ბელარუსში სამობილიზაციო წვრთნები დაიწყო
21/06/2023 12:11:31 მსოფლიო
ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ მინსკის სიახლოვეს სამობილიზაციო წვრთნების დაწყება გამოაცხადა.
მისივე ინფორმაციით, 21-დან 30 ივნისის პერიოდში წვრთნებში მინსკის ოლქის სამხედრო კომისარიატები მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც უწყებაში ირწმუნებიან, მსგავსი წვრთნები ყოველწლიურად ტარდება, მათ მიზანს კი სამობილიზაციო ამოცანების შესასრულებლად შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისა და კომისარიატების მზაობის შემოწმება წარმოადგენს.
20 ივნისს პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა და განაცხადა: "ОДКБ - ს დასავლეთ ფლანგზე, ჩვენთვის და რუსეთისთვის სამწუხაროდ, უსაფრთხოებისთვის რეალური საფრთხეები ყალიბდება, რომელიც უფრო სერიოზულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. შემაშფოთებელი ვითარებაა ამიერკავკსიაში და ცენტრალურ აზიაში. რა იქნება ხვალ - არავინ იცის".
მანამდე გამოცემა The Times წერდა, რომ ბელარუსის ასობით მოქალაქე, რომელმაც სამშობლო 2020 წლის მასობრივი პროტესტის შემდეგ დატოვა, პოლონეთში საბრძოლო მომზადებას გადის, მიზანი ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის შეცვლაა.
მისივე ინფორმაციით, წვრთნებს ბელარუსის ძალოვანი სტრუქტურების ოფიცრების ყოფილი გაერთიანება BYPOL მართავს. როგორც ორგანიზაციის ლიდერი ალექსანდრე აზაროვი აცხადებს, ბელარუსის მოქალაქეების რიგი ჯგუფები სწავლებაში უკვე რამდენიმე თვეა, მონაწილეობენ.
"მე ამას საბრძოლო დიასპორას ვეძახი. ჩვენი ძალა ყოველდღიურად იზრდება" - აღნიშნა მან.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან პოლონელ მესაზღვრეებს პირველად გაუხსნეს ცეცხლი.
ცნობისთვის: ივნისის დასაწყისში ბელარუსის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ "დასავლეთი ბელარუსში ხელისუფლების შეცვლის ძალისმიერ სცენარს ამუშავებდა". მისივე მტკიცებით, პოლონეთში, ლიეტუვასა და უკრაინაში "დასავლელები უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრებს წვრთნიან ბელარუსში გადატრიალების მოსაწყობად".


