რუსეთმა ჯამურად 80 ათასი ჯარისკაცი დაკარგა – ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

06-09-2022 10:26:38 ევროპა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს რუსეთის დაახლოებით 25 ათასი ჯარისკაცი დაიღუპა.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ ჯამური დანაკარგები, მათ შორის, დაჭრილები, ტყვეები და დეზერტირები დაახლოებით 80 000 ჯარისკაცს შეადგენს.

უოლესი ასევე თვლის, რომ არც ერთი სტრატეგიული მიზანი, რომელიც თავდაპირველად რუსეთის სარდლობამ არმიას დაუსახა, ომის ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში ვერ მიიღწია.

ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას უოლესმა თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები პროგრესირებს, თუმცა მათ სასტიკი ბრძოლები უწევთ.

მისი თქმით, ბრიტანეთი უკრაინისთვის 2,3 მილიარდი ფუნტის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს.

დღემდე, უოლესის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა უკვე გაწვრთნა 4700 უკრაინელი ჯარისკაცი თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენებაში, რომელსაც ის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები