თბილისის საკრებულოს სხდომიდან “ნაციონალი“ წევრები გააძევეს

2017-10-10 16:54:20
1102

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები თბილისის საკრებულოს შენობაში შესვლას ისევ ცდილობენ. შენობის წინ მობილიზებული სამართალდამცავები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. 

საკრებულოსთან ვითარება განმუხტული იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც სხდომა დაიწყო, სიტუაცია კვლავ დაიძაბა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ სხდომიდან საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატები გააძევეს.

„საკრებულოს დეპუტატები გამოგვაძევეს შენობიდან. უმრავლესობა ყველანაირად ცდილობს, ბიძინა ივანიშვილს ერთ ლარად თბილისელების ქონება დაუკანონოს.ჩვენ გვინდოდა საკრებულოს თავმჯდომარესთან მისვლა და დალაპარაკება აღნიშნული საკითხის განხილვის გადადებასთან  დაკავშირებით, თუმცა მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ მოყვანილმა ზონდერებმა გამოგვაძევეს შენობიდან,“ - განაცხადა საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

ამასთან, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ადგილზე იმყოფებიან სუს-ის თანამშრომლები, რომლებიც შენობის ფანჯრიდან აფიქსირებენ საპროტესტო აქციაზე მისული ადამიანების სახეებს.

„ეს არის მახინჯი პრაქტიკა, რომელიც არსებობდა აქამდეც და რომელსაც აგრძელებს "ქართული ოცნება". ვგულისხმობ ყველა ამ საშინელი მეთოდის გამოყენებას, ოღონდ კი მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც უბრძანა ბიძინა ივანიშვილმა,“ - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ. 

საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია გრძელდება. ოპოზიცია ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული კომპანიისთვის მიწების სიმბოლურ ფასად გადაცემას აპროტესტებს.

სწორედ ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის საკრებულომ, რომლის უმრავლესობამ 29 სექტემბერს საკითხს მხარი დაუჭირა, დღეს კი საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.