მედია: პოლონეთში ასობით ბელარუსს ლუკაშენკოს რეჟიმის ჩამოსაგდებად ამზადებენ
19/06/2023 10:49:14 მსოფლიო
ბელარუსის ასობით მოქალაქე, რომელმაც სამშობლო 2020 წლის მასობრივი პროტესტის შემდეგ დატოვა, პოლონეთში საბრძოლო მომზადებას გადის, მიზანი ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის შეცვლაა, - წერს The Times.
მისივე ინფორმაციით, წვრთნებს ბელარუსის ძალოვანი სტრუქტურების ოფიცრების ყოფილი გაერთიანება BYPOL მართავს. როგორც ორგანიზაციის ლიდერი ალექსანდრე აზაროვი აცხადებს, ბელარუსის მოქალაქეების რიგი ჯგუფები სწავლებაში უკვე რამდენიმე თვეა, მონაწილეობენ.
"მე ამას საბრძოლო დიასპორას ვეძახი. ჩვენი ძალა ყოველდღიურად იზრდება" - აღნიშნა მან.
აღსანიშნავია, რომ BYPOL-თან დაკავშირებულმა პარტიზანებმა ბელარუსის ტერიტორიაზე რამდნეიმე წარმატებული ოპერაცია უკვე განახორციელეს. კერძოდ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მათ მოაწყვეს დივერსიები რკინიგზაზე, რომლის გამოყენებით რუსული ჯარის მომარაგება ხორციელდებოდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი ორგანიზაციამ პასუხისმგებლობა აიღო ორი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით მინსკის სიახლოვეს მდებარე აეროპორტში A-50 ტიპის რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის განადგურებაზე.
ბელარუსში BYPOL ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.
.


