"უნდა გვახსოვდეს, რომ რომელიმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პასუხგაუცემელი აგრესია იწვევს მეტ აგრესიასა და არასტაბილურობას"
23/08/2022 13:51:16 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "უნდა გვახსოვდეს, რომ რომელიმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პასუხგაუცემელი აგრესია იწვევს მეტ აგრესიასა და არასტაბილურობას". ამის შესახებ მან „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ყირიმი უკრაინაა:
"ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე საქართველოს და ქართველ ხალხს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერთად დგომა იმ ღირებულებების დასაცავად, რომელიც გვაერთიანებს და რომელიც, მე მჯერა, რომ ჩამოაყალიბებს ჩვენს საერთო მომავალს. ამაყი ვარ, რომ ვუერთდები "ყირიმის დეკლარაციას" საქართველოს სახელით. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მხარდაჭერას თქვენი [უკრაინის] ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიის მიმართ. ყირიმი უკრაინაა. ხვალ უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ასევე, ხვალ გახდება 6 თვე მისი ვაჟკაცური წინააღმდეგობისა რუსული აგრესიის მიმართ. ეს არ არის მხოლოდ თარიღების დამთხვევა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უკრაინაში რუსული აგრესია არ დაწყებულა თებერვალში, თავდაპირველი გამოწვევა სწორედ ყირიმი იყო. უნდა გვახსოვდეს, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების პასუხგაუცემელი გამოწვევები, რომელიმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პასუხგაუცემელი აგრესია იწვევს მეტ აგრესიასა და არასტაბილურობას".
ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს დასავლეთი ერთიანი უკრაინის მხარდაჭერის მიმართ, თუმცა, თუმვა მისი თქმით, იგივე ერთიანობა ევროპამ არც 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს და არც 2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომის დროს არ გამოიჩინა.
"თქვენი ბრძოლა უკვე გამარჯვებითაა აღსავსე, რადგან ის რუსეთის დაუმარცხებლობისა და დაუსჯელობის თვითრწმენას აღუდგა წინ, თქვენი ბრძოლა გამარჯვებითაა აღსავსე ასევე იმიტომ, რომ მან საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტო პასუხი გამოიწვია, ისეთი, როგორიც ვლადიმერ პუტინს 2014 და 2008 წლებში არ უნახავს. დღევანდელი პასუხი მომავალს შეცვლის", – განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.


