Accentnews.ge
"ვაგნერის" ძველი წევრები პრიგოჟინს უნდობლობას უცხადებენ და შურისძიებით ემუქრებიან

"ვაგნერის" ძველი წევრები პრიგოჟინს უნდობლობას უცხადებენ და შურისძიებით ემუქრებიან

24/06/2023 19:07:25 მსოფლიო

ცივილიზებული სამყაროს მიერ ტერორისტულად აღიარებული კერძო გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" სტაჟიანი წევრები, რომლებიც 23-24 ივნისის ჯანყში ჩასაბმელად მათი ლიდერის - ევგენი პრიგოჟინის ბრძანებას ელოდნენ, იმედგაცრუებულები არიან ამ უკანასკნელის გადაწყვეტილების გამო, მოსკოვისკენ სვლა შეეწყვიტა და მებრძოლები უკან გაებრუნებინა.

დღეს, დღის პირველ ნახევარში "აქცენტი" "ვაგნერელების" ტელეგრამ-არხებზე დაყრდნობით წერდა, რომ "სამართლიანობის მარშში" პრიგოჟინს თან დაჯგუფების მხოლოდ ახალი წევრები ახლდნენ, კერძოდ - ის პატიმრები, რომელიც მან უკრაინაში საბრძოლველად რუსეთის ხელისუფლებას ციხეებიდან გამოაშვებინა.

გთავაზობთ სტაჟიანი "ვაგნერელების" ტელეგრამ-არხიდან ნათარგმნ რამდენიმე კომენტარს:

  • "ამ მარშის შეკავების მცდელობისას ორი დღის განმავლობაში 12 რუსი პილოტი დაიღუპა. ვთვლი, რომ ამაზე პასუხისმგებლობას რუსული არმიის ხელმძღვანელობასთან ერთად ბატონი პრიგოჟინიც იზიარებს, რომელიც სულ რაღაც ერთ საათში რუსეთის ყველაზე ავტორიტეტული პოლიტიკოსიდან საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსად იქცა".
  • "ვაგნერს" რუსეთში უზარმაზარი სამხედრო მხარდაჭერა შეხვდა და ყველა შანსი ქონდა, ქვეყანაში რაიმე მართლაც შეეცვალა. ამ არამზადამ [პრიგოჟინმა - რედ] ყველას გვიღალატა".
  • "კრემლთან მიღწეული შეთანხმემების ფარგლებში პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, მაგრამ თუ უხარია ძალიან ცდება: მან დღეს საკუთარ სასიკვდილო განაჩენს მოაწერა ხელი".
  • "ეს რა იყო?! რა მივიღეთ შედეგად? - მთელმა მსოფლიომ დაინახა, რამდენად სუსტია რუსეთის ხელისუფლება და რომ მოსკოვამდე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ნებისმკიერი მსურველი შეძლებს მისვლას. არ გამოვრიცხავ, NATO უკვე გეგმავდეს მსგავს ოპერაციებს რუსეთის ტერიტორიის ევროპულ ნაწილში განსახორციელებლად".
  • "კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ კრიმინალების ნდობა არ შეიძლება".
  • "თუ იარაღს იღებ, ბოლომდე უნა იარო. პრიგოჟინი სრული იდიოტივით მოიქცა და ამით არამარტო საკუთარი თავი, არამედ უამრავი ჩვენი მებრძოლი დააყენა დარტყმის ქვეშ. თუ თავი არ ჰქონდა არც უნდა წამოეწყო. ვიმედოვნებ, უახლოეს ხანებში მას რამენაირი ამაზრზენი გზით მოკლავენ".
  • "ვაგნერთან" კონტრაქტს ვწყვეტ".
  • "შურს ვიძიებთ".
  • "რომ ირწმუნება, "უკან გეგმის მიოხედვით გავტრიალდიო", ვის ატყუებს?! ყველანი ვიყავით ინფორმირებულები, რომ ამოცანას წარმოადგენდა რუსეთის ხელმძღვანელობის იძულება, მოსკოვიდან გაქცეულიყო რის შემდეგაც საქმეში ჩვენც უნდა ჩავრთულიყავით და სტრატეგიული ობიექტები უნდა დაგვეკავებინა. ამ გამყიდველი იდიოტის გამო "ვაგნერი" საშინლადაა შერცხვენილი".

პრიგოჟინმა დღეს საღამოს განაცხადა, რომ მისი გასამხედროებული დაჯგუფება მოსკოვისკენ სვლას აჩერებდა.

"ჩვენ 200 კმ-ში ვართ მოსკოვიდან. 23 ივნისიდან ამ დრომდე რუსეთის ტერიტორიაზე მარშით ისე ვიარეთ, რომ ერთი ტყვიაც არ გაგვისვრია. მაგრამ ახლა ის მომენტია, როცა უკვე სისხლი შეიძლება, დაიღვაროს. ამიტომაც ვტრიალდებით და მივდივართ საპირისპირო მიმართულებით - საველე ბანაკებისკენ, როგორც იყო კიდეც დაგეგმილი", - აცხადებს მამაკაცი პრიგოჟინის ხმით მორიგ აუდიო-მიმართვაში, რომელიც კვლავ ტელეგრამ-არხმა "პრიგოჟინის პრეს-სამსახურმა" გაავრცელა.

მანამდე ბელარუსის ავტორიტარ ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოს პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, პრიგოჟინმა უკან სწორედ მასთან მოლაპარაკების შედეგად დაიხია, რომ ლუკაშენკოს შუამდგომლობით მოლაპარაკებები დილიდან წარმოებდა და საბოლოოდ წარმატებით დასრულდა.

«დღეს დილით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელარუსი კოლეგა საქმის კურსში ჩააყენა რუსეთის სამხრეთში შექმნილი ვითარების შესახებ. სახელმწიფოთა ლიდერები ერთობლივ ქმდებებზე შეთანხმდნენ. მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ, დამატებით დააზუსტა რა გარკვეული ინფორმაციები საკუთარი არხებით, მოლაპარაკებები გამართა კერძო გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინთან. მოლაპარაკებები მთელი დღის განმავლობაში წარმოებდა. შედეგად მხარეები რუსეთის ტერიტორიაზე სისხლისმღვრელი დაპირისპირების დაუშვებლობაზე შეთანხმდნენ. ევგენი პრიგოჟინმა მიიღო ბელარუსის პრეზიდენტის წინადადება "ვაგნერის" შეიარაღებულ წევრთა რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილების შეწყვეტისა და დაძაბულობის შემდგომი დეესკალაციის თაობაზე. ამ დროისთვის მაგიდაზე დევს ვითარების გადაწყვეტის აბსოლუტურად მისაღები და მომგებიანი ვარიანტი, "ვაგნერელების" უსაფრთხოების გარანტიებით" - ნათქვამია ლუკაშენკოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცეებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S