Accentnews.ge
”ყველაფერი შეიცვალა, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში" : ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობს

”ყველაფერი შეიცვალა, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში" : ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობს

13/04/2022 11:23:29 ევროპა

ფინეთი იწყებს დებატებს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით,– იუწყება BBC.

როგორც ცნობილი გახდა, დღეს მთავრობა პარლამენტს უსაფრთხოების კუთხით ანგარიშს წარუდგენს, ამის შემდეგ კი დებატების გახსნა ერთ კვირაში იგეგმება.

ფინეთის პრემიერ–მინისტრი სანა მარინი დღეს თავის შვედ კოლეგას მაგდალენა ანდერსონს შეხვდა უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ სასაუბროდ.

”ყველაფერი შეიცვალა, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ფინეთის და შვედეთის მოსახლეობის დამოკიდებულება ძალიან შეიცვალა რუსეთის ქმედებების გამო. ეს მკაფიოა. და ამან გამოიწვია დისკუსია ჩვენი არჩევანის შესახებ უსაფრთხოების კუთხით, ნატოში გაწევრიანების შესახებ“, - თქვა მარინმა შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, ის განაცხადის წარდგენის კონკრეტულ ვადებს არ დაასახელებს, თუმცა ეს უნდა მოხდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთს სჭირდება უფრო ფართო კონსენსუსი პარტიებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, „რადგან ჩვენ გვყავს ისეთი მეზობელი, როგორიც რუსეთია“.

”ჩვენ ვიყენებთ ამ დროს, რათა გავაანალიზოთ და შევქმნათ საერთო პოზიცია სამომავლო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით”, - დასძინა მან.

მარინმა ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების განხილვის პროცესში ბევრი რისკია რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით.

„გავაანალიზეთ ეს რისკები: ჰიბრიდული საფრთხეები, კიბერშეტევები, ზემოქმედების მცდელობები სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს გადაწყვეტილების მიღების“.

თუკი გეგმები განხორციელდება, ფინეთი გახდება ქვეყანა, რომელსაც ნატოს წევრთა შორის ყველაზე გრძელი (1300 კილომეტრზე მეტი) საზღვარი ექნება რუსეთთან. ამავე დროს ფინეთსაც და შვედეთსაც მოეპოვებათ გრძელი სანაპირო ზოლი და მრავალრიცხოვანი კუნძულები ბალტიის ზღვაში.

ორივე ქვეყანას ნეიტრალური სტატუსი აქვს. ამასთან, შვედეთი 200 წლის განმავლობაში არ შესულა არავითარ სამხედრო კავშირში. თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალის მობილიზება მოახდინა, შემდეგ კი მეზობელ ქვეყანაში ომი გააჩაღა, ფინეთში ნატო–ს წევრობის მხარდამჭერთა რაოდენობა გაორმაგდა. ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ კი მხარდამჭერები მნიშვნელვან უმცირესობაში იყვნენ. ამასთან, ბოლო გამოკითხვებით, ქვეყნის მოსახლეობის 84% რუსეთს სამხედრო საფრთხედ მიიჩნევს.

იხილეთ ასევე: მედია – რუსეთს ფინეთის საზღვრისკენ სარაკეტო თავდაცვითი სისტემები გადააქვს

"უკრაინაში რუსეთის შეჭრამ აიძულა შვედეთი, გადაანალიზოს საკუთარი უსაფრთხოების საკითხები"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S