გობრონიძე: საქართველოს პოლიტიკური კულტურა ვერ გაცდა "ჯუნგლების წესებს"

08-05-2024 15:30:51 პოლიტიკა ,კომენტარი

საქართველოს პოლიტიკური კულტურა ვერ გაცდა "ჯუნგლების წესებს",– ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გიორგი გობრონიძე მმართველი გუნდის მიერ ე.წ. „შავი სიების“ შექმნის დაანონსებას.

კერძოდ, გობრონიძის შეფასებით, „მმართველ ძალასა და მასთან აფილირებულ ჯგუფებში დიდი ხანია არსებობდა განცდა, რომ მის ოპონენტებს ქონდათ "შავი სია", თუნდაც იმავე mona.ge - ს ფორმით და ხელისუფლების გადაბარების შემთხვევაში ამ სიაში შესული ადამიანები უპირობოდ დაექვემდებარებოდნენ რეპრესიას, დევნასა და შევიწროვებას. შესაბამისად არსებობდა შიში და განცდა, რომ დაკარგავენ ყველაფერს“.

„დღეს მმართველმა ძალამ თავად განაცხადა ამგვარი სიის შექმნის შესახებ და რამდენადაც, მის ხელშია ძალაუფლება და რეპრესიული მექანიზმი, მას ასევე აქვს შესაძლებლობა თავად დაიწყოს რეპრესიები მიუღებელი ჯგუფების წინააღმდეგ. ეს კი ახდენს საპასუხო შიშის კულტივაციას მეორე მხარეს, რომელთაც არაფერი რჩება დასაკარგი.

აღნიშნული მხოლოდ ერთ რამეს მიუთითებს, საქართველოს პოლიტიკური კულტურა ვერ გაცდა "ჯუნგლების წესებს" სადაც დიდი ყლაპავს მცირეს, გამარჯვებული ანადგურებს დამარცხებულს და უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია კვებითი ჯაჭვის ზედა საფეხურზე ყოფნაა“.

გობრონიძე შიშობს, რომ „ამგვარ პოლიტიკურ კულტურაში მოლაპარაკება გამორიცხულია, დათმობა და კომპრომისი, რაც ყველგან ძლიერების დემონსტრირებაა, აქ აღიქმება სისუსტედ, პოლიტიკური ძალები კი უბრალოდ "ნულოვანი ჯამის თამაშს" თამაშობენ, სადაც მოგებული იღებს ყველაფერს, დამარცხებული კი ყველაფერს კარგავს“.

ის იხსენებს, რომ „ასეთია ჩვენი უახლესი ისტორიული გამოცდილება, და მმართველი ძალის შიში არც თუ უსაფუძვლოა, რადგან თავადაც მათაც შეუწყეს ამგვარი პოლიტიკური კულტურის განმტკიცებას ხელი, მიუხედავად ცალკეული ლიდერების მცდელობისა, რომ ეს დასრულებულიყო. მანამდე ამას აკეთებდნენ მათი წინამორბედნი, მანამდე კი - წინა მმართველი ჯგუფი“.

გობრონიძის ხედვით, „შიში, ალბათ ყველაზე ძლიერი ემოციაა, რომელსაც იშვიათად განიხილავენ პოლიტიკურ მეცნიერებაში, როგორც ცვლადს, თუმცა სწორედ შიში იწვევს გაუცხოვებას და დაუცველობის კრიზისს, რომელშიც მმართველი პოლიტიკური ძალაა. შედეგად, კი ვიღებთ პოლიტიკური, სოციალური და კულტურული პოლარიზაციის უკიდურესად საშიშ დონეს, რომლის მიღმაც დგას სამოქალაქო დაპირისპირება, ან გაფორმებული დიქტატურა და რეპრესიები“.

გობრონიძე ფიქრობს, რომ „ერთი სამოქალაქო ომი, ორი ეთნო - ტერიტურიული კონფლიქტი, საერთაშორისო კონფლიქტი, ამის შედეგად კი უდიდესი ადამიანური მსხვერპლი, დანაწევრებული და ოკუპირებული ქვეყანა, გაჩანაგებული ეკონომიკა, ათეულობით წლით უკან წასული განვითარება, საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ დღეს საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების წარმმართველ ძირითად ძალებს ეყოთ კეთილგონიერება, გადადონ თავისი შიშები, ზიზღი, უკან გადადონ პირადი ინტერესი, დასხდნენ და შეთანხმდნენ ძირითად წესებზე. მოახდინონ სიტუაციის დეესკალაცია და დაუბრონონ ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რიტმს“.

სხვა შემთხვევაში, გობრონიძის პროგნოზით, „დიდია ალბათობა, შევიდეთ ისტორიულ ფაზაში, რომელსაც არ ყავს გამარჯვებული. თუნდაც მმართველმა გუნდმა გააფორმოს დიქტატურა, ის მაინც მარცხდება, რადგან დიქტატურა და ტოტალიტარიზმი უპირველეს ყოვლისა, მისივე შემოქმედებს ჭამს და ანადგურებს“.

გობრონიძეს მაგალითად მოჰყავს „სტალინის მიერ მისი შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ეჟოვის დახვრეტა, და ზოგადად "წითელი ტერორი", რომელმაც პირველ რიგში ბოლშევიკური ტირანიის შემოქმედი კომუნისტური ელიტა გაანადგურა“.

„თუნდაც, მეორე მხარემ შეძლოს ხელისუფლების აღება, ყველაზე რადიკალური, რევოლუციური გზით, ის მაინც წაგებულია, რადგან ყველა პოსტ-რევოლუციურ მთავრობას ემართება პოსტ რევოლუციური ეიფორია, და გავივლით ზუსტად იმავე გზას, სადაც ორჯერ უკვე მძიმედ წავიქეცით. რადიკალიზმის ჯაჭვი კი ისევ ისე დარჩება, როგორც იყო“.

მისი ხედვით, ორივე მხარემ უნდა გაითავისოს, რომ „დემოკრატია არ არის სიკეთე, რომელიც მხოლოდ მაშინ უნდათ, როცა ხელისუფლებისთვის იბრძვიან ოპოზიციიდან, დემოკრატია საჭიროა მაშინაც, როცა ძალაუფლების სათავეში ხარ, სხვა შემთხვევაში უბრალოდ მივიღებთ შეცვლილ ხელისუფლებას, რომელიც ისევ ისე, ხალათივით მოირგებს არსებულ რეჟიმს, როგორც მისმა წინამორბედმა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები