დეპუტატი: ხელისუფლებამ შესაძლოა, რისკის ქვეშ დააყენოს დაგროვებითი პენსიები

08-05-2024 14:54:12 პოლიტიკა ,საზოგადოება

მთავრობამ გადაწყვიტა, რომ (პენსიონერების) ფული დახარჯოს მაღალი რისკის შემცველ პროექტებში,– ამბობს "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე.

მისი ხედვით, გადაწყვეტილებას „პოლიტიკური და კორუფციული სუნი ასდის“

საქმე იმაშია, რომ ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც საპენსიო სააგენტოს მართვის სისტემაში ცვლილებებს ითვალისწინებს. კერძოდ, იგეგმება სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს გაუქმება. შეიქმნება საპენსიო სააგენტოს საბჭო 15 წევრისგან, რომელთაგან ორს მთავრობა დანიშნავს, 13-ს კი მთავრობის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია შეარჩევს.

"საპენსიო დანაზოგები არის ჩვენი, თითოეული მოქალაქის მიერ საკუთარი შრომით შექმნილი და ის უნდა მოხმარდეს მათ მშვიდ სიბერეს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ეს თანხები აღმოჩნდეს რისკის ქვეშ. დღეისათვის, 5 მილიარდი ლარი არის აკუმულირებული და მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს ფული დახარჯოს ისეთ პროექტებში, რომელიც არის დიდი რისკის შემცველი და რომელსაც მარტივად თუ ვიტყვით, პოლიტიკური და კორუფციული სუნი ასდის. ამ ცვლილებების მთავარი უარყოფითი მხარე ის არის, რომ ფონდის მართვა მთლიანად გადადის მთავრობის ხელში, ჩამოცილებულია პარლამენტი, უცხოელი სპეციალისტები. ეს ფული შეიძლება ჩაიდოს ისეთ პროექტებში, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ამ ფულის დაკარგვა ან მისგან მიღებული შემოსავლის შემცირება. ეს კანონი არ უნდა იქნას მიღებული“,– თქვა გოცირიძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მისი გუნდი მუშაობს ალტერნატიულ ინიციატივაზე, რომელიც მალე წარედგინება პარლამენტს.

სააგენტოს საინვესტიციო საბჭოში ამჟამად შედის ოთხი საერთაშორისო სპეციალისტი - ოლივიე რუსო, ჟან ფრედერიკ პოლსენი, მაიკლ რიდლი და ტიმო ვიჰერკენტა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები