შოიგუ აღიარებს, რომ ზაპოროჟიეს მიმართულებაზე "დაძაბული ვითარებაა" შექმნილი
05/09/2023 10:29:35 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აღიარებს, რომ ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, სადაც უკრაინის არმიის მიერ რუსული თავდაცვის პირველი ხაზის გარღვევის შესახებ იუწყებიან, "ყველაზე დაძაბული ვითარებაა შექმნილი".
ერთი დღით ადრე კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი სოჭში თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ირწმუნებოდა, რომ უკრაინის კონტრშეტევა ჩავარდა.
შოიგუმ, რუსული სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის" ცნობით, სამხედრო მაღალჩინოსნებთან თათბირზე ამტკიცებდა, რომ კონტრშეტევის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დასახულ მიზანს "ვერცერთ მიმართულებაზე მიაღწიეს" და „სამხედრო-ეკონომიკური დახმარების შემდგომი მიღების მიზნით ცდილობს" უკრაინის ხელისუფლება "თუნდაც მცირე წარმატების დემონსტრირებას", რაც "მხოლოდ აჭიანურებს კონფლიქტს". მაგრამ იქვე აღიარა, რომ "ყველაზე დაძაბული ვითარება ზაპოროჟიეს მიმართულებაზეა შექმნილი":
"ბრძოლებში უკრაინის სტრატეგიული რეზერვის ბრიგადები მონაწილეობენ, რომლებმაც სწავლება დასავლელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით გაიარეს", - იმართლა თავი შოიგუმ.
მანამდე იყო ცნობები, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს მიმართულებაზე რუსული არმიის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს და შეტევას თავდაცვის მეორე და მესამე ხაზებზე აგრძელებენ.
იხილეთ ასევე: უკრაინულმა არმიამ „სუროვიკინის ხაზი“ გაარღვია
რაზე მეტყველებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "ბაირაქტარების" ბრძოლის ველზე დაბრუნება


