მოსკოვი თბილისს "კონფლიქტების ესკალაციით" ემუქრება

03-02-2023 22:45:53 პოლიტიკა

ის არაერთგზის დადასტურებული ჭეშმარიტება, რომ მოსკოვს მეზობლებზე თავდასხმისთვის მიზეზი არ სჭირდება და თუ მიზანი დაისახა, მასთან ენის მოჩლექით საუბარი არაფერს შველის, ამ დღეებში კიდევ ერთხელ დადასტურდა.

კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ საქართველოში არსებული პრორუსული ძალების ნარატივი, თითქოს მოსკოვისადმი ლოიალური დამოკიდებულების სანაცვლოდ რუსეთმა შესაძლოა, საქართველოს მის მიერ ოკუპირებული რეგიონები დაუბრუნოს, სრული სიცრუეა.

სსრკ-ის აღდგენის იდეით შეპყრობილი კრემლი, რომელიც დაუღალავად ავრცელებს (მათ შორის, სამწუხაროდ, საქართველოში მოქმედი პრორუსული მედიისა და რიგი ქართველი პოლიტიკოსების პირით) სადეზინფორმაციო გზავნილს, თითქოს "დასავლეთი საქართველოზე ზეწოლას ახდენს, რათა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება აიძულოს, "მეორე ფრონტი" გაახსნევინოს და ომში ჩაითრიოს", თავად ემუქრება თბილისს "კონფლიქტების ესკალაციით" და ცალსახად აცხადებს, რომ სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნებას არ აპირებს.

ეს ყველაფერი ამჯერად მოსკოვში გაკეთებულმა იმ განცხადებებმა გამოავლინა, რომელიც რუსეთ-უკრაინის სამომავლო სამშვიდობო შეთანხმებაში საქართველოს დეოკუპაციის პირობის ჩადების შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ამასწინანდელ ინიციატივას მოჰყვა.

სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინე ზატულინი აცხადებს, რომ "მოსკოვისთვის მსგავსი პირობების წაყენება მხოლოდ უკრაინაში მარცხის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი" და რომ "ის, რასაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ნაკლებად განხორციელებადია".

"იმისათვის, რომ საქართველოს ეს მოთხოვნა შესრულდეს, რუსეთმა ომი უნდა წააგოს. ასეთ პირობებში შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხცა იდეების ინიცირება იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება, მოსთხოვო რუსეთს. ვიმედოვნებთ, ჩვენი მარცხი არ იქნება. ასე, რომ ის, რასაც ქალბატონი ზურაბიშვილი ამბობს, ნაკლებ სავარაუდოა, განხორციელდეს", — განაცხადა ზატულინმა URA.RU-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, "არსებობდა მაგალითები იმისა, რომ ქვეყნებს, რომლებიც კონფლიტში არ მონაწილეობდნენ, მისი დასრულების შემდეგ გარკვეული ბონუსები მიუღიათ, მაგალითად, ინგლისს, რომელმაც რუსულ-თურქული ომის შემდეგ კვიპროსი მიიღო, მაგრამ საქართველო ინგლისი არაა და მიუხედავად ამისა, თბილისი, რომელსაც ამჟამად მიმდინარე მოვლენებთან არავითარი პირდაპირი კავშირი არ აქვს, ცდილობს, ფასი დაიდოს, მორიგ ჯერზე მოსთხოვოს რაღაც რუსეთს, რათა არავინ დაივიწყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებასთან დაკავშირებული მისი ინტერესი".

ამასთან, ზატულინმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში "ვითარების ესკალაცია" არ გამორიცხა:

"გამწვავება შესაძლებელია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა აჰყვება იმ ზეწოლას, რომელსაც მასზე [დასავლეთი - რედ.] ახდენენ. ეს ზეწოლა მართლაც ხორციელდება. მაგრამ საქართველომ 2008-ში უკვე გამოსცადა რუსეთის მოთმინება და ფაქტობრივად, საპირისპირო შედეგი მიიღო - ის, რომ რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა. ამგვარად, ოცნებები მათი დაბრუნების შესახებ ოცნებებისა და ფანტაზიების სამყაროში რჩება. ქ-ნი ზურაბიშვილი კი საქართველოს ხელისუფლებაში მთავარი პირი არაა და ეს მასზე არაა დამოკიდებული".

თავის მხრივ, სახელმწიფო სათათბიროს იგივე კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი სოხუმისა და ცხინვალის "მხარდაჭერის გარეშე დატოვებას არ აპირებს":

"აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენი წარმოდგენილობის არავითარი შესუსტება თუ ყურადღების სხვაგან გადატანა არ ხდება და არც მოხდება. ჩვენი სამხედრო ხელმძღვანელობა ამის დაუშვებლობას მშვენივრად აცნობიერებსო".

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი "სისტემატიურად აკეთებს განცხადებებს, რომელთაც პროდასავლურობის სუნი ასდის და დასავლეთისთვის ხელსაყრელ ტონალობაშია, თუმცა იგი საქართველოს ხელისუფლებაში წამყვანი პირი არაა, პროცესებს სხვანი უძღვებიან, ამიტომაც ზურაბიშვილის განცხადებებზე განსაკუთრებული რეაგირება არ ღირს".

ანალოგიური შინაარსის გამოხმაურება ჰქონდა ზურაბიშვილის განცხადებაზე გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, რომელმაც საქართველოს პოლიტიკაზე საუბრისას პრეზიდენტის როლი ასევე კრიტიკულ კონტექსტში აღნიშნა, თუმცა იქვე დასძინა, რომ "ზურაბიშვილი საქართველოს განვითარების გზებს არ განსაზღვრავს და მადლობა ღმერთს, რომ ეს ასეა".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები