პოლონეთი ბელარუსს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს
16/06/2023 09:30:14 მსოფლიო
ბელარუსის ტერიტორიიდან პოლონელ მესაზღვრეებს პირველად გაუხსნეს ცეცხლი, - განაცხადა ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის პოლკოვნიკმა არკადიშ ტივონიუკმა.
მისივე თქმით, დაიცხრილა სამსახურებრივი ავტომობილი, რომელშიც ორი მესაზღვრე იმყოფებოდა.
"საბედნიეროდ, არც ერთი მათგანი არ დაშავებულა. კონკრეტულად რას ისროდნენ, ჯერ დასადგენია, თუმცა მანქანაზე ძლიერი დარტყმა მოვიდა, ხოლო ტყვიების სიჩქარე და კინეტიკური ენერგია ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო. ამ ეტაპზე დანამდვილებით ვერ ვამბობთ, პნევმატური იარაღიდან ისროდნენ თუ რაღაც სხვა სახეობა იყო გამოყენებული, მაგრამ ტყვიამ ავტომობილის გვერდითა შუშიდან გაიარა და საპირისპირო ფანჯრიდან გავიდა. შესაბამისად, დაცხრილვამ საფრთხე შეუქმნა მანქანაში მყოფი ორი სამხედრო პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას" - განაცხადა ტივონიუკმა და იქვე დასძინა, რომ მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია პოლონეთის სეიმიც.
მისივე თქმით, თითქმის ყოველდღიურობად იქცა ბელარუსის ტერიტორიაზე მყოფი დევნილების მიერ პოლონელი მესაზღვრეების მიმართულებით ქვების სროლაც. როგორც წესი, ამას ავღანეთიდან, სირიიდან, ერაყიდან, იემენიდან და სომალიდან დევნილები სჩადიან.
ამასთანავე წლის დასაწყისიდან პოლონელმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში უკანონო შეღწევის უკვე 12 ათას 300 მცდელობა დააფიქსირეს.
ცნობისთვის: 2022 წლის იანვრიდან, მიგრაციული კრიზისის ფონზე, პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე გალავანს აშენებს. მისი 206 კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე დასრულებულია. გალავანი აღჭურვილია ელექტრონული სისტემით, რომელიც საზღვრის დარღვევის მცდელობებს აფიქსირებს. ნოემბერში კი პოლონეთმა 2,5 მეტრი სიმაღლისა და 3 მეტრი სიგანის კედლის მშენებლობა რუსეთთან საზღვარზე დაიწყო. მასზე ანალოგიური ელექტრონული სისტემა კალინინგრადის ოლქის გასწვრივ დამონტაჟდება.


