ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას აქებს

18-01-2023 14:25:30 პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე, რომელზეც აჯამებდა გასულ წელს რუსული დიპლომატიის ქმედებებს, საქართველოს ხელისუფლება შეაქო და გააჟღერა რიგი პროპაგანდისტული გზავნილებიც.

ამასთან, კიდევ ერთხელ ისაუბრა ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე, რომელიც რუსეთმა ცალმხრივად შეწყვიტა.

„„მოხარული ვარ, რომ აქტიურად ვითარდება ხალხთა შორის კონტაქტები საქართველოსთან. მითხრეს, რომ შარშან საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, ძირითადად ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების გამო. ვიმედოვნებ, რომ მალე შევძლებთ პირდაპირი ფრენების აღდგენას. მაგრამ ვხედავთ, რომ საქართველო, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, განიცდიან ზეწოლას დასავლეთის მხრიდან, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ, შეუერთდნენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და როდესაც პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა, თქვას, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ინტერესებით, ჩვენი ეკონომიკური ინტერესებით, ეს პატივისცემას იმსახურებს“,– განაცხადა ლავროვმა.

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ რუსეთს „არავითარი პრობლემა არ აქვს ქართველ ხალხთან“. გარდა ამისა, მან თქვა, რომ „უზარმაზარ პატივს სცემს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას“, რომელიც, მისი თქმით, იცავს ტრადიციულ ღირებულებებს.

„დიახ, იყო ამბავი 2008 წელს [რუსეთი დაესხა თავს საქართველოს – რედ.]. მაგრამ ისევ ნატომ ითამაშა თავისი როლი, როდესაც აპრილში ბუქარესტში, ნატოს სამიტზე მიღებულ იქნა დეკლარაცია, სადაც ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა ნატო–ში იქნებოდნენ. სააკაშვილი შეიპყრო ემოციებმა და გადაწყვიტა, რომ მორჩა – ეს იყო ინდულგენცია. შემდეგ კი კონდოლიზა რაისი [აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი - რედ.] ჩამოვიდა ცხინვალისა და სამშვიდობოების პოზიციების დაბომბვის ბრძანებამდე ერთი თვით ადრე. უკრაინელებს ცოტა მეტი დრო დასჭირდათ იმისთვის, რომ ბუქარესტის ამ იმპულსმა მიეღწია იმ ადამიანების ცნობიერებამდე, რომლებმაც გადაწყვიტეს ყველაფერი რუსულის განდევნა თავიანთი ტერიტორიიდან“, - განაცხადა ლავროვმა.

იხილეთ ასევე:

მმართველი გუნდის წევრებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ ლავროვის საქებარ სიტყვებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე ფიქრობს, რომ ლავროვის გზავნილი საზოგადოებისთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს:

„ეს არის ყველაზე დიდი ლუსტრაცია, რაც შეიძლება, ვნახოთ: როდესაც ქვეყანა, რომელიც თავს დაგვესხა, ქვეყანა, რომელიც ახლა უკრაინაში აგრესიას აწარმოებს, გაქებს, როგორც მინიმუმ, საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, როგორი ხელისუფლება ჰყავს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები