Accentnews.ge
"ანალიტიკური ანგარიში დეკემბრისთვის მომზადდება, გაფართოების პაკეტის - 2023 წლისთვის"

"ანალიტიკური ანგარიში დეკემბრისთვის მომზადდება, გაფართოების პაკეტის - 2023 წლისთვის"

15/07/2022 14:07:22 პოლიტიკა

ევროკომისიის საგარეო საქმეთა პრეს–სპიკერი პიტერ სტანო ამბობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში 2022 წლის დეკემბრისთვის მომზადდება. მისი თქმით, დოკუმენტი იმ პრიორიტეტებს შეეხება, რაც საქართველოსთვის იყო განსაზღვრული. მეორე ანგარიში კი გაფართოების საკითხებს ეხება და ის 2023 წლის შემოდგომაზე იქნება მზად.

მას არ დაუზუსტებია, რას გულისხმობდა ევროკომისიის წარმომადგენელი, როდესაც 3 დღის წინ ევროპარლამენტში თქვა, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტას მეტ დროს აძლევენ.

"თქვენ მიიღებთ ყველაფერს, რასაც ევროკავშირის გპირდებათ, რადგან ასეთია ჩვენი ბუნება - დაპირებებს ვასრულებთ. ევროპულმა საბჭომ სთხოვა ევროკომისიას, ჩაერთო უკრაინა, მოლდოვა და საქართველო გაფართოების პაკეტში. ეს პაკეტი ზოგადად ქვეყნდება შემოდგომით, ანგარიშის მომზადების პერიოდი იწყება გაზაფხულზე. აშკარაა, რომ ლოგიკური და პროცედურული მიზეზებით შეუძლებელია, მიმდინარე წლის გაფართოების პაკეტში ამ სამი ქვეყნის მოხვედრა, კიდევ რაც ვთქვით არის, რომ კომისია გამოაქვეყნებს ანალიტიკურ ანგარიშს ამ წლის დეკემბერში, ზუსტად იმ პრიორიტეტებით, რაც განისაზღვრა საქართველოსთვის. ასე რომ, საქართველო მიიღებს იმას, რასაც დაჰპირდნენ და იმავეს ველით საქართველოსგანაც, რომ აჩვენებს შედეგებს ყველა იმ საკითხზე, რომელზეც ვალდებულებები აიღო და რომლებიც საჭიროა მნიშვნელოვანი პროცესების გასაგრძელებლად. ასე რომ, მოვამზადებთ ანალიტიკურ ანგარიშს დეკემბერში, შემდგომ ანგარიშს გაფართოების პაკეტის ფარგლებში კი 2023 წლის შემოდგომისთვის", - განაცხადა, "ფორმულას" ცნობით, სტანომ ბრიფინგზე.

23 ივნისს ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S