
პუტინის ომის ფონზე, ნეიტრალური ფინეთის NATO–ში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა
07/04/2022 08:02:16 ევროპა, მსოფლიო
ფინეთის ოფიცერთა ასოციაციის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა სწრაფად იზრდება.
ფინეთის ოფიცერთა ასოციაცია არის პროფკავშირი, რომლის წევრია ფინეთის არმიის თითქმის ყველა ოფიცერი. ასოციაცია რეგულარულად ატარებს გამოკითხვებს თავის წევრებს შორის, მათ შორის ნატო–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ტრადიციულად, ოფიცრებს შორის ალიანსში გაწევრიანების იდეის მხარდაჭერის დონე უფრო მაღალი იყო, ვიდრე ზოგადად ქვეყანაში, თუმცა ბოლო თვეებში ვითარება შეიცვალა.
წინა გამოკითხვის მიხედვით, რომელიც 2021 წლის ნოემბერში ჩატარდა, ნატო–ს წევრობისადმი მხარდაჭერა ფინელი ოფიცრების 65%-მა დააფიქსირა. ხოლო ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამ იდეას უკვე მხარს ოფიცრების 91% უჭერს.
ამასთან, გამოკითხულთა მესამედმა განაცხადა, რომ მათი დამოკიდებულება ნატო–ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეიცვალა.
„უკრაინის ომის გამო მოსალოდნელი იყო, რომ ნატო–ში გაწევრიანების მხარდაჭერა გაიზრდებოდა. თუმცა, წინა გამოკითხვებშიც რუსული საფრთხე ყველაზე დიდ გამოწვევად ითვლებოდა. რა თქმა უნდა, ოფიცრები უფრო სამხედრო ოპერაციებზე ფიქრობენ, ვიდრე პოლიტიკაზე“, - განაცხადა ოფიცერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ლეიტენანტმა პოლ ვიტამ.
მისი თქმით, ოფიცრები დარწმუნებულნი არიან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაში, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ნატო მხოლოდ გააძლიერებს მას.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის ფონზე, ფინეთში ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა (სექტემბერში 25% უჭერდა მხარს, სადღეისოდ – 62%) და სამუშაო ჯგუფი საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით იკვლევს გზებს ეროვნული უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მათ შორის ნატო–ში შესაძლო გაწევრიანების კუთხით.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ უნდა იქნას მიღებული სწრაფად, უმჯობესია, ამ გაზაფხულზე.
28 მარტს ფინეთის პრეზიდენტმა საული ნინოსტიომ ნატო–ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან განიხილა ალიანსში ახალი წევრების მიღების „პრინციპები და პროცედურები“. რუსეთი „საპასუხო ზომებით“ იმუქრება.