ზელენსკიმ NATO-სგან უსაფრთხოების გარანტიების მიღება "გამარჯვებად" და "მნიშვნელოვან წარმატებად" გამოაცხადა
12/07/2023 14:33:41 მსოფლიო
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნებმა დღეს უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების უზრუნველსაყოფად "მრავლამხრივი სტრუქტურის" ჩამოყალიბების შესახებ განაცხადეს, რამაც აგრესიის მსხვერპლი ქვეყანა სამომავლოდ რუსეთის ახალი თავდასხმებისგან უნდა დაიცვას.
"დღეს ვიწყებთ უკრაინასთან მოლაპარაკებებს, რათა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, ეკონომიკის აღდგენაში, მოქალაქეთა დაცვასა და ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციაში ჩვენი გრძელვადიანი დახმარების ფორმალიზება მოვახდინოთ" - ნათქვამია G7-ის მიერ NATO-ს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში მიღებულ განცხადებაში. მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაიწყება.
"შვიდეულის" არაწევრი ქვეყნები ასევე არიან მიწვეული, უკრაინასთან იმ "ქოლგისებრ" სტრუქტურებში მოლაპარაკებებზე, რომელიც კერძოდ, მოიცავს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებისთვის თანამედროვე სამხედრო ტექნიკის მიწოდებას, უკრაინელი სამხედროების წვრთნას, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლასა და კიბერდაცვაში დახმარებას.
"დღევანდელი - ჩარჩო დეკლაპარაცია და უსაფრთხოების გარანტიები მყარი ორმხრივი ვალდებულებების შესაძლებლობებს გვიხსნის" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
"ჩვენ მკაფიო სიგნალს ვაგზავნით, რომ ჩვენი მხარდაჭერა დიდხნას გაგრძელდება" - განაცხადა, თავის მხრივ, აშშ-ის ლიდერმა ჯო ბაიდენმა.
შემდეგ სიტყვა კვლავ ზელენსკიმ განაგრძო და აღნიშნა, რომ NATO-ს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები უკრაინისთვის "უაღრესად აუცილებელი და მნიშვნელოვანი წარმატებაა", ხოლო G7-ისგან მიღებული უსაფრთხოების გარანტიები - "უკრაინის გამარჯვება მისი ხალხისთვის და მომავალი თაობებისთვის".
ამასთან, ზელენსკიმ კვლავ გაიმეორა, რომ მისი ქვეყნისთვის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია NATO-ს წევრობა იქნებოდა და იქვე დასძინა, რომ "უკრაინელები ისურვებდნენ, ეს გარანტიები იყოს მუდმივი, ხოლო უკრაინის ურთიერთობები დასავლეთთან - კიდევ უფრო მძლავრი".
ცნობისთვის: ერთი დღით ადრე, 11 ივლისს NATO-მ უკრაინა ალიანსში წევრობისა და მიწვევის გარეშე დატოვა, თუმცა გაწევრიანების პროცესი გაუმარტივა და დღემდე სავალდებულო MAP-ის მიღების ეტაპი მოუხსნა.
"ჩვენ მზად ვიქნებით ალიანსში უკრაინის მისაწვევად, როცა პირობების შესრულდება და მოკავშირეები შეთანხმდებიან" - ნათქვამია შესაბამის კომუნიკეში. ხსენებული პირობები მასში დაკონკრეტებული არ არის. თუმცა როგორც დღეს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის დეპარტამენტის უფროსმა დირექტორმა ამანდა სლოუტმა განმარტა, საუბარია რეფორმებზე მართვის, დემოკრატიისა და უსაფრთხოების სფეროებში.
G7-ის განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ კიევმა რეფორმების ჩატარების პირობა დადო, მათ შორის - სასამართლო სისტემაში და ამასთანავე, შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო.


