე ჩააბარა, ახლა კი საქართველოში სურს დაბრუნება და სწავლის გაგრძელება, მათთვის ზოგადი უნარების გამოცდა მოიხსნა. ამასთან, imedinews-ს სამინისტროში უთხრეს, რომ საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთთან სხვა არსებული მოთხოვნები ძალაში რჩება. 

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით (იხ. ბრძანება №09) სწავლის გაგრძელებას საქართველოში სტუდენტები მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში შეძლებენ. ამ გამოცდის  წარმატებით ჩაბარება სტუდენტის მიერ ავტორიზებულ უნივერსიტეტში სწავლის მზაობისთვის მინიმალური კომპეტენციის დადასტურებას (გადალახვას) გულისხმობს.

სამინისტროს ცნობით, გამოცდა ჩატარდება 11 თებერვალს და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა (სურვილის შემთხვევაში) ყველა დარეგისტრირებულ აპლიკანტს აქვს.