ოლექსი დანილოვი: ვილნიუსის სამიტზე რაც ახლა მივიღეთ ჩვენთვის, ჩვენი ერისთვის, ჩვენი პრეზიდენტისთვის უდიდესი გამარჯვებაა
15/07/2023 11:44:28 მსოფლიო
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, მისმა ქვეყანამ ძალიან ბევრი მიიღო ნატო-ს ვილნიუსის სამიტიდან, ხოლო შემდგომი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, რომელიც აშშ-ში ჩატარდება, მისი ქვეყნისთვის გამარჯვებით დასრულდება.
„ძალიან ბევრი მივიღეთ. რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, უფრო მეტი გვინდოდა, მაგრამ, რაც ახლა მივიღეთ, - ჩვენთვის, ჩვენი ერისთვის, ჩვენი პრეზიდენტისთვის, უდიდესი გამარჯვებაა“, - განაცხადა დანილოვმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანება ომის პირობებში მყოფი ქვეყნისთვის, თითქმის შეუძლებელი ამოცანაა და უკრაინელებს მოთმინების უნარი აქვთ.
„ჩვენ „საშინაო დავალება“ უნდა შევასრულოთ იმისთვის, რომ ნატო-ს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმი „ხუთიანზე“ შესრულდეს“, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
ცნობისთვის: „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას უკრაინისთვის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების შესახებ. დოკუმენტი ბრიტანეთის ინიციატივით შემუშავდა.
„დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს NATO–ს სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხსნებული ქვეყნების ლიდერებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმად, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კუთხით უკრაინის მხარდაჭერა გრძელვადიანი იქნება.
14 ივლისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ, უკრაინის უსაფრთხოების მომავალი გარანტიების შესახებ დეკლარაციას კიდევ 6 ქვეყანა შეუერთდა.
კერძოდ, მისი ინფორმაციით, შეთანხმებას, რომელზეც 12 ივლისს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ, შეუერთდნენ ჩეხეთი, დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი და შვედეთი.
უკრაინის პრეზიდენტმა NATO-სგან უსაფრთხოების გარანტიების მიღება "გამარჯვებად" და "მნიშვნელოვან წარმატებად" გამოაცხადა.


