„ცინიკური, აგრესიული“: საქართველო კრემლის ფოკუსში

03-02-2023 17:37:50 ანალიზი

იანვრის მიწურულიდან მოყოლებული საქართველოს თემა საგრძნობლად დიდი დოზით მოექცა რუსი ოფიციალური პირების ვორდინგში: „კვირეული“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გახსნა საქართველოს ხელისუფლებისადმი საქებარი სიტყვებით და ფრენების აღდგენის შესაძლებლობაზე საუბრით; შემდეგ ქართული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილმა რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა გააჟღერა არსებულ მოცემულობაში წარმოუდგენელი წინადადება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე; მოგვიანებით „სცენაზე“ კვლავ ლავროვი გამოვიდა ანტიდასავლური კოალიციად მოაზრებული პლატფორმის დროულობაზე აქცენტირებით, რომელსაც საზოგადოება „3+3“–ის სახელით იცნობს და რომელიც საქართველოს გამო რეალურად „3+2“–ად იქცა; მას მოჰყვა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის სიტყვები, ავიამიმოსვლის აღდგენას განვიხილავთ, მაგრამ „ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო“. და თუ დუეტის ერთ-ერთ მონაწილე ყოყმანობს, ზეწოლა არ არის საჭიროო“. და ბოლოს ისევ ლავროვი: რუსმა დიპლომატმა აგდებულად მოიხსენია საქართველოს „მისთვის კარგად ნაცნობი“ პრეზიდენტი, რომელიც მკაფიოდ პოზიციონირებს რუსეთ–უკრაინის ომის კონტექსტში, „მადლობა ღმერთს, არ წყვეტს ქვეყნის განვითარების გზასო“ და საქართველოს ხელისუფლების ციტირებას შეუდგა, მათ შორის, მმართველი გუნდის წევრების ჩართულობით საქართველოში გაჩაღებული ანტიდასავლური კამპანიის ძირითადი ხაზის გამოყენებით:

იხილეთ ასევე: რუსეთი კვლავ აქცენტირებს საქართველოსთვის არასაჭირო ფორმატზე: ვის ინტერესშია "3+3" ომის ფონზე

„ახლა საქართველოში პრეზიდენტი, რომელიც, მადლობა ღმერთს, არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზას, ასრულებს უფრო ცერემონიალურ ფუნქციებს... არის მთავრობა... არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ მსურს ამ მთავრობის კომპრომეტირება მოვახდინო პოზიტიური სიტყვებით იმის შესახებ, რასაც აკეთებს, უბრალოდ ციტირებას მოვახდენ პრემიერის და მინისტრების, რომლებიც უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, რომ შეუერთდნენ სანქციებს, გაეხსნან „მეორე ფრონტი“, ამბობენ: „თქვენ იცით, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, გვაქვს ტურიზმი და ვიღებთ ენერგომატარებლებსაც“.

საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მაქსიმალურად გაურბის რუსეთის მიმართ მკაფიო პოზიციონირებას (ჟღერს ეჭვებიც სანქციების გვერდის ავლაში რუსეთისთვის ხელშეწყობაზე), ამ ეტაპზე დუმს, თუ არ ჩავთვლით საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის სიტყვებს, „ნეიტრალურები ვართ“ ლავროვის განცხადების მიმართო. გარდა ამისა, ბუნდოვანია ოფიციალური თბილისის პოზიცია რუსეთთან ფრენების აღდგენის საკითხზე. მაგალითად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ორჯერ ბრძანა, „მივესალმებით“ მსგავს ნაბიჯსო, მაგრამ თუ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს 25 იანვრის განცხადებით ვიმსჯელებთ, რომელშიც აჯამებდა საქართველოს ელჩის დიპლომატიურ უწყებაში ვიზიტს, სრულიად განსხვავებული პოზიცია დაფიქსირდა: "ქართველმა დიპლომატმა მინისტრის მოადგილე დაარწმუნა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთში ფრენების აღდგენას“.

საქართველოსგან განსხვავებით, მკაფიოა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია, "მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა სასტიკ რეჟიმს და ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არისო" და სანქციების რისკის შესახებ გაფრთხილებითაც გამოვიდა:

"ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა სანქციების სამიზნე გახდნენ, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს".

მაინც რას მოასწავებს განცხადებების ამგვარი ინტენსივობა მოსკოვიდან, რომლებიც, მიუხედავად დუმილისა, არც თუ სახარბიელო მდგომარეობაში უნდა აყენებდნენ ქვეყნის ხელისუფლებას, რომელსაც პროდასავლური პოლიტიკური კურსი აქვს დეკლარირებული და რომლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი უმრავლესობა (ყველა სოციოლოგიური კვლევის მიხედვით) მხარს უჭერს ამ კურსს, საქართველოში ხედვები განსხვავებულია: ნაწილი ფიქრობს, რომ დასავლეთთან „ნაღმების“ ჩადებას ისახავს მიზნად, ნაწილის ხედვით, ადრესატი ქართული საზოგადოებაა. უკანასკნელ ვერსიას იზიარებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელიც:

„საერთაშორისო პოლიტიკაში დამთხვევები არ ხდება. მით უმეტეს არ ხდება, როდესაც ეს ერთგვარი სერიალის სახეს იღებს, ეს ხომ პირველად არ მომხდა? კრემლის მხრიდან სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირის მიერ მერამდენეჯერ ხდება ასეთი ტიპის განცხადების გაკეთება? ეს განცხადება ორიენტირებულია ერთმნიშვნელოვნად საქართველოს მოსახლეობაზე. ეს არ არის არც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გაკეთებული და მით უმეტეს არ არის ჩვენი ხელისუფლებისთვის გაკეთებული, ჩვენს ხელისუფლებასთან მათ ყველაფერი გარკვეული აქვთ. ის, რომ ომში არ ჩაგვითრიონ, ჩვენთან ტანკებიდან არ ისვრიან და ეს არის მთავარი მონაპოვარი და ამით იმდენად ბედნიერი უნდა ვიყოთ, რომ სხვა არაფერზე ხმას არ უნდა ვიღებდეთ საერთოდ, სხვა პრობლემას არ უნდა ვხედავდეთ, ამაზე შეხმიანებაა ლავროვის მხრიდან და ერთგვარი წინმსწრებად გაკეთებული განცხადებაა, რომ „ხალხო, თუ ასე გაგრძელდება, ნუ გეშინიათ“, ეს არის დამაგრება იმ პროპაგანდის, რასაც ეწევა ხელისუფლება თითქმის ერთი წლის განმავლობაში“.

პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე დარწმუნებულია, ლავროვის თითოეული განცხადება გათვლილია შემდეგზე: „გამოიწვიოს დეზორიენტაცია ქართულ საზოგადოებაში, გააჩინოს მეტი ბზარი საზოგადოებასა და მთავრობას შორის (რასაც სამწუხაროდ, ვერ ხვდება ქართული ცნება), კიდევ უფრო დაბლა დასცეს მთავრობის ისედაც დაცემული ავტორიტეტი, რადგან ძლიერი ინსტიტუტები რუსეთს არაფერში სჭირდება“.

ამასთან, ფხალაძე ფიქრობს, რომ საქართველოსთან მიმართებაში მსგავსი სითამამე ორი მიზეზით არის განპირობებული:

  • საქართველოს ორჭოფული პოზიციონირება;
  • პარტნიორებთან საქართველოს ურთიერთობების საგრძნობი გაუარესება.

„რუსეთის ავტორიტარული რეჟიმი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მსგავსი რეჟიმი, დასასრულის დროს მაქსიმალურად ცდილობს, რაც შეიძლება მეტის გაფუჭება მოასწროს ყველგან, სადაც ხელი მიუწვდება. იმ ფონზე, როდესაც მას სერიოზული პრობლემები აქვს უკრაინაში (ომი, რომელიც პუტინის განცხადებით, 3 დღეში უნდა დასრულებულიყო, ერთი წელი ხდება და ვხედავთ, რომ უკრაინა ნელ–ნელა, მაგრამ დამაჯერებლად იღებს უპირატესობას საკუთარ ხელში), რეჟიმს უპირველესად, შიდა აუდიტორიისთვის სჭირდება ჩვენება, რომ ოპერირებს სხვადასხვა მიმართულებით და ზეგავლენას ახდენს მსოფლიო თუ არა, რეგიონულ პოლიტიკაზე მაინც. და თუ ვერ ერევა უკრაინას, ნახოს უფრო სუსტი და მას მიაყენოს ზიანი. ამ შემთხვევაში საქართველო სამწუხაროდ, სუსტად ჩანს არა იმიტომ, რომ პატარა ქვეყანაა, არამედ, ბევრ რამეში ჩვენი, რბილად რომ ვთქვათ, ორჭოფული განცხადებების თუ ნაბიჯების გამო. და რუსეთმა თავი მეტად თამამად იგრძნო საქართველოსთან მიმართებით. პარტნიორებთან ურთიერთობების საგრძნობი დაძაბვა ცხადია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობას ასუსტებს“,– ამბობს “აქცენტთან“ ფხალაძე და დასძენს, რომ ამას ემატება რიგი ორგანიზაციების „რომის პაპზე მეტი კათოლიკობა“, რიგი თხოვნებით ვიზიტები მოსკოვში:

„რუსეთს რაც მეტს სთხოვ, მით უფრო ცინიკურად და აგრესიულად გეპყრობა. ეს ვერ გავიაზრეთ ამ 300 წლის განმავლობაში. ის სარგებლობს ვითარებით, თორემ რეალურად რომ შევხედოთ რიტორიკის მიღმა ნაბიჯებს, არც არაფერი ხდება – რუსეთი საქართველოს არც არაფერს სთავაზობს, რაც ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ფრენების აღდგენაც ყველაზე მეტად სწორედ რომ რუსეთის მოქალაქეებს სჭირდებათ – მათ აქვთ პრობლემები ქვეყნიდან გასვლის, ბიზნესის გადატანის... საქართველოში ისინი უვიზოდ შემოდიან, საქართველოს მოქალაქისთვის კი ჯერ ერთი, ნაკლები შესაძლებლობაა იმ ბაზარზე და მეორეც, მთელი რიგი ბიუროკრატიული პროცედურებია. ამდენად, ფრენების საკითხი რუსეთის ინტერესებშია. მაგრამ რუსეთი ცინიკური სახელმწიფო იმიტომაა, როგორც კი დაინახავს მასზე სუსტს, საკუთარი ინტერესებიც ისე თარგმნოს, თითქოს მომავალი მსხვერპლისთვის სჩადის რაიმე სასარგებლოს. რუსეთი არ არის დასავლეთის ცივილიზებული სამყაროს იმ ტიპის სახელმწიფო, რომელიც გელაპარაკება როგორც თანასწორს. მისი მთელი სტრატეგიაა, რომ მეორე მხარეს საკუთარი უპირატესობა აგრძნობინოს, დააშინოს და შემდეგ ამ ;პოზიციაში დაელაპარაკოს. ეს ქედმაღლური და მუქარის ტონით საუბრებიც ამ ხაზის გაგრძელებაა, რასაც ჩვენ ვუწყობთ ხელს იმით, რომ არ ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს, არ გვეტყობა სიმტკიცე. ვიმეორებ, ჩვენი შეცდომაა, რომ ვერ ვისწავლეთ, თორემ რუსეთი რაც იყო, იგივე დარჩა!",– წუხს ფხალაძე.

ამასთან, ანალიტიკოსი იზიარებს საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომ "საქართველოს საკითხი მაგიდაზე უნდა იყოს, რათა არავინ იფიქროს, რომ ეს ომი შესაძლოა, მოგვარდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის გასვლის გარეშეო", თუმცა ქვეყნის მთავარსარდალს შეახსენებს, რომ არა ექსპერტი, არამედ ოფიციალური პირია და შეფასების ნაცვლად მოქმედებით უნდა იყოს დაკავებული – „საჭიროა აქტიურ კომუნიკაცია პარტნიორებთან უმაღლეს დონეზე“. ხოლო რაც მეტად დამოკიდებული გავხდებით რუსეთზე, მათ შორის, ეკონომიკურად, ფხალაძე დარწმუნებულია, რომ გაცილებით ცინიკური, მკაცრი, მომთხოვნი, აგდებული გახდება მოსკოვის ტონი და თუ თბილისმა პოლიტიკა არსებული სვლით განაგრძო, „კარგს არც არაფერს უნდა ველოდოთ“: „ახლა რუსეთთან დამაკავშირებელ ახალ მაგისტრალზე კი არა, დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე უნდა ვსაუბრობდეთ!“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები