
კონსერვატორიის რექტორი – წულიკიანზე: ხარვეზი სისტემაშია, ის 30-იანების ტრადიციით გვესაუბრება
21/09/2023 08:24:33 საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი ნანა შარიქაძე კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას ეხმიანება ამჯერად კონსერვატორიაში შესაძლო "რეფორმების" თაობაზე და აღნიშნავს, რომ ხარვეზი სისტემაშია, რომელიც "30-იანი წლების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება".
"აკადემიური თავისუფლება და უმაღლესის ავტონომია არის ფასეულობა და არავის აქვს მისი ხელყოფის უფლება. განათლების ხარისხი აკადემიური პერსონალის გარეშე არ არსებობს. ამ პერსონალმა და მისმა მენეჯმენტმა აკრედიტაციის ჯგუფის წინასწარი მიგნებებით მაღალი შეფასება მიიღეს, სწორედ იმ რეფორმების გამო, რომელიც 21-ე საუკუნის კურიკულუმთან თავსებადობას გულისხმობს…
ამ ხარისხის გამოა, რომ აგერ უკვე 106 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის კულტურის სავიზიტო ბარათს ვაწარმოებთ საერთაშორისო მასშტაბით. ხარვეზი სისტემაშია, რომელიც 2023 წელს გასული საუკუნის 30-იან წლების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება. სამწუხაროა, რომ რეფორმა ამ სისტემას არ შეხებია. სულ მაინტერესებდა რატომ არ სჭირდება ამ ქვეყანას საქმის მცოდნე და იდეით შეპყრობილი ადამიანები?", - წერს კონსერვატორიის რექტორი.
წულუკიანმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზია და არ დამალა, რომ ცვლილებებს გეგმავს.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას რექტორი ნანა შარიქაძეა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წელს 4 წლის ვადით აირჩიეს, ერთ-ერთია, ვინც რამდენიმე თვის წინ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა.