რუსული ეკონომიკის საეჭვო მომავალი: პუტინის ხელისუფლების ეკონომიკური ბლოკი დილემის წინაშეა

07-09-2022 18:00:15 ანალიზი

რუსეთის მთავრობა და ცენტრალური ბანკი ქვეყნის ეკონომიკის სამომავლო განვითარების გზის რთული არჩევანის წინაშე დადგნენ. ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკური ტრანსფორმაციის ორ ძირითად ვარიანტს განიხილავს: სახელმწიფო ხარჯების ზრდას, ან კერძო კაპიტალსა და ინიციატივებზე დაყრდნობას, - წერა გამოცემა «Ведомости» ფინასთა სამინისტროსა და ცენტრალური ბანკის მიერ მინისტრთა კაბინეტის წინაშე წარდგენილ ერთობლივ პრეზენტაციაზე დაყრდნობით.

სახელწიფო ხარჯების ზრდის მეშვეობით ეკონომიკური განვითარების ვარიანტი დაკავშირებულია რესურსების სწრაფი ამოწურვისა და ეკონომიკის საკვანძო დარგების მდგრადობის მორყევის რისკებთან, ასევე ბიზნესსა და მოსახლეობაზე საგადასახადო წნეხის ზრდასთან. ხარჯების ზრდა ხელისუფლებას ორი წყაროს – ბიუჯეტისა და რეზერვების, კერძოდ ეროვნული კეთილღეობის ფონდის (ეკფ) მეშვეობით შეუძლია.

ხარჯების ბიუჯეტის მეშვეობით გასაზრდელად მთავრობას თავად ბიუჯეტის შევსების ახალი წყაროების მოძიება, კერძოდახალი გადასახადების შემოღება და უკვე არსებულის გაზრდა მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში საბიუჯეტო დეფიციტი უახლოეს წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამასთანავე, ეკონომიკის სტიმულირებისთვის ეკფ-ის აქტიური გამოყენება შეზღუდული შესაძლებლობაა, რადგან მსგავსი სცენარის შემთხვევაში რუსეთის რეზერვები უკვე 2024 წლამდე, ანუ სულ რაღაც 1,5 წელიწადში ამოიწურება. საერთაშორისო სანქციების პირობებში ხომ რეზერვების მოცულობა არც იმდენად დიდია, რომ დააკმაყოფილოს ყველა იმ სახელმწიფო კომპანიისა და უწყების განაცხადები, რომლებსაც ეკონომიკური ზრდის სტიმულირება შეუძლიათ.

გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის რეზერვების გამოყენება გამოიწვევს თავად რეზერვების დაგროვების მექანიზმისა და ეკონომიკისთვის ესოდენ საზიანო მოვლენის - მეტისმეტად გამყარებული რუსული ვალუტის ხელოვნურად შემცირების იმ შესაძლებლობის გაუქმებას, რომელიც ბოლო დროს აქტიურად განიხილებოდა. რუბლის დასაწევად ხელისუფლება მზად იყო, $70 მლრდ დაეხარჯა და ამ ფულის აღებას იმავე წყაროებიდან გეგმავდა, საიდანაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის საჭირო თანხების გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს.

მეორე გზა კი უკავშირდება ატრიბუტებს, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა: მცირე ბიზნესის განვითარებას, კერძო დაფინანსებისა და ინვესტიციების მოზიდვას. ამასთან, თავად ხელისუფლება აღიარებს, რომ ამჟამინდელ პირობებში ბიზნესის დარწმუნება რუსული ეკონომიკის საინვესტიციო მიმზიდველობაში «საეჭვო შესაძლებლობაა». როგორც პრეზენტაციაშია აღნიშნული, ბიზნესის ნდობის აღსადგენად აუცილებელია «საინვესტიციო კლიმატისა და ფინანსური ბაზრის დალაგება» სახელმწიფო დახმარების გამოყენებით სტიმულების შექმნასთან ერთად.

«ეს ბევრად უფრო რთული, მაგრამ სწორი გზაა», — აღიარებენ ხელისუფლებაში.

გამოცემის რიგი სამთავრობო წყაროები ემიჯნებიან ფინანსთა სამინისტროსა და ცენტრალური ბანკის პოზიციას, ირწმუნებიან რა, რომ არსებობს რუსეთის ეკონომიკის განვითარების სხვა შესაძლებლობებიც, კერძოდ დაყრდნობა საექსპორტო დარგებზე, რომლებიც ამჟამად ზეშემოსავალს იღებენ. ამასთან, ეკონომიკის სამინისტროში აღიარებენ, რომ რუსული ეკონომიკის განვითარება უკვე უახლოეს მომავალში უნდა გახდეს დამოკიდებული არა სახელმწიფო, არამედ კერძო სექტორზე. უწყებაში ამ კონტექსტში საფონდო ბაზრის მზარდ როლზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც, როგორც სამინისტროში მიაჩნიათ, ინვესტიციების წყაროდ და ზრდის დრაივერად უნდა იქცეს.

მაგრამ ამ ინსტრუმენტის გაძლიერებისთვის საფინანსო სფერომ (უპირველესად ბანკებმა) უნდა მიიღოს “გრძელი ფულის” წყაროები — დაზღვეული შენატანები, საპენსიო დანაზოგები და სადაზღვევო რესურსები. რუსეთის ხელისუფლებას კი უკვე აქვს კერძო ან კვაზიკერძო კაპიტალის საინვესტიციო პროექტებისა და საბიუჯეტო დეფიციტის დაფინანსებისთვის მოზიდვის მწარე გამოცდილება. ერთ-ერთი ყველაზე რელევანტური მაგალითი ამ კუთხით 2021 წელს ბაზრის ხელსაყრელ კონიუნქტურასთან დაკავშირებით რუსული მეტალურგიისთვის გადასახადების ზრდაა.

იდეის ავტორი — პირველი ვიცე-პრეიერი ანდრეი ბელოუსოვი 2021 წელს ირწმუნებოდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ანალოგიური მეთოდების გამოყენება მომავალშიც. ჩინოსანი მოითხოვდა გადასახადების გაზრდას ბიზნესისთვის, რომელსაც ინვესტირება არ სურდა. საუბარი იყო საგადასახადო წნეხის 3–4%-იან ზრდაზე. ნაწილობრივ ეს იდეა უკვე ხორცშესხმულია, მაგალითად, “გაზპრომთან” მიმართებაში, რომელსაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე გადასახადის ერთჯერადი ზრდის გზით ზეშემოსავალი ჩამოერთვა და ამან როგორც კომპანიის აქციების, ისე მთელი რუსული საფონდო ბაზრის ჩამოშლა გამოიწვია.

ექსპერტები თანხდებიან, რომ წმინდა სახით ცენტრალური ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ შემოთავაზებული არც ერთი ვარიანტი არ იქნება გამოყენებული. ანალიტიკოსები პრობლემის გადაჭრის ჰიბრიდულ მოდელებს ელიან. ამასთან, მათი აზრით, ხელისუფლებას მარტივი გადაწყვეტილებები აღარ დარჩა: ხარჯების ზრდის შემთხვევაში მას მოუწევს, თვისობრივად გააუმჯობესოს პროექტების აღსრულების მონიტორინგის სისტემა, შემოიღოს სახელმწიფო მართვის ხარისხის დამატებითი პარამეტრები, როცა ჩინოსნების მუშაობის ეფექტურობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული საინვესტიციო პროექტის შესრულებაზე. ხოლო საგადასახადო წნეხის ზრდა ახალ პირობებში არ გამოვა, რადგან უახლოეს მომავალში თავად საექსპორტო დარგებს შეიძლება, დასჭირდეთ სახელმწიფოს დახმარება და ასეთ ვითარებაში ბიზნესზე საგადასახადო წნეხის გაზრდა ძალზე სარისკოა.

ექსპერტები იზიარებენ ფინანსთა სამინისტროსა და ცენტრალური ბანკის პოზიციას, რომ ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის საჭიროა დაყრდნობა კერძო სექტორზე, თუმცა არ მალავენ, რომ რუსეთის ეკონომიკის კერძო ლიანდაგზე გადაყვანის შესაძლებლობის ნაკლებად სჯერათ: ქვეყანაში არ არსებობს პირობები კერძო ინიციატივის აქტიური განვითარებისთვის, ხოლო კერძო სექტორისთვის ესოდენ მნიშვნელოვან საკითხებს – საკუთრების დაცულობისა და საგადასახადო პირობების სტაბილურობას ხელისუფლება არსებულ სიტუაციაში უბრალოდ ვერ უზრუნველყოფს.

სააგენტო Bloomberg-მა ორიოდ დღის წინ გამოაქვეყნა ამონარიდები მთავრობის საიდუმლო მოხსენებიდან, რომელშიც რუსული მშპ-ის რეალური ვარდნა იყო შეფასებული. ინერციული სცენარის შემთხვევაში, რომელიც ნავთობისა და გაზის ნაწილში შემოსავლების მოსალოდნელ შემცირებას მოიცავს, 2023 წელს რუსეთის ეკონომიკა 8,3%-ით შემცირდება, ხოლო ომამდელ ნიშნულზე დაბრუნებას სასანქციო წნეხის შენარჩუნების შემთხვევაში იგი მხოლოდ ათწლეულის მიწურულისთვის შეძლებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები