
დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ ხელშეკრულება გააფორმეს თავდაცვის, ვაჭრობისა და მიგრაციის საკითხებზე
18/07/2025 01:44:00 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა 17 ივლისს ლონდონში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ეხება კავშირების განმტკიცებას თავდაცვის სფეროში და სამართალდამცავთა შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ლა-მანშის სრუტის გამოყენებით ადამიანთა ტრეფიკინგის აღსაკვეთად.
"ეს ისტორიული დღეა გერმანიისა და ბრიტანეთის ურთიერთობაში", - განაცხადა მერცმა, რომელიც მაისში კანცლერის უფლებამოსილების განხორციელების დაწყების შემდეგ, პირველად ჩავიდა დიდ ბრიტანეთში. "ჩვენ გვსურს უფრო მეტად ვითანამშრომლოთ, განსაკუთრებით მას მერე, რაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს გამოეყო", - დასძენს მერცი.
სტარმერის თქმით, ხელშეკრულება წარმოადგენს "მიზანსწრაფვის, ჩვენი ამბიციის განაცხადს - რომ უფრო მეტად ვითანამშრომლებთ".
ხელშეკრულება ეფუძნება დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის შარშან გაფორმებულ პაქტს თავდაცვის სფეროში - რომელშიც ნათქვამია, რომ ორი ქვეყანა უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს რუსეთის მხრიდან მომდინარე, მზარდი საფრთხის მოსაგერიებლად. დიდი ბრიტანეთი და გერმანია უკრაინის ყველაზე ძლიერ ევროპელ მხარდამჭერ სახელმწიფოებს შორის არიან.