2008 წლის ომი: ჰააგის გადაწყვეტილების საკვანძო პოლიტიკურ–სამართლებრივი ასპექტები

16-12-2022 20:15:39 ინტერვიუ

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დაასრულა, რომელიც 2016 წლის 27 იანვარს დაიწყო მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ ჩაატარა ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ ძიება ჩიხში შევიდა, არ აქვს რა წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. თუმცა მანამდე ჰააგის პროკურატურა თვალს ადევნებდა გამოძიების პროცესს და ამოწმებდა ღია წყაროებსაც.

უშუალოდ ჰააგის პროკურორი იძიებდა სისხლის სამართლოს საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი ადამიანურობისა და ომის დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში იქნა ჩადენილი.

გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენი არიან:

  • გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი — 2005 წელს დაინიშნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრად 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
  • გამლეტ გუჩმაზოვი — აგვისტოს ომის დრო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი;
  • დავით სანაკოევი —სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.
  • გამოძიების ფარგლებში აგრეთვე გამოკვეთილია მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილის ვიაჩესლავ ბორისოვის როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას, თუმცა ის უკვე გარდაცვლილია, შესაბამისად, მასზე დაკავების ორდერი ვერ გამოიცემოდა:

„ბრალდებები, რომელთა მიმართაც გაიცა დაპატიმრების ორდერები, ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, მძევლად აყვანასა და შემდგომში, მათ უკანონო გადაადგილებას. როგორც ამ დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას აღვნიშნე, აღნიშნული დანაშაულები დანაშაულებრივი ქმედებების უფრო ფართო ხასიათზე მიუთითებს, როგორიც იყო, მაგალითად, ქართული სოფლებისა და ქართველების კუთვნილი სახლების მასობრივი ძარცვა და განადგურება, ასევე, ცხინვალის რეგიონის თითქმის მთელი ქართული მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლებაზე უარის თქმა“, — ნათქვამია კარიმ ხანის განცხადებაში.

პროკურორის თანახმად, აღნიშნული ეჭვმიტანილები მათ შორის არიან, ვისაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიუძღვის ზემოხსენებული სავარაუდო დანაშაულების ჩადენაში.

„დღეს შემიძლია, დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა“, – თქვა ჰააგის პროკურორმა.

რუსეთის მცდელობის მიუხედავად, საბრალდებო სკამზე ქართველები არ აღმოჩნდნენ

ამ გარემოებას უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი 2008-2016 წლებში ლევან მესხორაძე მით უფრო, იმ ფონზე, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა აქტორების, სახელმწიფოს მხრიდან ჟღერდა ბრალდებები და მითითება ხდებოდა ქართული ჯარის მხრიდან ჩადენილ გარკვეულ სავარაუდო დანაშაულებზე სამოქალაქო პირების – უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ. ჰააგის პროკურორის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ კი უკვე საბოლოოდ, საერთაშორისო დონეზე გამორიცხა სადავო სიტუაციებში ქართული მხარის ბრალეულობა.

„გამოძიება მიდიოდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ და ომის დანაშაულებთან დაკავშირებით. ამ გარემოებებზე და იმ მწვავე თუ გარკვეული სიტუაციების გამოძიების, გაანალიზების შემდეგ დადგინდა, რომ რეალურად, ქართული მხარის პოზიცია 2008 წლიდან მოყოლებული სწორი იყო: ჩვენ ვაცხადებდით, რომ საქართველო მოქმედებდა თავდაცვით მდგომარეობაში და საერთაშორისო სამართლის წესების სრული დაცვით, რომ დანაშაულები (მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო კონფლიქტი იყო და ამ კონფლიქტის მეორე მხარეს იდგა დიდი ძალა რუსული სახელმწიფოს და მისი ხელისუფლების სახით) არ ჩაუდენია – საქართველო მოქმედებდა იმ ჩარჩოში, რომელსაც საერთაშორისო სამართალი განსაზღვრავს. ამდენად, ვიმეორებ, არანაირი დანაშაული, მით უმეტეს, კაცობრიობის და ადამიანურობის წინააღმდეგ, ქართულ ჯარს და ზოგადად, ქართულ მხარეს არ ჩაუდენია! გადაწყვეტილება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ჯარისთვისაც“,– განმარტავს „აქცენტთან“ მესხორაძე.

აქ მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ რუსეთი გამოძიების პროცესში ინარჩუნებდა კომუნიკაციას ჰააგის პროკურატურასთან; ახორციელებდა და ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ტერიტორიაზე, სადაც დანაშაულები მოხდა; ხოლო ქართულ მხარეს მისი საწინააღმდეგო მტკიცებულებების, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, არ ჰქონდა განადგურების შესაძლებლობა, არ აქვს რა წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აი, მტკიცებულებების გაყალბება, როგორც ქართველი სპეციალისტები აღნიშნავენ, რუსეთის გამოცდილი პრაქტიკაა, რისთვისაც არც ამ შემთხვევაში უღალატია.

„რუსეთის მხრიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში იგზავნებოდა არაერთი კომუნიკაცია – თანამშრომლობდნენ, რაც მიზნად ისახავდა ვითარების იმგვარად ჩამოყალიბებას, რომელიც გამოკვეთდა ქართველი სამხედროების დანაშაულებს. მით უმეტეს, საფრთხილო და გასათვალისწინებელი გარემოება იყო თავად რუსული ფაქტორი: სხვა სახელმწიფოთაშორის საქმეზეც არაერთხელ გვქონია სარწმუნო ფაქტები, რომ აყალბებენ ინფორმაციას, ამახინჯებენ გარემოებებს, ფაქტებს და ზოგჯერ, მტკიცებულებებსაც. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მათ ძალისხმევას შედეგი რომ არ მოჰყვა, ესეც მნიშვნელოვანი გარემოებაა“,– დასძენს მესხორაძე.

რატომ მხოლოდ სამი ბრალდებული

ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ სამმა ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული. ადამიანის უფლებათა დარღვევები მასობრივად მოხდა და აქ უნდა ვისაუბროთ სტრასბურგის ადამიანის უფლებების 2021 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლის აღსრულების ფარგლებშიც კონვენციის საფუძველზე რუსეთის სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ჩაატაროს გამოძიება გადაწყვეტილებაში მოყვანილ სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ უამრავ დანაშაულზე, გამოკვეთოს პასუხისმგებელი პირები და დასაჯოს ისინი. ეს არის ინდივიდუალური საქმეები, სადაც ინდივიდუალურ დონეზე უნდა დადგეს პასუხისმგებლობა. ამის გარეშე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება,– გვახსენებს მესხორაძე.

ინფორმაციისთვის: ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 17-მოსამართლიანმა კოლეგიამ დაადგინა:

  • 1. 11 ხმით 6-ის წინააღმდეგ, რომ საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში (8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში) განვითარებული მოვლენები არ იყო მოქცეული რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის;
  • 2. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ცეცხლის შეწყვეტის (12 აგვისტოს) შემდეგ განვითარებული მოვლენები ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში;
  • 3. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) მუხლებისა და პირველი მუხლის პირველი პროტოკოლით გათვალისწინებული უფლებების (საკუთრების უფლების) დარღვევის პრაქტიკას;
  • 4. ერთხმად, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სამხრეთ ოსურმა ძალებმა დააკავეს ცხინვალში დაახლოებით 10-დან 27 აგვისტომდე პერიოდში, ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში პირველი მუხლის მიზნებიდან გამომდინარე;
  • 5. ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების (წმების აკრძლვა) დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას, — საქართველოს 160-მდე დაკავებული მოქალაქის მდგომარეობისა და მათდამი ჩადენილი ღირსების შემლახავი აქტების სახით, რამაც მათი ტანჯვა გამოიწვია და ჩაითვალა, როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა;
  • 6. ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული უფლებების (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების შერჩევით დაკავებასთან 2008 წლის აგვისტოში;
  • 7. ერთხმად, რომ ცხინვალში 8-17 აგვისტოს პერიოდში დაკავებული ქართველი პატიმრები ექცეოდნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში, პირველი მუხლის მიზნებისათვის;
  • 8. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების (წამების აკრძალვა) ადმინისტრაციულ დარღვევას — წამების მსხვერპლნიც ქართველი პატიმრები იყვნენ;
  • 9. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სამხრეთ ოსეთში ან აფხაზეთში დაბრუნების საშუალება არ მიეცათ, რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში მოექცნენ;
  • 10. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა მე-4 პროტოკოლის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლებების (გადაადგილების თავისუფლების) დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას, — ქართველების საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება არ მიეცათ;
  • 11. ერთხმად, რომ არ დადგინდა 1-ლი პროტოკოლის მე-2 მუხლის (განათლების უფლების) დარღვევა;
  • 12. ერთხმად, რომ რუსეთის ფედერაციას ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულება, რომ ადეკვატურად და ეფექტურად გამოძიებინა არა მხოლოდ ის მოვლენები, რაც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ (12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ) მოხდა, არამედ ცეცხლის აქტიურ ფაზაში (8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში) მომხდარი ფაქტებიც;
  • 13. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტი;
  • 14. ერთხმად, რომ არ იყოს საჭიროება, სასამართლოს ცალკე შეესწავლა აპლიკანტი მთავრობის (საქართველოს) საჩივარი მე-13 მუხლის დარღვევის შესახებ სხვა მუხლებთან მიმართებაში;1. [მე-13 მუხლი სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალების უფლებას იძლევა ყველასთვის, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, — მას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა];
  • 15. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ რესპონდენტმა სახელმწიფომ (რუსეთმა) არ შეასრულა 38-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები;1. [38-ე მუხლი ამბობს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს მხარეთა წარმომადგენლებთან ერთად და, საჭიროების შემთხვევაში, აწარმოებს გამოძიებას, რომლის ეფექტიანად წარმართვისათვის შესაბამისი სახელმწიფოები მას უზრუნველყოფენ ყველა აუცილებელი საშუალებით];
  • 16. ერთხმად, რომ ჯერჯერობით ვერ იქნება გადაწყვეტილება მიღებული 41-ე მუხლთან დაკავშირებით (ეს მუხლი გულისმხობს სამართლიან დაკმაყოფილებას)სასამართლომ გამიჯნა 8-12 აგვისტოს, ანუ ცეცხლის აქტიურ ფაზაში განვითარებული მოვლენები იმ მოვლენებისგან, რაც ცეცხლის შეწყვეტის შემდგომი (12 აგვისტოდან) პერიოდში განვითარდა.

იხილეთ ასევე: 2008 წლის ომი: რას შეცვლის სტრასბურგის ისტორიული გადაწყვეტილება

„ამას რუსეთი გააკეთებს თუ არა და როდის, ეს მეორე საკითხია, მათ შორის, პოლიტიკურიც. მაგრამ უკანასკნელი მოვლენები (ვგულისხმობ უკრაინას) გვიჩვენებს, რომ ვითარება სწრაფად ცვალებადია, მათ შორის, ჩვენს რეგიონში და მთლიანად ევროპაში. ამიტომ, გადაწყვეტილება, რომელიღაც დღის ბოლოს (მჯერა, რომ ეს არ იქნება შორეული პერსპექტივა) ინება აღსრულებული“,– დარწმუნებულია მესხორაძე

ის განმარტავს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია არაა კონკრეტულ დანაშაულებზე რეაგირება და ამ შემთხვევაშიც ეხებოდა ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს მის ხელთ არსებული მასალების ფარგლებში. აქ იყო ორი კომპონენტი: ე.წ. ქართული კომპონენტი – სამხედროების თავდასხმა სამშვიდობოებზე და მეორე – რუსული აქტორი (თავად რუსეთი და მის კონტროლს ქვეშ არსებული სეპარატისტები). პროკურორმა ამ ფარგლებში გამოკვეთა დამნაშავეები.

გადაწყვეტილების პოლიტიკური მნიშვნელობა

ამ კონტექსტში მესხორაძე ორ არსებით გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

  • „როგორც უკვე ვახსენეთ, მიდიოდა ერთგვარი დისკუსია საქართველოს მხრიდან უკანონო სამხედრო მოქმედებების და დანაშაულების ჩადენაზე. ჰიპოთეტური წარმოდგენაც კი შემზარავია, რომ აქ რამე განსხვავებულად ყოფილიყო, რადგან ჩვენი ძლიერი მხარე რუსეთთან მიმართებით და ზოგადად, დასავლეთთან ურთიერთობაში არის სიმართლე! ეს ჩვენი ერთადერთი დასაყრდენია რუსეთთან ურთიერთობაში და თუ ეს დასაყრდენი გამოგვეცლებოდა, ფაქტობრივად აღარაფერი გვრჩებოდა. წარმოიდგინეთ, ეთნიკური უმცირესობის მიმართ ჩადიხარ ომის დანაშაულებს – სწორედ ესაა ჩვენს შორის სხვაობა: რუსეთი ამას სჩადის, ჩვენ – არა!
  • მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის, დასავლეთისთვის ცხადი იყო გარემოებები, პრეტენზიების ყველაზე ავტორიტეტული, ყველაზე მიუკერძოებელი საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ საბოლოო გაბათილება არის უდიდესი სამართლებრივი შედეგი და პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხიც რუსეთთან ურთიერთობაში და დასავლეთისგან გაძლიერებული მხარდაჭერის მოპოვების გზაზე: საქართველო აღმოჩნდა ქვეყანა (უკვე ჰააგის მტკიცებით), რომლის წინააღმდეგაც იკვეთება ამ დანაშაულების ჩადენა და ამ ქვეყანას სჭირდება დაცვა. ხოლო დაცვის მექანიზმები ევროკავშირი და ნატოა“.

ამიტომაც, მესხორაძის დასკვნით, როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ კონტექსტში, გადაწყვეტილებას გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი აქვს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები