კარასინი კვლავ საქართველოზე საუბრობს
08/02/2023 16:02:38 პოლიტიკა
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი საქართველოს შესახებ კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს და კვლავ პროპაგანდისტულ გზავნილებს ახმოვანებს.
„როგორც მოსალოდნელი იყო, დასავლეთი იწყებს საქართველოსთვის "ხელების გრეხას" რუსეთთან ძალიან მშვიდი ურთიერთობების გამო. ეს არის თამაშის ახალი წესები საერთაშორისო საქმეებში, განურჩევლად ისტორიისა, გეოგრაფიისა და სახელმწიფოს პრეფერენციებისა. ვაშინგტონმა გადაწყვიტა: გააკეთე ეს! ამაზე კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს!,- წერს კარასინი „ტელეგრამში“.
ცნობისთვის: იანვრიდან მოყოლებული, რუსმა პოლიტიკოსებმა საქართველოს შესახებ საუბარს მოუხშირეს და ყველა განცხადება კრემლის პროპაგანდისტულ ანტიდასავლურ გზავნილებს შეიცავს. ამასთან, კარასინი უკვე ორჯერ დაემუქრა საქართველოს "კონფლიქტების ესკალაციით" იმ შეთხვევაში, თუ რუსეთის მიმართ ლოიალობის კურსს შეცვლის.
იხილეთ ასევე:
კარასინი: "სამხრეთ კავკასიის თავზე ახალი ღრუბელი იკვრება"
მოსკოვი თბილისს "კონფლიქტების ესკალაციით" ემუქრება
„ცინიკური, აგრესიული“: საქართველო კრემლის ფოკუსში
რას ნიშნავს მოსკოვის გზავნილები, რუსული მედია ასე განმარტავს:
„ოფიციალური თბილისისთვის ასეთი სიგნალების [ფრენის განახლება და სავიზო რეჟიმის გაუქმება] გაგზავნით მოსკოვი სავარაუდოდ, ახდენს საქართველოს ხელისუფლების წახალისებას რუსეთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებით ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯებისთვის. იგულისხმება, კერძოდ, დისტანცირება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისგან და ხელისუფლების მხრიდან გახმაურებული მუქარა მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ იმ ქართველებისთვის, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ დონბასში დაღუპული 33 ქართველის ჰეროიზაციაზე უარის თქმა; ასევე გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ ეროვნული სანქციების არდაწესების შესახებ (საქართველო შეუერთდა მხოლოდ დასავლეთის მიერ დაწესებულ საფინანსო სანქციებს); ასევე ზოგიერთი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის საქართველოში არშეშვება“, - წერს რუსული გამოცემა „კომერსანტი“.


