რად დაუჯდება პუტინის რუსეთს ევროპასთან “გაზის ომი”

06-09-2022 23:18:03 ანალიზი

2 სექტემბერს რუსულმა “გაზპრომმა” ევროპაში გაზის ტრანსპორტირების უმსხვილესი მარშრუტის – “ჩრდილოეთ ნაკადის” სრული უვადო გაჩერების შესახებ განაცხადა. მიზეზად Siemens-ის იმ უკანასკნელი მიმწოდებელი აგრეგატის “გაუმართავობა” დასახელდა, რომელიც მილსადენის 20%-ით შევსებას უზრუნველყოფდა. თუმცა როგორც 6 სექტემბერს გერმანულ ენერგოკომპანია “Siemens Energy”-ში განაცხადეს, რუსი სპეციალისტების მიერ აგრეგატზე ვითომდა აღმოჩენილი “გარე შელესვის დაზიანება” არასაკმარისი მიზეზია გაზსადენის შესაჩერებლად, რადგან მსგავსი მცირედი ხარვეზის აღმოფხვრა ადგილზეც მარტივად იყო შესაძლებელი.

ევროპისთვის გამოუყენებელ გაზს რუსული კომპანია უბრალოდ წვავს: ფინეთის საზღვრის სიახლოვეს, საკომპრესორო სადგურ “პორტოვაიასთან” ჩირაღდანი ივნისის შუა რიცხვებიდან იწვის და დღემდე, Rystad Energy-ს გათვლით, ფუჭად უკვე $600 მლნ-ის ღირებულების აირი დაიწვა.

Bloomberg-მა დაითვალა, რომ რუსულ ბიუჯეტს ევროპასთან “გაზის ომი” ყოველდღიურად 1,1 მლრდ რუბლი უჯდება, რაც ოკუპირებული ყირიმის ორ, რიაზანის ოლქის ოთხ წლიურ ბიუჯეტსა და ტივას რესპუბლიკის 8 წლის საბიუჯეტო შემოსავლებს უტოლდება. წელიწადში კი რუსეთის ბიუჯეტი ამ გზით 400 მლრდ რუბლს დაკარგავს.

შეამცირა რა ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება ლეონიდ ბრეჟნევის დროიდან მინიმალურ ნიშნულამდე, “გაზპრომმა” აგვისტოში მოპოვების მესამედი და ექსპორტის თითქმის 60% დაკარგა. რუსეთის ბიუჯეტმა კი თვის განმავლობაში კომპანიისგან მხოლოდ 33 მლრდ რუბლი მიიღო, რაც პანდემიის “შავი დღეებიდან” ამ დრომდე მინიმალური მაჩვენებელია.

ამასობაში ევროკომისიამ ენერგოკრიზისისა და ინფლაციის შესაკავებლად ბუნებრივი აირის საბითუმო ფასების შეზღუდვის გეგმა მოამზადა. Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებს სთავაზობენ ორ შესაძლო ვარიანტს: რუსეთიდან იმპორტირებული გაზის საფასურის ზედა ზღვრის დაწესებას, ან ფასთშეზღუდვის სისტემის შემოღებას, რომელიც ქვეყნიდან ქვეყნამდე მათი ენერგობალანსის მიხედვით შეიცვლება. თუმცა ეს მხოლოდ ნაწილია მასშტაბური გეგმისა, რომელიც უკრაინაში პუტინის მიერ გაჩაღებული ომის გამო ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრი ზრდის პირობებში ზიანის შესამსუბუქებლად მომზადდა.

სადღეისოდ გაზის ფასი 10-ჯერაა გაზრდილი ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით. რუსული აირის ღირებულებაზე შეზღუდვის დაწესება კი, როგორც ევროკომისიაში თვლიან, მოსკოვის საექსპორტო შემოსავალსა და მის მიერ უკრაინაში ომის დაფინანსების შესაძლებლობას შეამცირებს.

თავად რუსეთში ამ დროს მოქალაქეებისთვის გაზის საფასურის ზრდისა და დამატებითი გადასახადის დაწესების ინიციატივები ჟღერს. დეპუტატებმა უკვე მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც გაზიფიცირებული კორპუსებისა და კერძო სახლებისთვის გაზის სავალდებულო ანალიზატორების შემოღებას ითვალისწინებს. როგორც კანონმდებლები განმარტავენ, ანალიზატორების დაყენების აუცილებლობა “ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებული ინციდენტების მომრავლებამ” განაპირობა. სავალდებულო ხელსაწყოს, მისი შემოწმებისა და მოხმარების ღირებულება, მათი აზრით, უნდა დაემატოს სამომხმარებლო ტარიფს, ან დამატებითი კომუნალური გადასახადის სახით იქნას შემოღებული, - წერს გამოცემა «Известия».

ამგვარად, ევროპასთან პუტინის “გაზის ომი” რიგითი რუსი მომხმარებლების ჯიბეებსაც დაარტყამს.

კრემლის დეზინფორმატორები კი ამ ფონზე “გაზპრომის” სახელით სოცქსელებში აქტიურად ავრცელებენ პროპაგანდისტულ ვიდეოს, რომელიც ასახავს, რაოდენ “გაუსაძლისი ზამთარი ელის ევროპას რუსული გაზის გარეშე”:

არადა, როგორც დამოუკიდებელმა რუსულმა მედიასაშუალებებმა გაარკვიეს, ვიდეოში გამოყენებული კადრები გადაღებულია კრასნოიარსკში — რუსეთის რამდენიმემილიონიან ქალაქში, რომელიც ამ დრომდე არაა გაზიფიცირებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები