პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

21-09-2022 10:13:37 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის დაწყება გამოაცხადა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. "რეფერენდუმებზე" საუბრის შემდეგ.

„აუცილებლად მიმაჩნია მხარი დავუჭირო თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წინადადებას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ჩატარების შესახებ“, - განაცხადა პუტინმა.

სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი პირები, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო სპეციალობებისა და შესაბამისი გამოცდილების მქონე მოქალაქეები.

„რესურსებისა და ფინანსური მხარდაჭერის ყველა საკითხი მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გადაწყვიტოს“, - განაცხადა პუტინმა.

თავის მიმართვაში პუტინმა განაცხადა, რომ „დასავლეთის მიზანი რუსეთის დასუსტება, დაყოფა და განადგურებაა“:

„ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ 1991 წელს შეძლეს სსრკ-ს დაშლა, ახლა კი დადგა დრო, რომ თავად რუსეთის ფედერაცია დაიშალოს“, - თქვა მან და მსგავს ზომებს უწოდა "გადაუდებელი ნაბიჯები რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად".

პუტინის განცხადებითვე, რუსეთი უზრუნველყოფს ამ ტერიტორიებზე დაგეგმილი "რეფერენდუმების" უსაფრთხოდ ჩატარებას.

20 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ სწრაფი ტემპით – მეორე და მესამე მოსმენით მიიღო სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარება, უარის თქმა საომარ მოქმედებებში ან სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობაზე, აგრეთვე მეთაურის ბრძანების შეუსრულებლობა 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ასევე გამკაცრდა სასჯელი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაზე.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 23-27 სექტემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. „რეფერენდუმები“ იგეგმება რუსეთთან მიერთების საკითხზე. დასავლეთი და კიევი აცხადებენ, რომ ეს მცდელობა არალეგიტიმურია და რომ უკრაინა საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციას გააგრძელებს.

იხილეთ ასევე: პუტინის მიმართვის მოლოდინში რუსეთის მოქალაქეები „გუგლში“ ქვეყნის დატოვების გზებს ეძებენ

რუსულმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა მოუწოდეს რუს სამხედროებს, უარი თქვან ომში მონაწილეობაზე ან ტყვედ ჩაბარდნენ

ახალი ამბები

სხვა სიახლეები