რატომ ააქტიურებს მოსკოვი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის და ფრენების თემას

26-12-2022 16:53:08 ანალიზი

მოსკოვი საკუთარი პროპაგანდისტული არხების მეშვეობით პერიოდულად ააქტიურებს ხოლმე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებისა და ფრენების აღდგენის თემას. ამჯერად, რუსულ სახელმწიფო სააგენტო ТАСС-თან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა ისაუბრა, "დადებითი გადაწყვეტილებების მიღებას არ გამოვრიცხავთ, როგორც კი შეიქმნება შესაბამისი წინაპირობებიო". თქვა ისიც რომ „მიუხედავად არცთუ მარტივი საგარეო პოლიტიკური კონიუნქტურისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთქმედება ვითარდებაო". მაინც რას მოიცავს ე.წ. წინაპირობები, „რომელთა შესახებ თბილისში კარგად უწყიან“, არ დაუკონკრეტებია არც მას და არც რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ის საქმეთა მეოთხე დეპარტამენტის დირექტორს დენის გონჩარს, რომელმაც ორიოდ კვირით ადრე ისაუბრა ამავე საკითხსა და ფრენების აღდგენის შესაძლებლობაზე. მაშინ საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, რომ რუსეთს ქართული მხარისთვის მსგავსი თხოვნით არ მიუმართავს, ხოლო საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეც–წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დააზუსტა, „საკითხი ჩვენს დღის წესრიგში ამ ეტაპზე არ დგასო".

ინფორმაციისთვის: რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად აქვს დაწესებული, ისევე როგორც, 2019 წელს, „გავრილოვის ღამით“ ცნობილი მოვლენების შემდეგ ასევე ცალმხრივად შეაჩერა ფრენები საქართველოს მიმართულებით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თემით სხვადასხვა რანგის რუსი ოფიციალური პირები არც თუ იშვიათად სპეკულირებენ და ამ მხრივ თვალსაჩინო მაგალითია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება, თითქოს კრემლს თავის დროზე "ჰქონდა განზრახვა, ეპასუხა ქართველი მეზობლისთვის, რომელმაც რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ცალმხრივად დააწესა" და შესაბამისი გადაწყვეტილებაც ჰქონდა მიღებული, თუმცა მას „გავრილოვის ღამის“ ცნობილმა მოვლენებმა „შეუშალა ხელიო“.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნა ეტაპობრივად ჯერ კიდევ 2011 წლიდან დაიწყო. რეალური სურვილის შემთხვევაში, მოსკოვის განკარგულებაში სრული 11 წელი იყო, ანალოგიური ნაბიჯი გადაედგა, თუმცა არ გადაუდგამს. დაახლოებით მსგავსი პასუხი აქვს ხოლმე ამ ნარატივზე საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეც–წარმომადგენელსაც რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში. სხვათა შორის, რუსეთთან უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეების ნაწილის შეშფოთებას იწვევს, სხვადასხვა არგუმენტით, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების კვალდაკვალ, მათ შორის, არაკომფორტულ ცხოვრებას და მობილიზაციას გამოქცეულმა რუსებმა იმ ქვეყანაში გადაწყვიტეს მასობრივად თავის შეფარება, რომლის ტერიტორიებიც რუსეთსავე აქვს ოკუპირებული და მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. არაერთგზის გაიჟღერა შესაბამისი ზომების მიღების მოთხოვნამ, თუმცა, მმართველ გუნდში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელი არაა და მეტიც, „რუსოფობები“ უწოდეს კრიტიკოსებს.

მკვლევარი დავით ბრაგვაძე არსებული კონტექსტის გათვალისწინებით ვარაუდობს, რომ მსგავსი გზავნილები უფრო რუსულ საზოგადოებაზეა გათვლილი, ვიდრე ქართულზე: იმ პირობებში, როდესაც რუსეთს ცივილიზებული სამყარო უკრაინაში აგრესიული ომის გამო რიყავს, აქცევს იზოლაციაში, უწესებს სანქციებს, მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია, უჩვენოს საკუთარ საზოგადოებას, რომ „რიგ მეზობლებთან ურთიერთობების დალაგების რესურსი აქვს და რომ არც ისე ცუდადაა საქმე“. ამ თვალსაზრისით საქართველო, რუსეთთან ნაომარი ქვეყანა, შესაძლოა, მაგალითად გამოდგეს, „საქართველოში ეს პრობლემები დავძლიეთ, ბაზარი გავხსენი, არსებულ ხელისუფლებასთან საუბარი შესაძლებელიაო“.

„რუსეთიდან პერიოდულად გვესმის ვითომ პოზიტიური, თან ცინიკური, „ძერჟავიკული“ გზავნილები ჩვენი ხელისუფლების მისამართით. ჯამში ეს არის ამბავი იმაზე, თითქოს „რუსეთი ყველას არ მტრობს და არც რუსეთს მტრობს ყველას და რომ ისეთი ქვეყნებიც კი, რომლებიც ხისტი პოზიციებით გამოირჩეოდნენ რუსეთის მიმართ, ბოლო წლებში თანამშრომლობისკენ დგამენ ნაბიჯებსო“. რეალური სურვილი რომ ჰქონდეთ, მიიღებდნენ შესაბამის გადაწყვეტილებას, ვინ აბრკოლებთ?! დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება პრობლემას არ შექმნის რუსებმა ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება რომ შეცვალონ“,– ამბობს „აქცენტთან“ ბრაგვაძე.

საგარეო პოლიტიკის საკითხთა მკვლევარი გიორგი ბილანიშვილი კი მიიჩნევს, რომ მსგავსი გზავნილები რუსულ პროპაგანდას, მათ შორის, „ქართულ საზოგადოებაზე მათთვის სასარგებლო გავლენის მოსახდენად ესაჭიროება, თითქოს რუსეთი მზადაა, რაღაც პოზიტიური ნაბიჯები გადმოდგას ჩვენი მიმართულებით და რომ ჩვენ ამას შესაბამისი განწყობებით და ქმედებებით უნდა შევხვდეთ“:

„მათ განცხადებებს, მათ შორის სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით, საერთო კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვერ განვიხილავთ. ეს იმ მთლიანი პროპაგანდის ნაწილია, რომელიც რუსული და ქართული პრორუსული აქტორების მეშვეობით მიმდინარეობს. ხოლო კონტექსტი ისაა, რომ თურმე რუსეთი კი არ ყოფილა ცუდი, არამედ დასავლეთი – მას აქვს ცუდი ზრახვები ჩვენთან მიმართებით. რუსეთმა რაღაცეები კი დაგვიშავა, მაგრამ ჩვენ თუ სწორად მოვიქცევით, ის კეთილგანწყობილი ნაბიჯებით უპასუხებს – ჯამში ესაა არსი და არ მგონია, სხვა განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდეს“,– აღნიშნავს „აქცენტთან“ ბილანიშვილი, რომელიც წლებია, რუსულ პოლიტიკას აკვირდება.

ორივე მკვლევარი თანხმდება, რომ მოსკოვში სავიზო რეჟიმთან და ფრენებთან მიმართებით გადაწყვეტილება რეალურად რომ მიიღონ, მას ქართულ–რუსულ ურთიერთობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ვერ ექნება, თუმცა დაეხმარებოდა საქართველოში არსებულ პრორუსულ და რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილ ჯგუფებს, მისცემდა რა მათ ერთგვარ „საკვებს“, თუმცა კრემლში არ ჩქარობენ.

„არც იმას გამოვრიცხავ, რომ რეალურად მოხსნან სავიზო რეჟიმი, ეს გზავნილი იქნებოდა რუსეთს შიგნით და აქ რუსეთისადმი სენტიმენტების მქონე ხალხისთვისაც. აი, რატომ არ დგამენ ამ ნაბიჯს, ამაზე პასუხი არ მაქვს. შეიძლება, მიზეზი ისიც იყოს, რომ დღეს, არსებულ ვითარებაში რუსეთში წამსვლელთა რაოდენობა ერთობ ლიმიტირებულია, ხოლო ცარიელი ბორტი ალბათ უფრო თვალსაჩინო იქნება“,– ვარაუდობს ბრაგვაძე.

ბილანიშვილი კი ფიქრობს, რომ ვინაიდან ეს საკითხი „უბრალოდ „საკვებია“ პრორუსული ჯგუფებისთვის – გაშალონ თემა, მოსკოვი წარმოაჩინოს დადებითად“ და ამ ინსტრუმენტის გამოყენება [მაგალითად, სავიზო რეჟიმის მოხსნა – რედ.] მოცემულობაზე არსებითად გავლენას ვერ მოახდენს, „ზოგჯერ სჯობს, მსგავსი საკითხი უბრალოდ გქონდეს დღის წესრიგში, ამით მანიპულირებდე და აძლიერებდე პროპაგანდას, ვიდრე გამოიყენო და დაასრულო ყველაფერი“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები