ომბუდსმენი – 20 ივნისის საქმეზე: აუცილებელია, შესრულდეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება და გამოძიებამ შეაფასოს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი

08-05-2024 13:21:13 სამართალი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 20 ივნისის საქმეებზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში სახალხო დამცველის სპეციალურ და საპარლამენტო ანგარიშებში ასახულ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე მიუთითებს".

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ აუცილებელია შესრულდეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება და საგამოძიებო ორგანომ დაადგინოს აქციის დაშლისას მოვლენების სრულყოფილი სურათი და შეაფასოს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევა დაადგინა 2019 წლის 20-21 ივნისს, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ შეკრების დაშლისას რეზინის ტყვიების გამოყენებისა და მომიტინგეებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტების არაეფექტიანი გამოძიების გამო.

საგულისხმოა, რომ ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში სახალხო დამცველის სპეციალურ და საპარლამენტო ანგარიშებში ასახულ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე მიუთითებს.

სასამართლოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ჯერ კიდევ 2019 წლის ივლისსა და 2020 წლის მარტში გაუსვა ხაზი საგამოძიებო ორგანოების მიერ მოვლენების სისტემური ანალიზის ჩატარების აუცილებლობას, ჯერჯერობით ასეთი ანალიზი არ გაკეთებულა; არ მომზადებულა არც ოფიციალური ანგარიში, მოვლენების დეტალური ქრონოლოგიის, აქციის დაშლის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპების აღწერის შესახებ - მომავალში მსგავსი ინციდენტების პრევენციისთვის. სახალხო დამცველის მკაფიო რეკომენდაციების მიუხედავად, სათანადოდ არ განხილულა და არ შეფასებულა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

ევროპულმა სასამართლომ ასევე, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს ვალდებულებაზე - ფართომასშტაბიანი საპოლიციო ღონისძიების დაგეგმვისა და განხორციელების დროს უზრუნველყოფილი იყოს არასათანადო მოპყრობაში ეჭვმიტანილი პოლიციელების იდენტიფიცირების შესაძლებლობა. (საუბარია ნიღბიანი პოლიციელების თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნიშნებზე).

რაც შეეხება კონვენციის მე-3 მუხლის არსებით ასპექტს, ამ ეტაპზე ევროპულმა სასამართლომ თავი შეიკავა გადაწყვეტილების მიღებისგან, იმ მიზეზით, რომ გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.

სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების შესასრულებლად, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ღიად დარჩენილ საკითხებთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია შესრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და საგამოძიებო ორგანომ დაადგინოს აქციის დაშლისას მოვლენების სრულყოფილი სურათი და შეაფასოს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი", – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები