ევგენი პრიგოჟინმა აჯანყების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
26/06/2023 15:59:46 მსოფლიო
ცივილიზებული სამყაროს მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა ჯანყის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ "მარშის" მიზანი "ვაგნერის გადარჩენა იყო და არა პოლიტიკური ხელისუფლების დამხობა.
პრიგოჟინი თავის 12–წუთიან მიმართვას იწყებს იმით, რომ „ვაგნერი“ იცავს მხოლოდ რუსეთის ინტერესებს და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია" უკრაინის ომში, მაგრამ „ინტრიგებისა და არასწორად გააზრებული გადაწყვეტილებების შედეგად, ვაგნერი უნდა დაეშალათ 1 ივლისიდან“:
"მეთაურები და თითქმის არც ერთი მებრძოლი არ დათანხმდა კონტაქტების გაფორმებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ ეს გამოიწვევს საბრძოლო შესაძლებლობების სრულ დაკარგვას. თუმცა, თუ გადაწყვეტილება არ შეიცვლებოდა, ისინი 30 ივნისს კოლონით დონის როსტოვში შესვლას და თავდაცვის სამინისტროსთვის ტექნიკის გადაცემას აპირებდნენ".
მიუხედავად ამისა, პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვერტმფრენებით შეტევა განახორციელა დაჯგუფების მებრძოლების წინააღმდეგ, შედეგად "ვაგნერის" 30 დაქირავებული დაიღუპა:
„მარში გაგრძელდა 24 საათის განმავლობაში. ერთი კოლონა დონის როსტოვში შევიდა, მეორე მოსკოვისკენ გაემართა. ერთ დღეში გავიარეთ 780 კილომეტრი. დარჩენილი იყო 200 კილომეტრზე მეტი მოსკოვამდე. ადგილზე არც ერთი ჯარისკაცი არ დაღუპულა. ვწუხვართ, რომ იძულებული გავხდით, დარტყმა მიგვეყენებინა საჰაერო ობიექტებზე. კამპანიის მიზანი იყო, თავიდან აგვეცილებინა "ვაგნერის" განადგურება და პასუხისგებაში მიცემა იმ პირებისა, რომლებმაც თავიანთი არაპროფესიონალური ქმედებებით დაუშვეს უამრავი შეცდომა „სპეცოპერაციის“ დროს. ამას ითხოვდა საზოგადოება“.
მისი თქმით, მარშის დროს მისმა ძალებმა დაბლოკეს და გაანეიტრალეს ყველა სამხედრო ობიექტი გზის გასწვრივ, აეროდრომების ჩათვლით.
პრიგოჟინი ამბობს, რომ "ვაგნერის" მებრძოლებს შორის ორი დაღუპული და რამდენიმე დაჭრილია. "ორივე გარდაცვლილი იყო რუსეთის რეგულარული არმიის სამხედრო, რომლებმაც "ვაგნერში" გაწევრიანება გადაწყვიტეს",– აკონკრეტებს პრიგოჟინი.
პრიგოჟინის თქმით, მისი შეიარაღებული ძალები "შეჩერდნენ, როდესაც აშკარა გახდა, რომ ბევრი სისხლი დაიღვებოდა. ჩავთვალეთ, რომ საკმარისი იყო". მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ვაგნერის" "კოლონები მოსკოვისკენ პროტესტის დემონსტრირებისთვის წავიდნენ და არა ხელისუფლების დასამხობად“.
როგორც პროგოჟინი ამბობს, ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ "დახმარების ხელი გაუწოდა და "ვაგნერს" საქმიანობის გაგრძელება შესთავაზა იურისდიქციის ქვეშ" და მისი თქმით, ამის შემდეგ დაბრუნდნენ "ვაგნერის" კოლონები საველე ბანაკებში.
„ჩვენმა მსვლელობამ ქვეყნის ტერიტორიაზე უსაფრთხოების დიდი პრობლემები გამოავლინა. გზად ყველა სამხედრო ნაწილი დავბლოკეთ. 24 საათში დავფარეთ ის მანძილი, რა მანძილიცაა სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების ადგილიდან კიევამდე. 2022 წლის 24 თებერვალს ჩვენნაირი ხალხი რომ ყოფილიყო, სპეციალური სამხედრო ოპერაცია ერთ დღეს გაგრძელდებოდა. ჩვენ ვაჩვენეთ ორგანიზებულობის ის დონე, რომელსაც რუსული არმია უნდა მიესადაგებოდეს. რუსეთის ქალაქებში მშვიდობიანი მოქალაქეები დროშებით დაგვხვდნენ და გახარებულები. ჩვენ ვაჩვენეთ მასტერკლასი, როგორი უნდა ყოფილიყო 24 თებერვალი. ჩვენ არ ვაპირებდით რეჟიმის დამხობას“.
პრიგოჟინმა არ გაამჟღავნა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების დეტალები და "ვაგნერის" შემდგომი გეგმები.
იხილეთ ასევე: "ვაგნერის" ძველი წევრები პრიგოჟინს უნდობლობას უცხადებენ და შურისძიებით ემუქრებიან
მანამდე გავრცელდა ცნობები, რომ ბელარუსში, უკრაინის საზღვრიდან 200 კილომეტრში ბანაკებს ამზადებენ "ვაგნერის" დაქირავებულებისთვის.
ცნობისთვის: 23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ „სამართლიანობის აღსადგენად მარში" დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
24 ივნისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კონტოლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებოდნენ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განვითარებულ მოვლენებს "ამბოხება, ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა" უწოდა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
24 ივნისს ღამით პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ "მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებოდა თუმცა იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია იყო, "ვაგნერელები" უკან „საველე ბანაკებში“ დაბრუნდებოდნენ.
პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
24 ივნისს გვიან ღამით პრეზიდენტ პუტინის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და იგი ბელარუსში ჩავიდოდა.
პრიგოჟინის ზუსტი ადილსამყოფელი ჯერ–ჯერობით უცნობია.


