რუსულმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა მოუწოდეს რუს სამხედროებს, უარი თქვან ომში მონაწილეობაზე ან ტყვედ ჩაბარდნენ

21-09-2022 00:36:34 მსოფლიო

20-ზე მეტმა რუსულმა უფლებადაცვითმა და დემოკრატიულმა მოძრაობამ მოუწოდა რუს სამხედროებს, უარი თქვან ომში მონაწილეობაზე ან ტყვედ ჩაბარდნენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ დამტკიცებული კანონპროექტის ძალაში შესვლამდე, რომელიც ამ ნაბიჯს სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს. მიმართვა სამშაბათს მოძრაობა «Весна»–ს ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.

20 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ სწრაფი ტემპით – მეორე და მესამე მოსმენით მიიღო სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარება, უარის თქმა საომარ მოქმედებებში ან სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობაზე, აგრეთვე მეთაურის ბრძანების შეუსრულებლობა 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ასევე გამკაცრდა სასჯელი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაზე.

მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, რომ 21 სექტემბერს პროექტს ფედერაციის საბჭო დაამტკიცებს და სავარაუდოა, მას პუტინი ხელს იმავე დღეს მოაწერს. შესაბამისად, პროექტი კანონად იქცევა.

„ეს რადიკალურად შეცვლის სიტუაციას სამხედროებისთვის, რომლებსაც არ სურთ მონაწილეობა "სპეციალურ ოპერაციაში", – ნათქვამია ტექსტში.

როგორც უფლებადამცველები მიუთითებენ, კანონი საომარი მდგომარეობის გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც იმუშავებს, რადგან ცვლილებები ეხება ბრძანების შეუსრულებლობას „შეიარაღებული კონფლიქტის დროს“, და არა ოფიციალურად გამოცხადებულ ომს. ასევე აღნიშნულია, რომ ცვლილებები შეეხება არა მხოლოდ სამხედროებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან უკრაინაში, არამედ მათ, ვინც ჯერ კიდევ რუსეთში იმყოფებიან და ამზადებენ კონფლიქტის ზონაში გასაგზავნად.

უფლებადამცველების განცხადებას თან ახლავს ინსტრუქციები, თუ როგორ აარიდონ სამხედროებმა თავი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები