მსოფლიო ლიდერები – კიევის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, ვიდრე რუსეთი ჯარებს უკრაინის მთელი ტერიტორიიდან არ გაიყვანს
23/08/2022 14:57:46 მსოფლიო
მსოფლიო ლიდერები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მზაობას, უკრაინისთვის დახმარების გაწევა გააგრძელონ. ამის შესახებ მათ „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადეს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, მისი ქვეყანა არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ან უკრაინის რომელიმე სხვა ტერიტორიის ანექსიას.
"დიდი ბრიტანეთი ოფიციალურ კიევს სამხედრო, ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას გაუწევს მანამ, სანამ რუსეთი არ დაასრულებს ამ საზარელ ომს და არ გაიყვანს საკუთარ ძალებს მთელი უკრაინიდან“, – განაცხადა ჯონსონმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება:
„ჩვენ არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას. ღრმად შეშფოთებული ვართ ყირიმის ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების დარღვევით, ადამიანების გაუჩინარებით, წამებით, მკვლელობებით, ყირიმელი თათრების სიკვდილით დასჯით, ჟურნალისტების, ადამიანის უფლებების დამცველებისა და ადვოკატების დაშინებით. ეს არის პუტინის ოკუპაციის ბნელი რეალობა. ევროკავშირი დაუღალავად იმუშავებს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ დარღვევების გამოსააშკარავებლად, იმისთვის, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ და იმისთვის, რომ მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მსხვერპლებს. ჩვენ თქვენთან ვართ. ჩვენი სანქციები მნიშვნელოვნად არყევს პუტინის ომის მანქანასა და რუსეთის ეკონომიკას".
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრები ერთგულნი არიან იმ პირობისა, რომ უკრაინას გრძელვადიანი დახმარება გაუწიონ:
"ჩვენ უკრაინას გრძელვადიან პერიოდში უნდა დავეხმაროთ, რათა მან ამ ბრძოლაში სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყნად გაიმარჯვოს. ძლიერი, სტაბილური და დამოუკიდებელი უკრაინა ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია”.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ აღნიშნა, რომ ყირიმისთვის ბრძოლა არის უკრაინის განთავისუფლების ბრძოლის ნაწილი.
"2014 წლის მარტში რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია აგრესიის მიუღებელი აქტი და საერთაშორისო სამართლის მკაფიო დარღვევა იყო. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო ოკუპაცია, ისევე როგორც, მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანში სასტიკი ამოღება. იტალია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას“, - განაცხადა დრაგიმ.
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის თქმით, "ბერლინი იდგება უკრაინის გვერდით იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება მხარდაჭერა":
„რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომს ძლიერად დაუპირისპირდა უკრაინელი ხალხი და მსურს, მათ მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოვხატო. მათი მდგრადობა და მამაცობა აღტაცებას იწვევს მთელს მსოფლიოში. მინდა გითხრათ, რომ გერმანია იდგება უკრაინის გვერდით იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, დავიცავთ უპრეცედენტო სანქციებს, მხარს დავუჭერთ უკრაინას ფინანსურად, გავაგრძელებთ იარაღის მიწოდებას".
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, უნდა გაგრძელდეს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და მის გარემოცვაზე მანამ, ვიდრე უკრაინელების უფლებები სათანადოდ არ იქნება დაცული.
"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მტკიცება, რომ ყირიმი უკრაინაა ისევე, როგორც – დონეცკი და ლუგანსკი, ისევე, როგორც უკრაინის ნებისმიერი სხვა ნაწილი არის უკრაინა. ზუსტად ეს იყო ჩვენი პოზიცია 2014 წელს, ესაა ჩვენი პოზიცია 2022 წელსაც. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საერთაშორისო ზეწოლა პრეზიდენტ პუტინსა და მის თანამოაზრეებზე, ვიდრე უკრაინელი ხალხისა და სუვერენული ქვეყნის უფლებები სათანადოდ არ იქნება დაცული",- ამბობს ბლინკენი
მან უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული და დიპლომატიური დახმარების გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.
სამიტზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის დეოკუპაციის სტრატეგიის მიმართ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინაა.


