პუტინის ვირტუალური რეალობა და ახალი მუქარა დასავლეთს

07-09-2022 19:41:49 მითები და რეალობა

რუსეთს უკრაინასთან ომით არაფერი დაუკარგავს, - ირწმუნება ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც ან თავად აგრძელებს ვირტუალურ რეალობაში ცხოვრებას, ან უკვე ხვდება, რაოდენ ცუდად აქვს საქმე და ლინჩის წესით გასამართლების მაქსიმალურად გადავადების მიზნით ცდილობს, რაც შეიძლება, დიდხანს ამყოფოს ვირტუალურ რეალობაში საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა.

«ჩვენ არაფერი დაგვიკაგავს და არც სამომავლოდ დავკარგავთ», — განაცხადა რუსეთის ხელმძღვანელმა 6 სექტემბერს “აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის” სტუმრებისადმი მიმართვისას, რომელთა შორის ამჯერად მიანმის სამხედრო ხუნტის ლიდერი მინ აუნ ხლაინი და ჩრდილოეთ კორეის ელჩი სინ ხონ ჩხოლი იყვნენ.

პუტინი ირწმუნება, რომ შექმნილმა ვითარებამ რუსეთს “მხოლოდ პლუსები მოუტანა”, რომ ქვეყნის ეკონომიკა “უმკლავდება დასავლეთის აგრესიას”, რომ “წლის მიწურულისთვის მშპ მხოლოდ 2%-ით შემცირდება, ან შესაძლოა, ოდნავ მეტით” და რომ “კრემლი მზადაა, დასავლეთის ქვეყნების მიერ მიღებულ ახალ ზომებს ხისტად უპასუხოს”.

რუსულ ენერგომატარებლებზე ფასების ზედა ზღვრის დაწესება, რომელიც ნავთობის ნაწილში G7-ის დონეზე უკვე შეთანხმებულია, პუტინის თქმით, “მხოლოდ იმას მოიტანს, რომ ენერგომატარებლების ფასი კიდევ უფრო გაიზრდება”. “საერთოდ აღარაფერს მივაწვდით, — იმუქრება რუსეთის პრეზიდენტი. — არც გაზს, არც ნავთობს, არც ქვამახშირს, აღარც მაზუთს — არაფერს და ისღა დაგვრჩება, რომ აქედან ვუძახოთ, „გაიყინე, მგლის კუდო, გაიყინე!“.

უკრაინაში გაჩაღებული ომის «მთავარ მონაპოვრად” კი იგი “რუსეთის სუვერენიტეტის განმტკიცებას” ასახელებს. “ეს უცილობელი შედეგია იმისა, რაც ახლა ხდება. დიახ, რა თქმა უნდა, ხდება გარკვეული პოლარიზაცია მსოფლიოშიც, ქვეყნის შიგნითაც. მაგრამ ვთვლი, რომ ეს მხოლოდ გვარგებს», — დასძენს პუტინი.

რეალობა

ის, რასაც პრეზიდენტი დანაკარგების ნაწილში “არაფერს” უწოდებს, არის, მათ შორის, რუსეთის 25 000 დაღუპული მოქალაქე, ხოლო დაჭრილების, ტყვეებისა და დეზერტირების ჩათვლით პუტინის არმიის დანაკარგი ამ დროისთვის უკვე 80 000-მდე ჯარისკაცს აღწევს. არადა, ომის მე-7 თვისთვისაც კი ვერაა მიღწეული ვერც ერთი სტრატეგიული მიზანი, რომელიც თავდაპირველად სარდლობამ არმიას დაუსახა.

რაც შეეხება ომის ასახვას რუსულ ეკონომიკაზე, უკრაინაში პუტინის ჯარის შეჭრის შემდეგ რუსეთი უკვე ათასზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა, ქვეყნის ავიადარგი უცხოური თვითმფრინავების გარეშე დარჩა, ბანკები – მსოფლიო ვალუტებისა და SWIFT-სისტემის გარეშე. რუსეთში ჩამოიშალა ავტომრეწველობა, მეტალურგია და ვაგონმშენებლობა, ხოლო თავად რუსეთის მთავრობა შიდა მოხსენებებში ეკონომიკას ისეთ მრავალწლიან დეპრესიას უწინასწარმეტყველებს, როგორიც სსრკ-ის დაშლის დროიდან აღარ ყოფილა.

იხილეთ ასევე: რად დაუჯდება პუტინის რუსეთს ევროპასთან “გაზის ომი”

თუ ომამდე რუსეთი მთელი საექსპორტო შემოსავლების თითქმის ნახევარს სწორედ ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან იღებდა (241 მლრდ ჯამური 490 ლრდ-დან 2021-ში), ევროპაში გაზის მიწოდების შეწყვეტის შედეგად ქვეყანა, თავად რუსეთის მთავრობის “დახურული” მოხსენების თანახმად, ყოველწლიურად 400 მლრდ რუბლს დაკარგავს.

იმავე დოკუმენტში თავად რუსული მთავრობის წევრები აღიარებენ, რომ უკრაინაში შეწჭრის შედეგებს რუსეთის მოქალაქეების რამდენიმე თაობა იწვნევს: პესიმისტური სცენარით, 2030 წელსაც კი ეკონომიკა ვერ აღდგება მშპ-ის ვარდნისგან, რომელიც სულ მცირე, 3 წელი გაგრძელდება და 11,9%-იან ნიშნულს მიაღწევს.

იხილეთ ასევე: რუსული ეკონომიკის საეჭვო მომავალი: პუტინის ხელისუფლების ეკონომიკური ბლოკი დილემის წინაშეა

კერძოდ, ინერციული სცენარის შემთხვევაში, რომელიც ნავთობისა და გაზის ნაწილში შემოსავლების მოსალოდნელ ვარდნას მოიცავს, 2023 წელს რუსეთის ეკონომიკა 8,3%-ით შემცირდება, ხოლო ომამდელ ნიშნულზე დაბრუნებას სასანქციო წნეხის შენარჩუნების შემთხვევაში იგი მხოლოდ ათწლეულის მიწურულისთვის შეძლებს.

იმას, რომ საქმე ცუდადაა და რომ პუტინის მორიგი საომარი ავანტიურის შედეგად რუსეთი "არაფერს" კი არა, ლაის ყველაფერს კარგავს, გრძნობს არა მარტო მთავრობა, არამედ უკვე რიგითი მოქალაქეებიც. ვითარების დამძიმების პარალელურად ქვეყანაში პროტესტიც იმატებს.

რამდენად დიდხანს აარიდებს პუტინს მუამარ კადაფის ბედს მისი ვირტუალური რეალობა - დრო გვიჩვენებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები