მედია: ბელარუსში ბანაკებს აგებენ "ვაგნერის" დაქირავებულთა განსათავსებლად
26/06/2023 14:49:27 მსოფლიო
ბელარუსის მოგილევის ოლქში, ოსიპოვიჩში, უკრაინის საზღვრიდან 200 კილომეტრში, ბანაკს აშენებენ "ვაგნერის" დაქირავებულებისთვის,– იუწყება "ვიორსტკა" და დასძენს, რომ რამდენიმე ასეთი ბანაკი შეიქმნება.
იმავდროულად, "ბელარუსი გაიუნი", რომელიც მონოტორინგს ახორციელებს ბელარუსში მიმდინარე სამხედრო აქტივობებზე, აცხადებს, რომ ამ დროისთვის მსგავსი ბანაკების მშენებლობის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს.
წყარო "ვიორსტკას" ეუბნება, რომ ოსიპოვიჩში ბანაკის ფართობი 24000 კვადრატული მეტრი იქნება და 8000 საწოლზე იქნება გათვლილი. გამოცემის თანამოსაუბრე ირწმუნება, რომ მშენებლებს ბანაკის გაშლის დასრულება 27 ივნისს ლანჩამდე დაევალათ.
გამოცემას "ვაგნერელთა" ნათესავებმაც დაუდასტურეს, რომ დაქირავებულები ბელარუსში გაემგზავრებიან.
23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ „სამართლიანობის აღსადგენად მარში" დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
24 ივნისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კონტოლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებოდნენ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განვითარებულ მოვლენებს "ამბოხება, ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა" უწოდა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
24 ივნისს ღამით პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ "მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებოდა თუმცა იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია იყო, "ვაგნერელები" უკან „საველე ბანაკებში“ დაბრუნდებოდნენ.
პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
24 ივნისს გვიან ღამით პრეზიდენტ პუტინის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და იგი ბელარუსში ჩავიდოდა.
პრიგოჟინის ზუსტი ადილსამყოფელი ჯერ–ჯერობით უცნობია.


