Accentnews.ge
"მოვუწოდებთ მთავრობას, იმუშაოს დაინტერესებულ მხარეებთან, რათა ევროკომისიის პრიორიტეტები შეასრულოს"

"მოვუწოდებთ მთავრობას, იმუშაოს დაინტერესებულ მხარეებთან, რათა ევროკომისიის პრიორიტეტები შეასრულოს"

19/07/2022 16:44:59 პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, იმუშაოს ქართულ საზოგადოებაში დაინტერესებულ მხარეებთან, რათა ევროკომისიის პრიორიტეტები შეასრულოს. ამის შესახებ "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა განუცხადა.

"ევროსაბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის სტატუსის მინიჭების შესახებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც აღიარებს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ეს ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ეხმარება. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან მუშაობას, რადგან ის იღებს ვალდებულებას ევროკომისიის მიერ მოთხოვნილ რეფორმებზე. გზა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ არის ნათელი და მიღწევადი. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ მთავრობას გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და იმუშაოს ქართულ საზოგადოებაში დაინტერესებულ მხარეებთან, რათა განახორციელოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯები", – განუცხადა "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში არსებულ პოლიტიკური პოლარიზაციის მიზეზებზეც ამახვილებს ყურადღებას:

"მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეჩერებამ ან გაუქმებამ, გამოიწვია უკუსვლა. ამ ქმედებებმა ასევე გააღრმავა პოლარიზაცია, ვიდრე ხელი შეუწყო ქვეყნის გაერთიანებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხების გარშემო. და ეს მიუხედავად ქართველი ხალხის აშკარა სურვილისა, მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. შეერთებული შტატები კვლავ ერთგული რჩება, იმუშაოს საქართველოსთან იმ რეფორმების გასატარებლად, რომელიც საჭიროა ქვეყნის ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს თავისი ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, ამ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებით".

ცნობისთვის: 23 ივნისს ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

ევროკომისიის საგარეო საქმეთა პრეს–სპიკერი პიტერ სტანო ამბობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში 2022 წლის დეკემბრისთვის მომზადდება. მისი თქმით, დოკუმენტი იმ პრიორიტეტებს შეეხება, რაც საქართველოსთვის იყო განსაზღვრული. მეორე ანგარიში კი გაფართოების საკითხებს ეხება და ის 2023 წლის შემოდგომაზე იქნება მზად. მას არ დაუზუსტებია, რას გულისხმობდა ევროკომისიის წარმომადგენელი, როდესაც ევროპარლამენტში თქვა, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტას მეტ დროს აძლევენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S