რას ითვალისწინებს "დიდი შვიდეულის" დეკლარაცია უკრაინისთვის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების შესახებ და რა პირობას დებს სანაცვლოდ კიევი
12/07/2023 14:20:23 მსოფლიო
„დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას უკრაინისთვის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების შესახებ. დოკუმენტი ბრიტანეთის ინიციატივით შემუშავდა.
- „დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს.
ნატო–ს სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხსნებული ქვეყნების ლიდერებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმად, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კუთხით უკრაინის მხარდაჭერა გრძელვადიანი იქნება.
"G7 მხარს უჭერს უკრაინას და ეხმარება მას მმართველობის კუთხით რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების წინსვლისთვის არის საჭირო", – ნათქვამია დოკუმენტში.
დეკლარაციაში აღწერილია, თუ როგორ დაუჭერს მხარს G7 უკრაინას:
- "მდგრადი ძალების უზრუნველყოფით, რომელსაც შეუძლია ახლა უკრაინის დაცვა და მომავალში რუსეთის აგრესიის შეკავება ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებით და უკრაინული ძალების წვრთნით.
- უკრაინის ეკონომიკური სტაბილურობისა და მდგრადობის გაძლიერებით, მათ შორის, რეკონსტრუქციისა და აღდგენის ძალისხმევით, რათა შეიქმნას პირობები უკრაინის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის, მათ შორის მისი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.
- ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფით უკრაინის დაუყოვნებელი საჭიროებებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთთან ომთან და საშუალებას მისცემს უკრაინას გააგრძელოს ეფექტური რეფორმების პროგრამა, რომელიც მხარს დაუჭერს კარგ მმართველობას, რომელიც საჭიროა მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის".
დეკლარაცია ასევე აღიარებს „საერთაშორისო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას რუსული აგრესიით მიყენებული დანაკარგების და ზარალის კომპენსაციისთვის“.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, "ამ მხარდაჭერის სანაცვლოდ უკრაინა პირობას დებს, რომ განახორციელებს რეფორმებს, რათა ხაზი გაუსვას მის ერთგულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლებისადმი; ასევე უკრაინა ქვეყნის ეკონომიკის მდგრად გზაზე დაყენებისა და ჯარის დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის გაძლიერების პირობას დებს".


