პუტინის მიმართვის მოლოდინში რუსეთის მოქალაქეები „გუგლში“ ქვეყნის დატოვების გზებს ეძებენ

21-09-2022 00:14:05 მსოფლიო

კრემლის ლიდერ ვლადიმის პუტინის დაანონსებულ მიმართვამდე რუსები აქტიურად დაინტერესდნენ ქვეყნის დატოვების გზებით – შესაბამისი ტექსტი "გუგლის" საძიებო პლატფორმაზე ყველაზე მოთხოვნადია,– ამის შესახებ რუსული გამოცემა „მედუზა“ იუწყება.

“გუგლის” საძიებო ინდექსმა ფრაზაზე „როგორ დავტოვოთ რუსეთი“ სამშაბათს, 20 სექტემბერს პიკს მიაღწია“,– აღნიშნავს გამოცემა.

Google Trends-ის მონაცემებით, მოთხოვნების პიკი 18:00 საათზე დადგა.

ყველაზე მეტად ემიგრაციის საკითხი ჩინეთის მოსაზღვრე ხაბაროვსკის ტერიტორიის მცხოვრებლებს აინტერესებდათ.

აღნიშნული მოხდა შესაძლო მობილიზაციის თაობაზე გავრცელებული ცნობების ფონზე.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 20 სექტემბერს, რუსეთის დროით 20:00 საათზე ვლადიმირ პუტინს რუსეთის თავდაცვის მინისტრთან ერთად უნდა მიემართა საზოგადოებისთვის. მიმართვა დღეს არ შედგა და მის ვადებთან დაკავშირებით სხვადასხვა ცნობები ვრცელდება.

როგორც ირკვევა, რუსები „გუგლის" საძიებო პლატფორმაზე ასევე ეძებდნენ მობილიზაციის შესახებ ცნობებს და სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლების გზებს. ამ თემაზე მოთხოვნათა პიკი 13:00 საათზე დაფიქსირდა.

20 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ სწრაფი ტემპით – მეორე და მესამე მოსმენით მიიღო სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარება, უარის თქმა საომარ მოქმედებებში ან სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობაზე, აგრეთვე მეთაურის ბრძანების შეუსრულებლობა 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ასევე გამკაცრდა სასჯელი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები