
კონსერვატორიის საარჩევნო კომისია: წულუკიანის ბრძანებიდან გამომდინარე, კონსერვატორიაში რექტორის არჩევნების პროცედურა შეწყვეტილია
26/09/2023 19:50:28 საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისია რექტორის არჩევნების საკითხზე განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანების გამო, შეწყვეტილია რექტორის არჩევის პროცედურა.
საარჩევნო კომისია აღნიშნავს, რომ „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 25/09/2023 No 00033770 ბრძანებით გაუქმდა „სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No16 სხდომაზე მიღებული „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No52/2023 დადგენილება.
ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა".
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევნები 10 ოქტომბერს იყო დანიშნული.
პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 27 სექტემბერს, 11:00 საათზე კონსერვატორიის შნეობასთან აქცია იგეგმება.
20 სექტემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თეა წულუკიანმა კონსერვატორიის ხელმძღვანელის შეცვლის საჭიროებაზე ისაუბრა.
„თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა, ბატონებო და ქალბატონებო განსახორციელებელი, ვინაიდან დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც სამწუხაროდ ვერ ახერხებს. ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ ეს არ გახლავთ აკადემიური პერსონალის საქმიანობაში ხარვეზი, ეს გახლავთ ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზი, ეს ჩემი ხარვეზიც არის, როცა ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ მინისტრმა კეთილი უნდა ინებო და ხელმძღვანელი შეცვალო, ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, რაც არ უნდა უდრტვინველად აგრძელებდეს ზოგიერთი იქ საქმიანობას და ეგონოს, რომ „მინისტრს არასდროს არაფერი არ ეკითხება (ვციტირებ)", - თქვა წულუკიანმა.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ განაცხადა, რომ ხარვეზი სისტემაშია, რომელიც "30-იანი წლების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება".
შარიქაძე ერთ-ერთია, ვინც რამდენიმე თვის წინ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა.
„ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი მემგონი საბჭოთა წარსულის კვლევაში უნდა ჩაიდოს და ეს განსაკუთრებით კულტურის სფეროს ჭირდება.
ასე მგონია ფანტასმაგორიულ რეალობაში ვართ - ის რაც ხდება არ შეიძლება ხდებოდეს 2023 წელს, ეს არ შეიძლება ჩვენი რეალობა იყოს 21-ე საუკუნეში.
მზარავს იმის გაფიქრებაც კი რომ კულტურის მოთვინიერების დაუოკებელი სურვილი არსად წასულა. საშიშია ეს სურვილი იმ საზოგადოებაში, რომელსაც საბჭოთა ტრამვა და შიში ჯერ არ მოუნელებია, რომელმაც კარგად იცის რა არის ცენზურა, რეპერტკომები და გლავლიტი და “დაზავების” ხელოვნებაშიც კარგად არის ნამეცადინები. გასული საუკუნის 20 -30 წლებში ეს კატასტროფით დასრულდა ჩვენი ერისთვის და ამ შედეგს დღემდე ვიმკით", - წერდა ნანა შარიქაძე.